რას ეძებენ "ჯეოსელში" – უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკურ სკანდალს - კვირის პალიტრა

რას ეძებენ "ჯეოსელში" – უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკურ სკანდალს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა ამა თუ იმ მსხვილ კომპანიაში ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს. გამონაკლისი არც "ჯეოსელია" –ამ კომპანიაში საგამოძიებო სამსახური 13 თებერვალს შევიდა.

მაგალითად, დასავლურ ქვეყნებში საზოგადოება დაკმაყოფილდებოდა ოფიციალური უწყების განმარტებით და დაელოდებოდა გამოძიების შედეგებს. თუმცა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც საზოგადოება დაეჩვია, კონკრეტული ამბის უკან ოფიციალურთან ერთად, არაოფიციალური ქვედინებებიც დაინახოს.

ამას ზოგჯერ ხელს სახელმწიფო უწყებებიც უწყობენ. მაგალითად, საგამოძიებო სამსახურს "ჯეოსელში" შესვლისას, მაშინვე რომ გაეკეთებინა განმარტება, არაოფიციალური ვერსიების გაჩენას ხელი აღარ შეეწყობოდა. თუმცა ეს უწყება კარგა ხანს დუმდა და როდის, როდის განაცხადა – საქმე დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ეხებაო (სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლი).

დღევანდელი მდგომარეობით, "ჯეოსელში" საგამოძიებო სამსახური მუშაობას აგრძელებს. რაიმე ახალს ვერც კომპანიაში ამბობენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაუზამ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლიდან ოფიციალური განმარტების გაკეთებამდე, სხვადასხვა ვერსიების გავრცელებას შეუწყო ხელი.

მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლა ე.წ. სატელეფონო მოსმენების საკითხს უკავშირდება. ამ ვერსიის მომხრეებს "მოწმედ" მოჰყავთ 2013 წლის ოქტომბერში უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას 21 000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა, რომელთაგან ერთი მესამედი "ჯეოსელის" აბონენტია. ზემოხსენებული ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ – ხელისუფლებას ეჭვი შეეპარა იმაში, რომ შესაძლოა, კომპანიის მფლობელობაში არსებული მოსასმენი აღჭურვილობა მათი მიყურადებისთვისაც ყოფილიყო გამოყენებული და იქ საგამოძიებო სამსახური შეუშვესო.

ვრცელდება სხვა ვერსიაც. მისი მიხედვით, კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლა იმას უკავშირდება, რომ "ჯეოსელმა" დაკარგა ხელისუფლების ფავორიტი კომპანიის სტატუსი. ამ ვერსიის მომხრეების მტკიცებით, სახელმწიფო უწყებებმა 2013 წელს "ჯეოსელთან" კორპორატიულ თანამშრომლობაზე უარი თქვეს და ახლა კონკურენტების "ჩაწოდებით" მისი პრესინგიც დაიწყესო.

ასეთი ვერსიების გავრცელება (განსაკუთრებით ბოლო) ხელისუფლების წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს (თავისთავად, არც კომპანიისას). ამიტომაც საზოგადოებაში თუ მედიაში კითხვები რომ არ დარჩეს, საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტებით უნდა ისაუბროს.

ვიმეორებთ – თავიდანვე რომ განეცხადებინა საგამოძიებო სამსახურს: ამა და ამ მუხლით, ამა და ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო კომპანიის შემოწმებაო, აჟიოტაჟი აღარ ატყდებოდა. განმარტების გაკეთებას წინ არაფერი უდგას – ბოლოს და ბოლოს, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაა და არა სამხედრო ობიექტი. თუ რაღაც "სასწაულთან" გვაქვს საქმე და "არ ითქმის", განეცხადებინათ, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო საიდუმლოებასთან და შემდეგ, საზოგადოება და მედია ვიმსჯელებდით – მისაღები იყო თუ არა ეს არგუმენტი.

ასევე, თუ "ჯეოსელს" მართლაც აღმოუჩინეს გადასახადების დამალვის ფაქტი, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გახადონ საჯარო, რათა კვლავ არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ხოლო თუ შემოწმება უშედეგოდ დასრულდა, საჯარო უნდა გახდეს ინფორმაცია – რა არგუმენტების საფუძველზე შევიდნენ კომპანიაში.

ეს საჭიროა იმისთვის, რათა არ დარჩეს განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავისი წინამორბედის სტილით მოქმედებს, როცა საგამოძიებო სამსახური ობიექტური კონტროლის კი არა, დასჯის მექანიზმი იყო.

საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტურად თუ დაადასტურა, რომ კომპანია გადასახადებს მალავდა, ეს "ჯეოსელის" იმიჯს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ხოლო თუ ზემოხსენებული ვერსიების სიმართლესთან შესაბამისობა გამოიკვეთა, საკმაოდ დიდ პოლიტიკურ სკანდალს უნდა ველოდოთ.

გიორგი კვიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)