ვლადიმირ ოგრიზკო ევროპას: "ყოფილი იუგოსლავია ბავშვურ გართობად მოგეჩვენებათ. თქვენ ჯერ არ იცნობთ უკრაინელებს!" - კვირის პალიტრა

ვლადიმირ ოგრიზკო ევროპას: "ყოფილი იუგოსლავია ბავშვურ გართობად მოგეჩვენებათ. თქვენ ჯერ არ იცნობთ უკრაინელებს!"

"ევროკავშირისა და აშშ-ის ჩაურევლობის პოლიტიკა აშკარა ღალატად გამოიყურება"

"უკრაინელების დაცინვა - ეს თქვენი მიზანია?"

"რა ღირს დღესდღეობით "ევროპული ოცნება"? თუ ეს კრემლს უნდა ვკითხოთ? იქნებ, ახლა მაინც იმოქმედოთ?"

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ ოგრიზკო აშკარა ღალატს უწოდებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში. ამის შესახებ ოგრიზკო საკუთარ ბლოგზე წერს, რომელსაც "უკრაინსკაია პრავდა" აქვეყნებს.

"ევროკავშირისა და აშშ-ის ჩაურევლობის პოლიტიკა უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერების, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური შანტაჟისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთიდან დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის ფონზე, აშკარა ღალატად გამოიყურება", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

ამასთან, ვლადიმერ ოგრიზკო აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკოსები ლამაზ განცხადებებს აკეთებენ, იღებენ სწორ დეკლარაციებს, მაგრამ კრემლის რეჟიმისთვის ეს ცარიელი ხმაა, რადგან მათ მხოლოდ ძალისა და კონკრეტული ქმედებების ენა ესმით.

"ამ მდგომარეობაში სწორედ თქვენი ეს უმოქმედეობა ხელ-ფეხს უხსნის მათ. ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და გააგრძელებენ უკრაინელების დაცინვას. თუ ეს თქვენი მიზანია?", - წერს ვლადიმერ ოგრიზკო.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ინტერესდება, თუ რატომ არ მიიღო ევროკავშირისა და აშშ-ის ხელისუფლებამ აქამდე სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ახალგაზრების ცემის, დიქტატორული კანონების გამოყენებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სროლის ბრძანება გასცა.

"თუ ეს თქვენი ღირებულებები აღარ არის. ან იქნება უკვე მიაღწიეთ ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან უკრაინაზე პროტექტორატის თაობაზე. თუ ეს ასეა, იცოდეთ, არაფერი გამოგივათ! სამაგიეროდ, ევროპაში საფრთხის ისეთ წყაროს მიიღებთ, რომლის ფონზეც ყოფილი იუგოსლავია ბავშვურ გართობად მოგეჩვენებათ. თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ უკრაინელებს!" - წერს ვლადიმერ ოგრიზკო.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ორი შედეგი მიიღება – ევროპული იდეების რეალური კრახი და ახალი ამაზრზენი აღმოსავლეთ იმპერია, რომელიც საბოლოოდ შთანთქავს აშშ-ისა და ევროკავშირს.

"გაიღვიძეთ! გაიხსენეთ თქვენი მორალური ვალდებულებები უკრაინელების წინაშე რუსული გენოციდის გამო – გოლოდომორი 1932-1933 წლებში, როცა თქვენმა წინაპრებმა ყველაფრის შესახებ იცოდნენ, მაგრამ დუმდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, მილიონობით უკრაინელის მსხვერპლის დროს, როცა ორმა დესპოტმა ორჯერ გადაწვა უკრაინის მიწა, კომუნიზმის გასამართლება და დასჯა თქვენს წინაპრებს "რატომღაც" დაავიწყდათ. თქვენთვის ასე უფრო მოსახერხებელია? მაგრამ უკრაინელები აღარ გაჩუმდებიან. ჩვენ ვილაპარაკებთ სიმართლეს, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ის თქვენთვის. იქნებ ამან გააღვიძოს თქვენი მძინარე სინდისი. თქვენ კი თქვენი ქმედებებით ანაც უმოქმედობით დაამტკიცეთ – მართლაც არსებობს თუ არა ღირებულებები, რისთვისაც შეგიძლიათ ბრძოლა, თუ რეალურად ეს ბლეფი და უზნეობაა. მაშ, რა ღირს დღესდღეობით "ევროპული ოცნება"? თუ ეს კრემლს უნდა ვკითხოთ? იქნებ, ახლა მაინც იმოქმედოთ?" - წერს ვლადიმერ ოგრიზკო.