"ზურა აქციებზე არასოდეს წავიდოდა"- რას შეეწირა კიევში გარდაცვლილი ქართველის სიცოცხლე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ზურა აქციებზე არასოდეს წავიდოდა"- რას შეეწირა კიევში გარდაცვლილი ქართველის სიცოცხლე (ექსკლუზივი)

კიევში, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 25 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ორი ქართველი. ერთი მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ხურციაა, ხოლო დაღუპული ქალბატონის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, 54 წლის, ქართველის ზურაბ ხურციას (სურათზე). ახლობლების თქმით, ის გაგრელია. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კიევში ცხოვრობდა და ღვინის ბიზნესი ჰქონდა.

ელენე ქარჩავა, ზურაბ ხურციას ნათესავი:

- დედამისისგან ვიცი, რომ ბოლო დროს ავადმყოფობდა. დიაბეტი ჰქონდა... ზურა გაგრელია. ჩემი მეუღლის ნათლულია. ოჯახი, ანუ ცოლ-შვილი არ ჰყავს. ბოლო ორი წელია კიევში ცხოვრობს. დევნილობის შემდეგ, გარკვული პერიოდი სენაკში, მამისეულ ოჯახში დაბრუნდა. შემდეგ, რუსეთში წავიდა და იქ ღვინის ბიზნესი ჰქონდა. მაგრამ სავარაუდოდ, პარტნიორმა უღალატა და ბიზნესი ჩავარდა. იქიდან კი კიევში ჩასულა, სადა საქმე ნორმალურად აეწყო. ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ არ ჩავთვლით...

- ოჯახი სენაკში ცხოვრობს?

- დიახ, დედამისი და მისი ძმა, მერაბი ცოლ-შვილთან ერთად სენაკში ცხოვრობენ. დედამისი კი ნერვიულობდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ზურა აქციებზე არ დადიოდა და არც არასდროს წავიდოდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, მეტროდან ამოდიოდა და ხალხის ტალღაში მოჰყვა. შემდეგ კი, გარდაცვლილი იპოვეს...

- არ ვიცი, სავარაუდოდ, ჭყლეტვაში მოჰყვა და კომაში ჩავარდა. უკრაინელი გამომძიებლის თქმით, გარდაცვლილის ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ჩვენ კიევში ზურას ქართველ მეგობართან დაკავშირება შევძელით...

თემური, 43 წლის:

- გუშინ ვესაუბრე მობილურით. საქმიანი საუბარი გვქონდა. ცოტა ხანში სახლში წავალო, მითხრა. ქუჩები გადაკეტილია და მანქანებით გააადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთადერთი ტრანსპორტი მეტროა და თითქმის მთელი კიევი ამ ტრანსპორტით გადაადგილდება. ამიტომ უნდა ნახოთ, იქ რა ხდება, ნემსს ვერ ჩააგდებ. ეტყობა, სწორედ მეტროდან გამოსულმა ხალხის ჯგრომ გადათელა... ზურა მეტროსადგურ "ხრეშატნიკთან" იპოვეს, მასთან ერთად იყო ქართველი ქალიც, მაგრამ ვინ არის, არ ვიცი. ეტყობა, საერთო ნაცნობებიდან არ არ არის, თორემ გავიგებდი... ამბობენ, რომ ძალადობის კვალი არ ეტყობათ. ნამდვილად ვიცი, რომ ზურა აქციებზე არ დადიოდა. მე მერამდენე დღეა "მაიდანზე" ვდგავარ, მაგრამ ზურას არ ჰქონდა ისეთი ჯანმრთელობა, ქუჩაში დგომისა და აქაური მკაცრი ზამთრის პირობებისთვის გაეძლო. ისიც ძალიან განიცდიდა აქ მიმდინარე მოვლენებს. წუხელ "ბეტეერი" დაწვეს. ეს არ არის არეულობა, ეს ომია, რუსეთსა და უკრაინას შორის.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)