"დედა მაგინა, სამსახურში მივარდება და შეურაცხყოფას მაყენებს" - ვინ უშლის ნერვებს მურმან დუმბაძეს - კვირის პალიტრა

"დედა მაგინა, სამსახურში მივარდება და შეურაცხყოფას მაყენებს" - ვინ უშლის ნერვებს მურმან დუმბაძეს

"გუშინ კახი კალაძეს მკვდარს და ცოცხალს აგინებდა ხულოში"

"ბატონი მურმანი დღეს შეშფოთებული და დაჩმორებულია."

"მოვკიდე ხელი, კარგად გავლახე გამოვაგდე იქიდან"

გასულ კვირას მედიაში მურმან დუმბაძის შვილისა და "თავისუფალი საქართველოს" წევრის მერაბ ღოღობერიძის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მუხრან დუმბაძე ღოღობერიძეს ცემით ემუქრება და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. ახალგაზრდა დუმბაძემ მუქარის ასრულება ვერ მოასწრო, სამაგიეროდ მამამ და ბიძამ შეასრულეს საკუთარი ოჯახის წევრის წადილი. ძმები დუმბაძეები ღოღობერიძეს გაუსწორდნენ. შედეგად, მურმან დუმბაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღოღობერიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნული ფაქტის შესახებ "კვირის პალიტრა" პარლამენტის ვიცე სპიკერ მურმან დუმბაძეს და "თავისუფალი საქართველოს" წევრ მერაბ ღოღობერიძეს ესაუბრა.

მურმან დუმბაძე:

- ჩემს წინააღმდეგ, გამოძიების დაწყება საკანონმდებლო შეცდომაა და მეტი არაფერი. როგორ შეიძლება, გიჟის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს? პირიქით, მე ვფიქრობ, სახელმწიფომ აქეთ უნდა დამიცვას მე ასეთი პროვოკატორებისგან.

- ხელისუფლებაში ყოფნა იმუნიტეტია? თუკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ, არ უნდა აგოთ პასუხი?

- დედა მაგინა, კაცი სამსახურში მივარდება და შეურაცხყოფას მაყენებს, სახლში მოდის და ეკლესიის მაკეტს იმიტომ წვავს, რომ გამომიწვიოს და მეზობლების წინაშე მლანძღავს. ეგ კაცი არის გიჟი, ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეთ და თქვენც დაისვენებთ და მეც, რომ ვერ მოიტანს.

- რატომ გადაგეკიდათ მაინცდამაინც თქვენ, როგორ ფიქრობთ?

- ღოღობერიძე მარტო მე კი არ გადამეკიდა, გუშინ კახი კალაძეს მკვდარს და ცოცხალს აგინებდა ხულოში. იქ დაეთრევა და პროვოკატორობს. არ ვიცი, ჩემმა ძმამ ჩასცხო თუ არა, მაგრამ ჩემმა ახლობელმა ამირან ცეცხლაძემ რომ გალახა, ეგ ვიცი. იმას ვერაფერს უბედავს და ისევ მე მომვარდა.

- რამე ძველი წყენა ხომ არ გაქვთ ერთმანეთის მიმართ?

- ერთხელ მახსოვს, ზუგდიდში აქციაზე ვიყავით, მოვიდა იქ და პოლიციის ფანჯრები ჩაამსხვრია. მოვკიდე ხელი, კარგად გავლახე გამოვაგდე იქიდან. კიდევ ვიმეორებ ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეთ მაგ კაცს და თუ მოიტანა, მე ხმას აღარ გავიღებ.

საპირისპირო მხარის არგუმენტების მოსასმენად, მერაბ ღოღობერიძესაც დავუკავშირდით:

მერაბ ღოღობერიძე:

- ეტყობა, ჩემი განცხადების შემდეგ ძალიან გაბრაზდნენ დუმბაძე და გვარნი მისი, ადგნენ და ფიზიკურად გასწორება მოისურვეს. სიტყვებისა და ხელით შეხების გარდა, ნუგზარ დუმბაძემ იარაღის სროლაც დამიპირა, მაგრამ მანქანამდე არ მიუშვეს.

- ჩვენთან საუბარში დუმბაძემ თქვა, რომ თქვენ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხართ...

- როდესაც მაგის თანაპარტიელი ვიყავი, მაშინ არ ვიყავი გიჟი? ბათუმში კარგად იციან, ვინ არის მურმან დუმბაძე და მისი ოჯახი და ვინ ვარ მე. მაგ არცხვენს მთელს აჭარას. იკითხეთ, როგორ მოიგო თურქებიდან კრედიტით აღებული მილიონნახევარი დოლარით არჩევნები. თურქები 100 დოლარს არ მოგცემენ ტყუილად და მაინტერესებს, ეს რას დაპირდა ამის სანაცვლოდ. სწორედ ამიტომ ბატონი მურმანი დღეს შეშფოთებული და დაჩმორებულია.

- დუმბაძემ მითხრა, რომ ზუგდიდში, აქციაზე მინის ჩამსხვრევის გამო გცემათ...

- რა სისულელეა. დუმბაძემ პრემიერთან ჩემზე ჭორაობა დაიწყო, თითქოს მე აჭარის თავმჯდომარის მარიონეტი ვარ. ამის შემდეგ მე ყველას შევაგინე, ჰოდა, ვინც პირში ვერაფერს მეუბნება, ზურგს უკან ჭორაობს.

- დუმბაძემ ისიც თქვა, რომ კალაძესაც აგინეთ... კალაძემ რაღა დაგიშავათ?

- ვინ ეკითხება დუმბაძეს, ვის რა ვაგინე. თავის თავს მიხედოს მაგან. რისი თქმა უნდა, მე რომ კალაძეს ვაგინე, ამიტომ თავად გამისწორდა და მაგარი ბიჭია?! ამით საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, კაი ბიჭი რომ გამოჩნდეს კალაძესთან? ეს კაცი ძველბიჭობს და საქმეებს ქუჩაში მირჩევს. ნუ ეგონება, რამეს შევარჩენ!

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)