კობა ხაბაზი: "საქართველოს ჩემზე სიცილიც ჯოჯოხეთად დაუბრუნდება!" - კვირის პალიტრა

კობა ხაბაზი: "საქართველოს ჩემზე სიცილიც ჯოჯოხეთად დაუბრუნდება!"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას აფრთხილებს, პოლიტიკური ანგარიშწორება შეწყვიტოს, სანამ "ქარიშხალი დატყდომიათ თავს". საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ხაბაზის განცხადება მუქარად აღიქვა, ზოგიც გავრცელებულმა ვიდეომ ისევე გაამხიარულა, როგორც ერთ დროს გურამ პეტრიაშვილის სიტყვებმა, რომელიც ირინა სარიშვილს მოლანდებით ემუქრებოდა. ჩვენ თავად ბატონ კობას დავუკავშირდით:

- თქვენი მიმართვა ზოგმა მუქარად აღიქვა, ბევრიც ხალისის ხასიათზე დადგა. რატომ გადაწყვიტეთ, პროტესტი ამ ფორმით გამოგეხატათ?

- "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწევა, რისთვისაც სწორედაც რომ ქარიშხალს მოიმკის. ქვეყანა უკან-უკან მიდის და დარწმუნებული ვარ, წარსულ უბედურებაში დაბრუნებას არავის აპატიებს ქართველი ხალხი. აქტიურდება ქუჩის საძმოები, გახშირდა ადამიანების დაუთოვება, პატარა ბავშვების დაბმა და დედების შეურაცხყოფა. არ მითხრას ვინმემ, კრიმინალი არ გაზრდილაო, თორემ ძალიან მწარედ გავიცინებ.

- თქვენმა ვიდეო მიმართვამ ბევრი გაამხიარულა, გურამ პეტრიაშვილსაც გადარებენ, რომელიც ოპონენტებს მოლანდებით ემუქრებოდა...

- სასაცილო არ არის ეს ამბავი. პეტრიაშვილი იმ ვიდეოში ამბობს, რომ ხელისუფლების გადავარდნის შემთხვევაში ქალაქი ქალაქს გადაეკიდება, რაიონი რაიონს და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიანო. მეც გამეცინა მაშინ, როცა გაიძახოდა, მოგელანდებითო, მაგრამ რაც თქვა, ძალიან ცუდად აუხდა საქართველოს. ხუმრობას ჯობია, მოუსმინონ მის მიმართვას, ისტორიას გადაავლონ თვალი და მერწმუნეთ, აღარავის გაეცინება ისევე, როგორც მე არ მეცინება დღეს. საქართველოს ჩემზე სიცილიც ჯოჯოხეთად დაუბრუნდება და არ მინდა, ისევ ჯოჯოხეთში აღმოჩნდეს ჩემი ქვეყანა.

- ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი მიუღებელია თქვენთვის და თქვენი პარტიისთვის. საუბრობთ, რომ პოლიტიკურ ანგარიშწორებას ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად რა საკითხებში არ ეთანხმებით პროკურატურის პოზიციას?

- ეს იყო ყველაზე სამარცხვინო პროცესი. ყოფილი მაღალჩინოსანი გაასამართლეს იმისთვის, რომ ადამიანები დაასაქმა. ვანო პირველად საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დააკავეს, რამაც ზიანი მიაყენა ჩვენს პარტიას, დღეს კი თვითმართველობის არჩევნები მოდის და უკვე განაჩენი გამოუტანეს. რათქმაუნდა, ეს სწორედ პოლიტიკური ანგარიშწორებაა. მოსამართლეს, როცა ვანოს განაჩენს კითხულობდა, ხმა აუკანკალდა, ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. ღარიბაშვილს და ივანიშვილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირი" ჰგონიათ, როცა ერთ აქტივისტს, ან ლიდერს აპატიმრებ და პარტია იშლება. სწორედ ეს იყო ჩემი განცხადების ძირითადი შინაარსი, რასაც თქვენთანაც გავიმეორებ; აზრი არ აქვს არავის დაპატიმრებას. ერთს დაიჭერენ ორი მოვალთ მის ადგილზე, მათაც თუ დაიჭერენ უფრო მეტი მოვალთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან საქართველოა.

- ხმამაღლი ნათქვამი ხომ არ არის, ხალხის სახელით რომ საუბრობთ? განა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ ხალხმა არ თქვა თქვენზე უარი?

- "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხებამ აჩვენა ძალიან მარტივი რამ: მუდმივად არავინ რჩება ხელისუფლებაში. ჩემი მოწოდებაც სწორედ ეს იყო, ნუ დათესავენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა ქარიშხალს მოიმკიან და ეს მუქარად კი არა, რეალობად ექცევა ხელისუფლებას ძალიან მალე.

- პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში თქვენს პარტიასაც სდებენ ბრალს. როგორ ფიქრობთ, ლეგიტიმურად უნდა აღიქვას საზოგადოებამ თქვენი მოწოდება?

- ჩვენ დროს პოლიტიკურ ლიდერებზე არანაირი დევნა არ ხორციელდებოდა. თუ ეს ასე იყო, რატომ არ დავიჭირეთ ნინო ბურჯანაძე და სხვა პოლიტიკური ლიდერები? ჩვენი დროს პოლიტიკური ლიდერები მართლა დამნაშავეები იყვნენ, თუმცა ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ეს გევალება პოლიტიკოსს და ამიტომაც არ დავიჭირეთ. თუ ვინმეს დაჭერა ქვეყანას დააზარალებს, არ უნდა დაიჭირო. დამნაშავე იყო ასლან აბაშიძე, დამნაშავე იყო ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ციხეში არცერთი არ გამოგვიკეტავს.

- საზოგადოების მოთხოვნაა, რომ სამართლიანობა აღდგეს, ხელისუფლებაც ამით ხელმძღვანელობს...

- მსგავსი ანეგდოტური და სასაცილო ხელისუფლება არც მინახავს და არც გამიგია. რაღაც უმსგავსო კადრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და გონიათ, რომ იგივე მეთოდებით შეძლებენ ქვეყნის მართვას. ესენი აუცილებლად ცუდად დაასრულებენ. შეიძლება, კიდევ სხვა რაღაცეები გამოიგონოს ამ ხელისუფლებამ, ამჯერად შეიძლება კადრები არ იყოს, მაგრამ შეიძლება, ვიღაცის გვამი ამოთხარონ. ბაჩანა ახალაიასაც არ მგონია შემთხვევით ეთქვა, მკვდარს იპოვიან და მე დამაბრალებენო. ამით ცდილობენ არშესრულებული დაპირებების და ქვეყანაში რთული მდგომარეობის გადაფარვას, რასაც მერწმუნეთ, დიდხანს ვერ მოახერხებენ.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)