მიხეილ ქარელი: "ოქრუაშვილი მზად იყო, პირადი ინტერესების სანაცვლოდ სამშობლოც კი გაეყიდა" - კვირის პალიტრა

მიხეილ ქარელი: "ოქრუაშვილი მზად იყო, პირადი ინტერესების სანაცვლოდ სამშობლოც კი გაეყიდა"

"ოქრუაშვილისთვის მეგობრობა არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მეგობარი უბრალო ნივთია"

"ოქრუაშვილი ლაჩარია. ამბობდა,  მოვა დრო, სააკაშვილს თვალებში ჩავხედავო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო"

"ოქრუაშვილმა მთხოვა, არ მიმეტოვებინა. სააკაშვილმა თავად დამირეკა, - გუბერნატორად დაგნიშნავო."

ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ ქარელმა მის მობილურზე მისული მუქარის შემცველი მესიჯი გაასაჯაროვა. ყოფილი ჩინოსანი ირწმუნება, რომ შეტყობინება რუსეთიდან, კერძოდ +7 925 230 04 73 ნომრიდან არის გამოგზავნილი. ტექსტის შინაარსი კი ასეთია: "კარგად წაიკითხე და დაფიქრდი, რასაც გწერთ. 1. თუ ოდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით, ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ, შენს სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ, აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი, ჰოდა, ნუ აჰყვები იმ ვოლკს, თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ, თუ არასწორად იფიქრებ. არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი".

მეტი დეტალებისთვის ყოფილ გუბერნატორს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- ბატონო მიხეილ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაგემუქრათ. იქნებ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ, რა დავაა თქვენ შორის?

- ჩვენი უთანხმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რის საფუძველიც ოქრუაშვილის უღირსი ქმედებები იყო.  ამ ადამიანს არ შეუძლია რეალობის აღქმა. ყოველთვის მზად იყო, პირადი ინტერესების სანაცვლოდ სამშობლოც კი გაეყიდა. ოქრუაშვილის სიბეცით ათეულობით ადამიანი იქცა დევნილად და ათეულობით ადამიანი მოხვდა ციხეში, რომლებიც არც იქ მოუკითხავს და ციხიდან რომ გამოვიდნენ, მაშინაც არ დაურეკავს. ეს ადამიანები ნაწამები არიან, მათ დენზე აერთებდნენ, ჯანმრთელობა შერყეული აქვთ და საჭიროებენ მკურნალობას. ეს ბიჭები ცდილობდნენ ოქრუაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ის თავს არიდებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ 40 ოჯახს ინახავდა, რაც სრული სიცრუეა. დაასახელოს ერთი ოჯახი მაინც, ვისაც ის ინახავდა, გარდა მის გარშემო მყოფი კრიმინალური ბანდისა, რომელთა გამოყენებით საკუთარი ბინძური მიზნების რეალიზებას ახდენდა. ოქრუაშვილისთვის მეგობრობა არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მეგობარი უბრალო ნივთია. ეს "ნივთი" თუ კი ოდესმე დაზიანდა მისი უგუნური საქციელით და თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მისთვის ღირებული აღარაა და მოშორებაზე ფიქრობს.

***

- რა გარანტია არსებობს, რომ ოქრუაშვილმა მუქარა სისრულეში არ მოიყვანოს?

- უშუალოდ ოქრუაშვილი ამას ვერ შეძლებს, რადგან ლაჩარია. ამბობდა, - მოვა დრო, სააკაშვილს თვალებში ჩავხედავო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მეტიც, საქართველოში დაბრუნებულმა ოქრუაშვილმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი განცხადების გაკეთებაც კი ვერ გაბედა. ახალი ხელისუფლების მიმართ უმადურმა ოქრუაშვილმა კი მადლიერების ნაცვლად, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცა, ირონია არ დაიშურა.

- ყველამ იცის, როგორი კარგი ურთიერთობა იყო თქვენ შორის. თქვენს კარიერულ წინსვლას ოქრუაშვილთან თქვენს მეგობრობას უკავშირებდნენ, ხომ ასე იყო რეალურად?

ოქრუაშვილი იმდენად დახვეწილად თამაშობდა ფარისევლის როლს, რომ ამის შესახებ საფრანგეთში შევიტყვე. ჩემზე და ჩემი მეგობრების მხრებზე გადავიდა მისი გადეპუტატება, როდესაც 2003 წელს გორის მაჟორიტარი გახდა. არჩევნების დამთავრების შემდეგ საფრაგეთში ვაპირებდი წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ რევოლუცია მოხდა, ოქრუაშვილმა მთხოვა, არ მიმეტოვებინა. სააკაშვილმა თავად დამირეკა, - გუბერნატორად დაგნიშნავო. ეს გახდა ჩემი საქართველოში დარჩენის მიზეზი. ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა.

- საფრანგეთში რას საქმიანობთ? როგორია თქვენი ერთი დღე?

- ვცხოვრობ პარიზში, ამჟამად ვსწავლობ. ვცხოვრობ ზუსტად ისევე, როგორც სხვა ემიგრანტები. საკუთარი შრომით ვირჩენ თავს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარიზში ფუფუნებით ვცხოვრობ, ძალიან ცდება. მუდმივი სამსახურიც კი არ მაქვს.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.