"ეს ფოტოები აფხაზეთში რომ გადაეღო აფხაზს, მეორე დღეს ცოცხალი არ იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"ეს ფოტოები აფხაზეთში რომ გადაეღო აფხაზს, მეორე დღეს ცოცხალი არ იქნებოდა"

"კი, აფხაზეთისა და საქართველოს დროშა გვერდიგვერდ იფრიალებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს. აღიარებთ და პრობლემაც მოიხსნება - დასასვენებლადაც ჩამობრძანდით და ჩვენც ჩამოვალთ თბილისისა და სხვა ქალაქების დასათვალიერებლად... და კიდევ ერთი, ეს ფოტოები ძველია, მათი ნაწილი 2011 წელს არის გადაღებული, რომელიღაც მთაზე" - ამბობს სოხუმელი აფხაზი, 34 წლის ბაჩო კვეკვესკირი. სოციალურ ქსელში აფხაზეთში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ფოტოებზე აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები საქართველოსა და აფხაზეთის დროშებით პოზირებენ, მინაწერებით - "აფხაზეთი საქართველოა"... ამ ფოტოების გავრცელებამ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის კმაყოფილების ფონზე, აფხაზი ახალგაზრდების საყოველთაო აგრესიაც გამოიწვია. ჩვენ რამდენიმე მათგანს სოციალური ქსელის საშუალებით ვესაუბრეთ...

ბაჩო კვეკვესკირი, 34 წლის:

- 23 წელი გავიდა, რაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ არის, 23 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლად ვცდილობთ მსოფლიოში დამკვიდრებას, ძალიან გვიჭირდა; მე მახსოვს, როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს ჩემი და ჩემი და-ძმის გამოკვებაც კი. გარშემო კრიმინალი და უსამართლობა იყო. იარაღის სროლა, "იავნანასავით" ჩაგვესმოდა, და მაინც, ერთხელაც, ერთხელაც კი არ მიგვიხედია საქართველოსკენ!.. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, ისევე, როგორც თქვენ არ გინდათ საბჭოთა კავშირში დაბრუნება, ისე არ გვინდა ჩვენ თქვენთან.

კი ბატონო, ვიყოთ ერთად ეკონომიკაში, მაგრამ არა ერთ სახელმწიფოში. აფხაზეთს თავისი ისტორია აქვს, წარსული, კულტურა, ლიტერატურა, დამწერლობაც. ცალკე ქვეყანა ვართ. დამოუკიდებელი.

- იმ ქვეყნების ნაწილმა, რომლებმაც თავის დროზე აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, თავიანთი აღიარებები უკან წაიღეს.

- სხვა ქვეყნების აღიარება არაფერს ნიშნავს, ხვალ და ზეგ ეს მაინც გარდაუვალია. ახლა მთავარია, რომ ახალი თაობა სახელმწიფოებრივად აზროვნებს. უბრალოდ, არ არსებობს ძალა, რომელიც დროს უკან დააბრუნებს.

- ბაჩო, ბევრ აფხაზს ვთხოვე აფხაზური დროშაზე დატანებული ნიშნების განმარტება და ვერ შეძლეს. თქვენ ამიხსნით?..

- სახელმწიფოებრივი აზროვნება მხოლოდ დროშის ახსნა არ არის. მე ჩემი ქვეყნის ისტორია ვიცი. ვიცი, რა მოხდა 90-იან წლებში, ამას დიდი ცოდნა არც უნდა, ყველა ოჯახს რამდენიმე დაღუპული ჰყავს, ქართველების ტყვიით. ჩვენივე მიწაზე გვეომებოდით. პირადად მე, ბიძა მომიკლეს.

- ვიცი, რომ ქართველი ნათესავებიც გყავთ...

- დიახ, დედის მხრიდან, მერე რა?!.. მე მაქვს მათთან ურთიერთობა, ისინი რამდენჯერმე ჩამოვიდნენ სოხუმში და ალბათ მეც ჩავალ თბილისში, მაგრამ ჩვენ საზღვარი გვყოფს და ეს მათაც იციან. ამის შესახებ არც ვსაუბრობთ...

დიახ, ნათესაური კავშირები გვქონდა, მაგრამ ყოველთვის გვქონდა პრობლემები, ძმურად და უპრობლემოდ არასდროს გვიცხოვრია. ეს თქვენი ისტორიკოსები წერდნენ ამ ზღაპრებს...

ბადრი, 27 წლის, სოხუმელი აფხაზი:

- დამიჯერეთ, ეს ფოტოები აფხაზეთში რომ გადაეღო აფხაზს, მეორე დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, თუ თავად გაერიდებოდა აქაურობას, ოჯახს აუწიოკებდნენ. წითელჯვრებიან დროშას ოცი მეტრის გავლის შემდეგ ააფეთქებდნენ. ის ფოტოკოლაჟი ქართველების გაკეთებულია და ძალიან დიდი აგრესია მოჰყვა ჩვენთან. შეუძლებელია, ახლა ვინმეს ქართველების მიმართ ეს განწყობა ჰქონდეს, თუმცა, როგორც კი თქვენი ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ეს განწყობა შეიცვლება. ჩვენი ხალხი ტყუილუბრალოდ არ დახოცილა, ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ამის აღიარებამდე, ქართველი ნაცია ჩვენთვის მკვდარია. ვერც ერთი ხელისუფლება ამის ირიბად თქმასაც ვერ გაბედავს ხალხისთვის, რომ ქართველებთან თანაცხოვრება ჯობია... ალბათ მალე ჩატარდება რეფერენდუმი საგარეო კურსის განსაზღვრაზე.

- როგორ ფიქრობთ, აფხაზეთი ახლა დამოუკიდებელია?

- რუსეთის ფაქტორს გულისხმობთ, ვიცი... რუსებს ბევრ რამეში უკან დავახევინეთ და კიდევ დაიხევენ, თუ საჭირო გახდა... თუ გინდათ გადმოგიგზავნით ფოტოებს, როგორ შეიცვალა, გალამაზდა და განვითარდა აქაურობა, - ბიჭვინთა, გაგრა და სოხუმი, ნამდვილი სამოთხეა. შარშანდელთან შედარებით, უამრავი სასტუმრო და რესტორანი აშენდა, ახალი სეზონისთვის ვემზადებით. ასე რომ, ყველაფერს მოევლება, ოღონდ უქართველებოდ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)