უკრაინული ბეწვის ხიდი - კვირის პალიტრა

უკრაინული ბეწვის ხიდი

ქართველი მომიტინგეები კიევიდან

სამოქალაქო ომისა და დაშლის ზღვარზე

"ხალხი პანიკაშია, ყველგან შიშით გამოწვეული ფსიქოზი მეფობს"

"პირველად ვნახე ადამიანის სიკვდილი... ხელში მეჭირა მისი ხელი... უცებ გაცივდა და თვალები ღია დარჩა"

უკრაინაში ახლა გლოვის და ზავის დრო დგას. კიევის ქუჩებში თანდათან სიმშვიდე ისადგურებს, მაგრამ როგორც აქაურები ამბობენ, ჯერ კიდევ იგრძნობა ომის სუნი.

"კვირის პალიტრა" უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა, რომლებიც ამ ყველაფრის თვითმხილველები არიან.

სანდრა გლურჯიძე, კიეველი ქართველი: - საშინელი ამბების მომსწრე ვარ, რომელთაც, ალბათ, შვილებს მოვუყვები, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ისეთ ბედნიერ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, რომ ამ საშინელების დაჯერება გაუჭირდებათ. ხალხი პანიკაშია, ყველგან შიშით გამოწვეული ფსიქოზი მეფობს. მე სოლომენსკაიას მოედანზე ვცხოვრობ, სამხედრო აკადემიისა და სამხედრო ნაწილის მეზობლად. ყველგან ავტობუსები და უამრავი ხალხია.

უმძიმესი ვითარებაა. ბანკომატებში ფული გაქრა, მაღაზიებსა და ავტოგასამართ სადგურებზე ტერმინალებით აღარ გემსახურებიან, მხოლოდ ნაღდ ფულს იღებენ. ხალხი ბანკებში ანგარიშებს ხურავს, ფული გააქვთ. აეროპორტში ბილეთი სამჯერ გაძვირდა, ტაქსიც კი, რომელშიც 20 დოლარს ვიხდიდი, 100 დოლარი ღირს. ალბათ, მაღაზიებში მალე პროდუქტი აღარ იქნება, რადგან ყველა ისტერიკულად იმარაგებს სურსათს.

არ მინდოდა, მეც იგივე გამეკეთებინა, ვცდილობდი, სუპერმარკეტში თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი მდგომარეობა გადამდებია. ისე ცუდად გავხდი, რომ ჩემს ძმას დავურეკე, აქედან წამიყვანე-მეთქი. მერე ორივემ ავტომობილის საბარგული პროდუქტით ავავსეთ. ვუყურებდით ნავაჭრს და ერთმანეთს ვეკითხებოდით: "რად გვინდა ამდენი საჭმელი?" მაგრამ მივდიოდით და კიდევ ვამატებდით, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ. ქალაქის ყველა რაიონში მუდმივად პატრულირებს მილიცია, ჯგუფებად დადიან მომიტინგეები და პროვოკატორებიც, რომლებიც მუდმივად ქმნიან საფრთხეს. კიევი ბეწვის ხიდზე ქანაობს.

19 თებერვალს, როდესაც ცეცხლი გახსნეს, იქვე ვიყავი და ყველაფერს გაქვავებული ვუყურებდი. სნაიპერები პროფკავშირების სახლის სახურავებიდან ესროდნენ ხალხს. ქალაქში შემოვიდნენ ბე-ტე-ერებიც. სპორტულტანსაცმლიანი ბანდიტები, "ტიტუშკები", ვისაც იანუკოვიჩი ფულს უხდის, "ბერკუტის" უკან დადგნენ და ხალხისკენ ყუმბარებს ისროდნენ. მომიტინგეებმა ჩათვალეს, რომ "ბერკუტმა" შეუტია და მოლოტოვის კოქტეილებით გადავიდნენ იერიშზე. ამასობაში "ტიტუშკებმა" მომიტინგეებში გადაინაცვლეს და ახლა იქიდან დაიწყეს "ბერკუტისკენ" სროლა, რათა შეტაკების პროვოცირება გამოეწვიათ. ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსებს, რომლებითაც სხვა ქალაქებიდან ჩამოიყვანეს მილიციელები, ცეცხლის ალში გახვიეს პროფკავშირების სახლიც. ესროდნენ ბე-ტე-ერებსაც. ამდენს ერთი და ორი კაცი ვერ მოახერხებდა, ნამდვილად დიდი ჯგუფი მოქმედებდა, რომელსაც, ალბათ, ძალიან დიდ ფულს უხდიან.

გამოვყავდი ჩემს ძმას სამშვიდობოს და გვესმოდა, ჩვენ ზურგს უკან როგორ ფეთქდებოდა ყუმბარები, დახოცილი და დაჭრილი ადამიანები კი ქუჩებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეყარნენ.

ახლა სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ ეს ზავი დროებითია. სამწუხაროდ, მდგომარეობა ისე იძაბება, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რეალურია. თანაც,

ძალიან ბევრი იარაღი აქვს ხალხს. სროლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ნაცნობმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მოვლენათა ეპიცენტრში იყვნენ, მითხრეს, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა - მომიტინგეებს ბევრი იარაღი აქვთო.

