"პრემიერის პასუხები ამომწურავი არ იყო... საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენას და ბრძოლას ვაპირებ!" - კვირის პალიტრა

"პრემიერის პასუხები ამომწურავი არ იყო... საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენას და ბრძოლას ვაპირებ!"

"ჩვენ პროფესიონალები გვჭირდება, შს მინისტრი კი მინიმუმ იურისტი მაინც უნდა იყოს"

"ბატონი ირაკლის მიმართ უარყოფითად განწყობილი არ გახლავართ"

"ზედმეტი დაპირებები, თითქოს აფხაზეთს და ოსეთს მშვიდობიანად დავიბრუნებთ, ტყუილია... აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია"

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრის დროს მარიამ ქობულიამ, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა დაუსვა კითხვა: კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი? ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება", - აღნიშნა სტუდენტმა. მოგვიანებით მარიამს ჩვენც გავესაუბრეთ.

- წუხხარ, რომ ხედავ ნასამართლევ გენერალურ პროკურორს, ფეხბურთელ მინისტრს... მსგავსი შემთხვევები წინა ხელისუფლების დროსაც იყო, მაგალითად, გავიხსენოთ მომღერალი გოგა ხაჩიძე...

- ხარვეზები რომ წინა ხელისუფლებაშიც იყო და ახლაც არის, ამაზე არ ვდაობთ. მაგრამ როდესაც განათლებაზე და იმაზეა საუბარი, რომ პროფესიონალები გვჭირდება, ვთვლი, რომ თითოეული და მით უმეტეს მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი თავის საქმეში პროფესიონალი უნდა იყოს. მართალია, მე არ ვარ იურისტი, მაგრამ შეიძლება, კარგად ვერკვეოდე ადამიანის უფლებებში და კანონებში. მაგრამ შს მინისტრი მინიმუმ იურისტი უნდა იყოს. ეს ჩვენი მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი. თუ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, მაშინ აზრს ზოგადად, განათლებისკენ სწრაფვაც კარგავს. გამოდის,რომ ადამიანს, თუ პროფესიონალი არ არის, მაინც შეუძლია, სხვადასხვა თანამდებობაზე უპრობლემოდ იმუშაოს.

- საერთოდ, რატომ გგონია, რომ ადამიანი, რომელიც ადრე სხვა საქმეს ემსახურებოდა, პოლიტიკაში აუცილებლად განიცდის კრახს, ან ცუდი მენეჯერი იქნება? მაგალითად, რონალდ რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული..

- უცხოური მაგალითების საფუძველზე ნუ ვიმსჯელებთ. დიდი ექსპერტი ამ საკითხში არც მე ვარ, თუმცა ვფიქრობ, ჟურნალისტებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ექიმებმა - თავიანთი, ფილოსოფოსებმა კი უნდა იფილოსოფოსონ. გამონაკლისები კი ყველაფერში შეიძლება დავუშვათ, უბრალოდ, ამან არ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე.

- ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლო კითხვის დასმით დატოვე შთაბეჭდილება, თითქოს კითხვა პროვოცირების მიზნით დასვი?

- თავისუფალი ჟურნალისტი ვარ, არ ვარ მიკერძოებული და არც პოლიტიკური ამბიციები გამაჩნია. არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში. გულწრფელად ვამბობ: არც მეგონა, ამ ყველაფერს მსგავსი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა. ბატონი ირაკლის მიმართ უარყოფითად განწყობილი არ გახლავართ, უბრალოდ, რაღაც ასე გამოვიდა.

- სოციალურ ქსელში ზოგი "მეტიჩარა სტუდენტს" გიწოდებს. შენი აზრით, რით დაიმსახურე ასეთი შეფასება?

- ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება და ამას მივესალმები. ამისთვის მომავალშიც მზად ვარ, რადგან საზოგადოებრივ ასპარესზე გამოჩენას და ბრძოლას ვაპირებ! ამიტომ, "ფეისბუქზე" დაწერილი მსგავსი კომენტარები დიდად არ მაინტერესებს.

- პრემიერ-მინისტრის პასუხით რამდენად კმაყოფილი დარჩი დღეს?

- პრემიერის პასუხები ამომწურავი არ იყო. ისე კი, პიროვნულად დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ.

- პრესკონფერენციაზე ასევე თქვი, რომ ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება წარმოუდგენელია და მოიყვანე ამერიკის მიერ ლუიზიანას შტატისა და ალასკის ყიდვის მაგალითი. რა იგულისხმე რეალურად ამ სიტყვებში? რას ფიქრობ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზე და რა გამოსავალს ხედავ ამ სიტუაციაში შენ?

- აღვნიშნე, რომ სისხლით და ბრძოლით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ორ შემთხვევაში ხდება: ან ისევ ბრძოლით, ან კიდევ - ყიდვით. ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა არ ვართ, რომელიც დაკარგულ ტერიტორიებს იყიდის. გამოსავალი არც ომშია. ასე რომ, ზედმეტი დაპირებები, თითქოს აფხაზეთს და ოსეთს მშვიდობიანად დავიბრუნებთ, ტყუილია და შეიძლება ისევ მხოლოდ პოლიტიკური დაპირება იყოს. ამის გაკეთება არც ნაციონალებს შეეძლოთ და არც "ქართულ ოცნებას" შეუძლია. აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია და დარწმუნებულიც კი ვარ, რომ მშვიდობიანი გზით ეს არ მოხდება, ამ სიტყვების სისწორეში კი დრო დაგვარწმუნებს. ისტორიულად, გაეროს მოგვარებული, გადაჭრილი კონფლიქტი ჯერ არ გვინახავს. საერთოდ თუ ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება. არ ვიცი, მომავალში თუ რამე სასწაული მოხდება, მაგრამ ამ დასკვნის გამოტანა ფაქტებისა და ისტორიიდან გამომდინარე შემიძლია: მსგავსი შემთხვევა არ არსებობს.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)