აკაკი ბობოხიძე: "არ ველოდი, "გაიშნიკი" ცაგარეიშვილისგან კაცი თუ დადგებოდა" - კვირის პალიტრა

აკაკი ბობოხიძე: "არ ველოდი, "გაიშნიკი" ცაგარეიშვილისგან კაცი თუ დადგებოდა"

"როდესაც ცაგარეიშვილი გამოდის და სირობებს ლაპარაკობს, უსუფაშვილს ევალება, რეაქცია ქონდეს ამაზე"

"მაგ თაობის "გაიშნიკებს" ფულის ხელში მიცემის ღირსადაც არ აგდებდნენ - რკინის ოცთეთრიანს დაახვევდნენ ლარიანში, ქარს რომ არ წაეღო და ფანჯრიდან უგდებდნენ"

მუშტი-კრივი ქართულ პოლიტიკაში ხშირად გვინახავს, დღეს კი პარლამენტში მორიგი დუელის მომსწრე გავხდით. ამჯერად დაპირისპირების მიზეზი უმრავლესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის გამოსვლა გახდა. დეპუტატმა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობებზე გაამახვილა ყურადღება. ცაგარეიშვილის რადიკალურმა ტონმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მძიმეწონოსანი, აკაკი ბობოხიძე გააღიზიანა, რომელმაც ცაგარეიშვილს დასცინა, რასაც ამ უკანასკნელმა პლასტმასის ბოთლის ტყორცნით უპასუხა. კონფლიქტის მიზეზებზე "კვირის პალიტრა" აკაკი ბობოხიძეს გაესაუბრა, მორალურად "დაზარალებულ" გია ცაგარეიშვილთან დაკავშირება კი ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

- არც ვიცი, რამ გააბრაზა ცაგარეიშვილი. უბრალოდ მივესალმე იმ ფაქტს, რომ ცაგარეიშვილი თანდათან კაცდება და უფრო სერიოზულდება. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, "გაიშნიკი" კაცი თუ დადგებოდა. საბედნიეროდ, შედეგი სახეზეა და ნელ-ნელა შეიძლება ღირსეულ კაცადაც ჩამოყალიბდეს. ცოტა გაუგებარი დარჩა ჩემთვის, რამ აღაშფოთა, ალბათ ჯერ კიდევ ყმაწვილი გონია თავი და დაკაცება არ უნდა, არადა, გვიანიცაა უკვე.

- რატომ უთხარით ასეთი სიტყვები, სად გინახავთ ცაგარეიშვილის ტირილი?

- რას ლაპარაკობთ, მთელი დღე და მოსწრება ცაგარეიშვილი ტირილ-ქვითინით ლაპარაკობდა და სათქმელს ცრემლებით ამბობდა. დღეს კაცივით ლაპარაკობდა, სიმართლე გითხრათ, მომეწონა მისი შემართება.

- აშკარად მის პროვოცირებას ცდილობდით, თუმცა თავად სიმშვიდეს ინარჩუნებდით...

- ცაგარეიშვილი ღირს იმად, რომ რამეზე აანერვიულო? სინამდვილეში პარლამენტის თავმჯდომარე მივახვედრე, როდესაც ცაგარეიშვილი გამოდის და სირობებს ლაპარაკობს, მას ევალება, რეაქცია ქონდეს ამაზე. დღესაც, როგორც ყოველთვის, ცაგარეიშვილი რაღაც სისულელეებს ბლანდავდა, თითქოს ხალხს სადარბაზოებში ახრჩობდა "ნაციონალური მოძრაობა", კოკა-კოლას ბოთლში სისხლს ვასხამდით და მერე ვსვამდით. ასეთი სისულელეების საუბრის დროს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიხვდეს, რომ ამეების მოლაპარაკე ბრიყვს პასუხს გაცემენ. თუ უსუფაშვილი მართლა აპირებს წესრიგი დაამყაროს პარლამენტში, მაშინ მწივანა და მკივანა დეპუტატებს შენიშვნები თავადვე მისცეს. დღეს უსუფაშვილმა მითხრა, რომ თურმე ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა კონკრეტულ თემას, მაშინ მანამდე დაფიქრებულიყო იმაზე, რომ ცაგარეიშვილის ლაყბობაც არ ეხებოდა თემას.

- კონკრეტულად ცაგარეიშვილთან გაქვთ პრეტენზიები თუ სხვებსაც იგივე პასუხს გასცემდით?

- ყველა პასუხს მიიღებს მერწმუნეთ. უბრალოდ, ცაგარეიშვილი არის იმ თაობის "გაიშნიკი", რომელსაც მძღოლები არც უჩერებდნენ, ფული ხელში რომ მიეცათ. უბრალოდ, რკინის ოცთეთრიანს დაახვევდნენ ლარიანში, ქარს რომ არ წაეღო და ფანჯრიდან უგდებდნენ.

- დღეს რატომღაც ძალიან თავშეკავებული ჩანდით, მუშტი-კრივზე არ გადასულხართ. რატომ?

- არავის ვუქნევ პირველი მუჭს, ყოველთვის ველოდები, რომ სხვამ გააქნიოს. თავს იმიტომ ვიკავებ, რომ მერე მე გამოვდივარ ხულიგანი, მუშტებზე მაყურებელი და ასე შემდეგ. ჯერ სხვას ველოდები ვინც არ უნდა იყოს, გამოიქნიოს ხელი და ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებს.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)