ვინ, რატომ, რისთვის აკეთებს ამას, ვის რაში სჭირდება ასეთი პროვოკაციები, არ ვიცი.

- თავდასხმები კვლავ ხდება...

- ღამით გარეთ გასვლა ძალიან საშიშია, "ტიტუშკები" მანქანებს ამსხვრევენ, ხალხს არბევენ, შედიან კლუბებში, სასტუმროებში და აგრესიული ყვირილით და ძალადობით შიშს და პანიკას თესავენ. განსაკუთრებით ნადირობენ და არ ინდობენ ჟურნალისტებს.

ახლა უკრაინაში მიიღეს 2004 წლის კონსტიტუცია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაათავისუფლეს იულია ტიმოშენკო და გადადგა ვიქტორ იანუკოვიჩი... იქნებ რამე შეიცვალოს და მშვიდობა დაბრუნდეს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს.

არ უყუროთ რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს, ისინი სიცრუეს გადასცემენ. უკრაინას ახლა ძალიან უჭირს...

თორნიკე ლოგუა, კიეველი ქართველი: - პროფკავშირების სახლში ვიყავით, როდესაც ძალოვანები შემოცვივდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს.

კვამლმა ბევრი გაგუდა... ამბობენ, რომ ქიმიკატებიც გამოიყენეს, რომელმაც ხალხი გათიშა... ამასობაში თავს დაგვესხნენ. უმოწყალოდ გვცემდნენ, ხალხი, სანამ შეეძლო, ეწინააღმდეგებოდა, მეც, მათ შორის. შემდეგ მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი და ორმა მეგობარმა იქიდან გამომათრია.

შენობიდან გამოსვლის დროსაც გვცემეს... მერე, მე და ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა მოვახერხეთ და გამოვიყვანეთ ერთი დაჭრილი. 60 წლისა იქნებოდა. პირველად ვნახე ადამიანის სიკვდილი. ხელში მეჭირა მისი ხელი, შემდეგ კი უცებ გაცივდა და თვალები ღია დარჩა. არ დაინდეს ძალიან მაგრად ნაცემებიც, რომელთაც მოძრაობა უჭირდათ. როდესაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა, შიგნით უამრავი აქტივისტი იყო. ზოგი ვერ გამოვიდა და დაიწვა. ზოგიც რეანიმაციაში გადაიყვანეს...

- საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

- არა... სად უნდა წავიდე - 20 წელია, აქ ვცხოვრობ. საქართველოში სახლი არ მაქვს, ჩემი სახლი სოხუმში დარჩა. ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინაც ჩემი სამშობლოა.

P.S. ვის აძლევს ხელს ქაოსი უკრაინაში? გთავაზობთ რუსი მაღალჩინოსნების კომენტარებს: "თუ უკრაინა გაიყოფა, ეს ომამდე მიგვიყვანს. უკრაინა დაკარგავს ყირიმს, რადგან ჩვენ შევალთ იქ და დავიცავთ მას, როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ. რუსეთი მზად არის, იბრძოლოს ყირიმისთვის, რათა დაიცვას მისი ეთნიკურად რუსი მოსახლეობა და ყირიმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები".

ყირიმში მოსახლეობის 60% ეთნიკური რუსია, დანარჩენები კი უკრაინელები და ყირიმელი თათრები არიან. ქვეყნის დანაწევრების საფრთხეზე ყირიმის პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვიც საუბრობს და აცხადებს, რომ საფრთხე საკმაოდ რეალურია.

კიევში ორი ქართველი დაიღუპა

უკრაინის მოვლენებს ორი ქართველი ემსხვერპლა. ერთი აფხაზეთიდან დევნილი, 54 წლის ზურაბ ხურციაა, მეორე - თბილისელი, 33 წლის დავით ყიფიანი.

ზურაბ ხურცია გაგრელია, ცოლ-შვილი არ ჰყავდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კიევში ცხოვრობდა და ღვინის ბიზნესი ჰქონდა... ზურა მეტროსადგურ "ხრეშატნიკთან" გარდაცვლილი იპოვეს... გავრცელებული ვერსიით, მეტროდან გამოსული ჭყლეტაში მოყვა და ხალხმა გადათელა...

დავით ყიფიანმა საქართველოში წლინახევრის ბიჭი დატოვა, ლაშა-გიორგი...

დათო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და კონცერტების ორგანიზებაში მონაწილეობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმუშევარი დარჩა და უკრაინაში წავიდა... უკრაინაში წასვლამდე, მეუღლესთან ერთად, თბილისში, მუხიანში ცხოვრობდა...

გიორგი, დავით ყიფიანის ნათესავი: "ბოლოს 20 თებერვალს ვესაუბრე. ქართველები ერთად იყვნენ... სროლის ხმა ისმოდა. ამბობდა: აქ უიარაღოდ, შიშველი ხელებით ვდგავართ, ჩვენ გარშემო კი სნაიპერები დაძრწიან და გვესვრიანო... ამ საუბრიდან ერთ საათში ცოცხალი აღარ იყო.

ლალი პაპასკირი