ზურაბ ადეიშვილი: "გადავწყვიტე, "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად "თბილისის განვითარების ფონდის" ფული გამომეყენებინა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ზურაბ ადეიშვილი: "გადავწყვიტე, "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად "თბილისის განვითარების ფონდის" ფული გამომეყენებინა" (ექსკლუზივი)

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ზურაბ ადეიშვილმა იმ დანაშაულის თავის თავზე აღება გადაწყვიტა, რომელსაც სამართალდამცველები გიგი უგულავას ედავებიან. უგულავას ადვოკატმა ზურაბ ადეიშვილს ბუდაპეშტში ჩააკითხა და გამოკითხვის ოქმი შეადგინა. ოქმი უნგრეთიდან თბილისში უკვე ჩამოიტანეს და სასამართლოში წარადგინეს. ჯერ არ გადაწყვეტილა, მიეცემა თუ არა ამ ოქმს მტკიცებულების სტატუსი. თუ მოსამართლემ დოკუმენტი და დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხა მტკიცებულებად დაუშვა, ზურაბ ადეიშვილი სასამართლოში დაიკითხება, ისე, რომ მას საქართველოში ჩამოსვლაც არ მოუწევს. კერძოდ, ადეიშვილი შესაძლოა სკაიპის ან სხვა ელექტრონული საშუალებით დაკითხონ.

მანამდე კი გთავაზობთ ჩვენს მიერ მოპოვებულ გამოკითხვის ოქმს, რომელიც უნგრეთში ადვოკატმა გიზო უგლავამ შეადგინა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ხელმოწერით სასამართლოში წარადგინა.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის აქტუალობა. დაფინანსების საკითხზე ზრუნვა დავიწყე 2011 წლის მეორე ნახევრიდან. რამდენადაც, თბილისი წარმოადგენდა საარჩევნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს, თბილისის პარტიული ორგანიზაციის დაფინანსება მიმაჩნდა პირველ რიგში ამოცანად. გადავწყვიტე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის უბნის უფროსებისთვის და კოორდინატორების დაფინანსებისთვის გამოყენებული ყოფილიყო "თბილისის განვითარების ფონდის" სახსრები. 2011 წლის შემოდგომაზე, (დიდი დროის გასვლის გამო, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ,) შევხვდი "თბილისის განვითარების ფონდის" თავმჯდომარე გიორგი საბანაძეს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. მას ვუთხარი, რომ "თბილისის განვითარების ფონდის" სახსრებიდან მოეხდინა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის დაფინანსება. ამასთან, გავაფრთხილე, რომ ამის შესახებ არავისთვის, მათ შორის არც თბილისის მერისთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიგი უგულავასთვისაც არ ეთქვა. მე გიორგი საბანაძისგან მივიღე თანხმობა და მან გამოთქვა მზადყოფნა ჩემი შეთავაზებისამებრ განეხორციელებინა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის დაფინანსება. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თემაზე მე გიგი უგულავასთან არასოდეს არ მქონია საუბარი", - აღნიშნულია ადეიშვილის გამოკითხვის ოქმში.

ადეიშვილს უნგრეთში მიღებული აქვს თავშესაფარი და თუ მართლაც თავის თავზე ირებს უგულავას ბრალდებას, მას თავი ქუდში აქვს - ძნელია წარმოსადგენია, ის უნგრულმა მხარემ საქართველოს პროკურატურას გადმოსცეს.

სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადეიშვილის გამოკითხვის ოქმის დასაშვებობის საკითხიც 17 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გადაწყდება, სადაც "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე წინასასამართლო სხდომა უნდა გაგრძელდეს.

დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს გიგი უგულავას ათასობით ადამიანისთვის საარჩევნოდ ხელფასების გაცემის მოტივით, საბიუჯეტო თანხების - 50-მდე მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან. ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შეუჩერდა მას მერობის უფლებამოსილებაც.

გენადი მუშკუდიანი (სპეციალურად საიტისთვის)