რისი "თავი აქვს" უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რისი "თავი აქვს" უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში (ექსკლუზივი)

"უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და აზერბაიჯანი უნდა გაერთიანდნენ და რუსეთს ერთიანი ფრონტით შეუტიონ"

"უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოტივაცია აკლიათ... რუსების წინააღმდეგ საბრძოლო განწყობა არ აქვთ"

რუსეთი და უკრაინა ომის ზღვარზე არიან... შეძლებენ თუ არა კიევში სიმშვიდის ბოლომდე შენარჩუნებას და როგორ აისახება მსოფლიო ლიდერების პირდაპირი თუ ირიბი განცხადებები პუტინზე, ამას უახლოეს ხანებში ვნახავთ. მანამდე კი, რა რესურსი აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ, ამის შესახებ ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი საუბრობს:

- დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი ტყვიის გავარდნა რუსეთის ინტერესებში შედის, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შედიოდა. მას ერთი სული აქვს, დაიწყოს საინფორმაციო ომი, რომ პირველმა უკრაინელებმა ისროლეს და პუტინის რუსეთი იძულებული გახდა, ყირიმში რუსეთის მოქალაქეები დაეცვა. თუმცა, მანამდე რუსეთმა თავისას მაინც მიაღწია, - თითქმის ყველა საჭირო სტრატეგიული ერთეული გადაისროლა ყირიმში. ახლა ის იმისთვის იღწვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული წესით ჩაატაროს უკრაინიდან გამოყოფაზე რეფერენდუმი ყირიმში, მარტის ბოლოსთვის და წინასწარ გასაგებია, რა შედეგიც იქნება.

თუმცა, საინფორმაციო ომი რუსეთს უკვე წაგებული აქვს, რადგან აქტიური სამხედრო მოქმედებები, მათ შორის ჯარების შეყვანა, ისე განხორციელდა, რომ უკრაინულ მხარეს არათუ უსვრია, ადგილობრივი რუსისთვის შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია. საქართველოს 2008 წლის ომისგან განსხვავებით, როდესაც 7 აგვისტოს, სახელმწიფო ტელევიზიებმა ქართული არტილერიის ცეცხლი პირდაპირ ეთერში აჩვენეს. ამიტომ რუსებმა მოგვიგეს და განაცხადეს, აი, ქართველებმა მძინარე ცხინვალს დაარტყესო...

- რაც შეეხება იმას, თუ ბრძოლამდე მივიდა საქმე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 ათასი რუსი სამხედროა ყირიმში...

- შავი ზღვის ფლოტის სამხედრო მოსამსახურები ისედაც იყვნენ დისლოცირებული ყირიმში, სევასტოპოლში, მაგრამ ისინი გამოვიდნენ თავიანთი ნაწილებიდან და სტრატეგიული პოზიციები დაიკავეს. ორი დღის წინ, ნოვოროსიისკიდან ყირიმში სასწრაფოდ გადაისროლეს მე-7 საჰაერო მოიერიშე ბრიგადა, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა. ჯერ ოჩამჩირეში გადმოჯდა, შემდეგ კი ზუგდიდში, იქიდან კი, სენაკში გადმოვიდა. ასე რომ, უკრაინის მიერ საჰაერო სივრცის დახურვა უკვე დაგვიანებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები 180 ათასამდეა, მაგრამ მათ მოტივაცია აკლიათ, რადგან სავალდებულოს ჯარისკაცები ძირითადად ნაკლებადმოტივირებულნი არიან, ანუ რუსების წინააღმდეგ საბრძოლო განწყობა არ აქვთ და უმეტესობა, უბრალოდ არ გაისვრის. მით უმეტეს, ბევრი ახალწვეული, აღმოსავლეთ უკრაინიდან არის და თავადაც რუსები არიან. ამიტომაც გადიან ყირიმის სამხედრო ნაწილებიდან და იარაღს ტოვებენ.

- უკრაინაში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი გამოცხადდა კომისარიატში...

- დიახ, მაგრამ ისინი მოხალისეები არიან და არა სამხედრო პირები. თუ რამდენიმე სამხედრო ოპერაციას არ ჩავთვლით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება არ აქვთ. კომისარიატში გამოცხადებულ მოქალაქეებს მოტივაცია აქვთ, მაგრამ სამხედრო მომზადება არა. გარდა ამისა, მეთაურობის უმეტესობა რუსები არიან. ახალმა მთავრობამ, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლად დენის ბერეზოვსკი დანიშნა, რომელიც მეორე დღესვე ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების მხარეზე გადავიდა.

- საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საქართველო რა საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს?

- ფაქტია, ყველაფერი ყირიმით არ დასრულდება. რუსეთმა თუ იქ მიაღწია თავისას, დასავლეთი კი, ისევ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლა, პუტინი აღმოსავლეთ უკრაინისკენაც იზამს პირს. ოდესაში შავი ზღვის პირასაც დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს და არ არის გამოიცხული, რომ აფხაზეთსა და ცხინვალსაც გადასწვდეს.

ასე რომ, ამ სიტუაციაში, ყველაზე სასურველი იქნებოდა, დაზარალებული მხარეები ერთად რომ დამდგარიყვნენ, ანუ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და აზერბაიჯანი რომ გაერთიანებულიყვნენ, ოთხთა კავშირი რომ შეექმნათ და ერთიანი ფრონტით შეეტიათ. ამ ქვეყნებმაც ჩვენსავით საკუთარ თავზე განიცადეს რუსეთის ანექსია. მაინცდამაინც საბრძოლო მოქმედებებს არ ვგულისხმობ, პირველ ეტაპზე პოლიტიკურ გაერთიანებაზე მაქვს საუბარი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)