"დამისახელეთ სფერო, რომელიც მებარა და ასმაგად წარმატებული არ გახდა..." - სად მიდის გიორგი თარგამაძე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დამისახელეთ სფერო, რომელიც მებარა და ასმაგად წარმატებული არ გახდა..." - სად მიდის გიორგი თარგამაძე (ექსკლუზივი)

”აქტიურ პოლიტიურ საქმიანობას ვწყვეტ, პარტიის საქმიანობას ჩემი მეგობარი, გიორგი ახვლედიანი გაუძღვება” - აცხადებს ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” აწ უკვე თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე. "ქრისტიან-დემოკრატების" ყოფილ ლიდერს სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

"რაც შეეხება ჩემს სამომავლო საქმიანობას, ბევრ სფეროში მაქვს ცოდნა და გამოცდილება მიღებული და ამის გამოყენებას ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 40 წლის ადამიანისთვის უნიკალური და უნივერსალური სამუშაო გამოცდილება მაქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებით...

- ყველა ვერსიას განვიხილავ, რადგან ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გავაგრძელებ საქმიანობას. აქამდე მაინც პოლიტიკოსის სტატუსი მქონდა და ეს გარკვეულწილად მზღუდავდა.

- ბატონო გიორგი, რადგან თქვენს მიერ განვლილი გზა და კარიერა ახსენეთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ თქვენი და ასლან აბაშიძის ურთიერთობა. არაერთხელ ითქვა, რომ აბაშიძესთან ურთიერთობა გამოიყენეთ წარმატებული კარიერისთვის, ”ხრიკები, ინტრიგები და თარგამაძისეული მეთოდები, რითაც ეშმაკურად გააცურა ამ პატარა ბიჭმა აჭარის ლომი” - ასეც ხასიათდებოდა თქვენი აბაშიძესთან მუშაობა... როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

- ამაზე შეგიძლიათ, ასლან აბაშიძესთან ჩემი თანამშრომლობის მომსწრე ადამიანებს ესაუბროთ, რომლებსაც ყურით მოთრეული ჭორები კი არა, რეალური ინფორმაციები აქვთ... ამ ბინძური ჭორების გავრცელება ჩემი პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებში შედიოდა. ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ მათგანს გავცე პასუხი. აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ, მათთან ნათელ-მირონობა მაკავშირებს, რაზეც საჯაროდ ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან ამორალურად და არაკორექტულად მიმაჩნია, თანაც, ამის ზედმეტად ხაზგასმით, მათ უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებ...

ისე კი, იქნებ დამისახელოს ვინმემ ისეთი სფერო, რომელიც მე მებარა და ასმაგად წარმატებული არ გახდა...

- გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა. თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა და პარტიიდან თქვენი წამოსვლა ხომ არ უკავშირდება მის დაბრუნებას?

- ჩვენ ყოველთვის კარგი გვინდოდა და გვინდა ერთმანეთისთვის, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ჩვენს შორის პოლიტიკური საკითხები არ დგას.

- შემდგომ იყო ბადრი პატარკაციშვილთან თქვენი მჭიდრო ურთიერთობა და ტელეკომპანია ”იმედის” ამბები, რასაც საზოგადოებაში ასეთი შეფასებაც მოჰყვა, - ”თარგამაძის ხელწერა და აჭარაში მიღებული გამოცდილება...”

- რაც შეეხება, ”ტელეიმედს”, არა მგონია ვინმეს შემოუტრიალდეს ენა იმის სათქმელად, რომ ეს წარუმატებელი პროექტი იყო. დანარჩენს რაც შეეხება, თუ ვინმე "იმედში" ჩემი საქმიანობით კონკრეტულად დაინტერესდება, ყველა პუნქტს შემიძლია ვრცელი პასუხი გავცე.

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე მინდა გკითხოთ...

- უკვე მკითხეს, აპირებთ თუ არა მასზე შურისძიებასო, - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ არა და ჩემი წასვლის მიზეზიც მხოლოდ არჩევნებში პარტიისა და ჩემს მიერ აღებული შედეგებია. ივანიშვილთან დაკავშირებით მოკლედ ვიტყვი, რომ წარსულში ჩარჩენა არ მიყვარს და ჩემს სამომავლო გეგმებში, მისთვის სამაგიეროს გადახდა არ შედის. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)