"ვინც წარამარა ჰაკიმ ფაშას გაიძახის, თავის ჰალსტუხიჭამია ლიდერს მიხედოს!" - კვირის პალიტრა

"ვინც წარამარა ჰაკიმ ფაშას გაიძახის, თავის ჰალსტუხიჭამია ლიდერს მიხედოს!"

"ახლა ჰალსტუხის ნაცვლად რას ჭამს ნეტავ?"

"ყველაზე კარგი გამოსავალია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს"

ვიკიპედიის გვერდის ფორმატში შექმნილი ფოტოშარჟი და სტატია აქტიურად "ტრიალებს" სოციალურ ქსელში. ის შემდეგ შინაარსს შეიცავს: ”ჰაკიმ ფაშა" (ასევე წოდებულია, როგორც სიმამრიჩი). ფაშა (თურქ. პასა) - პრემიერ–მინისტრის ტიტული საქართველოს იმპერიაში (უახლესი ისტორია). ბიოგრაფია : არაფრის მომცემი... მოღვაწეობა : მის გაფაშებას კარგი არაფერი მოჰყოლია…

"ჩვენც ვიმოქმედოთ ნაციონალების პრინციპით - ”ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. 9 წელი ჩვენ ვყეფდით და ყურს არავინ გვიგდებდა, ახლა მათი ხელწერით ჩვენ ვისარგებლოთ და ნაცადი მეთოდებით მოვექცეთ..”. - ამბობს ცნობილი მსახიობი რამაზ იოსელიანი..

- იმდენად ბრიყვები არიან, ვეღარ ხვდებიან, თავიანთ თავს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, თორემ ჰაკიმ ფაშას აკვიატებით არც ირაკლი ღარიბაშვილს აკლდება რამე და არც ბიძინა ივანიშვილს... ვინც ჰაკიმ ფაშას წარამარა იძახის, თავის ჰალსტუხიჭამია ლიდერს მიხედოს! ჩემგან გადაეცით, არსად დაეკარგოთ ეგ ”მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი”. ახლა ჰალსტუხის ნაცვლად რას ჭამს ნეტავ? თუმცა რაც მაგან ჭამა და გვაჭამა, გვეყო რა... ახლა მაინც დაგვანებონ თავი! ვერაფრით ვიტყვი ,რომ კარგად ვართ, მაგრამ ოდნავ უფრო ღირსეულად მაინც ვიგრძენით თავი, ადამიანის სახე დავიბრუნეთ და შეგვარგონ! რობოტებად ვიყავით გადაქცეული 9 წლის განმავლობაში, ხალხი შიშით გათანგული დადიოდა და ერთმანეთს ტელეფონზე ვერ ესაუბრებოდა.

- ამბობენ, რომ უკანონო მოსმენები ახლაც გრძელდება...

- მე მისმინონ, რამდენიც უნდათ! მე რას მისმენენ, მოუსმინონ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევ რამე საზიზღრობა არ ჩაიდინონ! მაგათი მამაძაღლობები ყოველ წუთში მოსალოდნელი... ხალხს ჩვენი გაჭირვება გვყოფნის და არ შეიძლება, ამ იდიოტებისგან მაინც დავისვენოთ?! მთავრობაშიც იმდენი ჭკუა უნდა ეყოთ, ნაციონალებს სალაპარაკოდ არ დაუსხდნენ! ნუ ჩააგდებენ საერთოდ ძაღლად! თვითონ ნაციონალები მოსვლის დღიდან ძაღლად არც გვაგდებდნენ და არც ვარსებობდით! ხალხმაც ვიმოქმედოთ ნაციონალების პრინციპით ”ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. 9 წელი ჩვენ ვყეფდით და ყურს არავინ გვიგდებდა. ახლა მათი ხელწერით ჩვენ ვისარგებლოთ და თავიანთი ნაცადი მეთოდებით მოვექცეთ. მერე გაჩერდებიან!

- ანუ, რას ამბობთ, ოპოზიცია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს?

- ყველაზე კარგი გამოსავალია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. აი მაშინ ხალხი გადაწყვეტს, რომ მაგათი ”დუხი” აღარ იყოს! ახლა ევრომაიდანი უნდათ საქართველოშიო... რატომაც არ ენდომებათ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოაწყობენ. მაგათ რომელი გიჟი გაყვება გვერდით?! რაც შერჩათ, იმაზეც ჭკვიანად იყვნენ. დარწმუნებული ვარ, აწი აღარაფერი გაუვათ. ეგენი არიან ფურუნკულები და მეტი არაფერი! არ ამოვიდნენ ყელში დედაბუდიანად?! ხალხსაც ჭკუა უნდა ეყოს და მაგათი ნათქვამი, მხოლოდ მასხრობად უნდა მიიღოს, როგორც გიჟის ნათქვამს არ აღიქვამს ვინმე სერიოზულად... იმის ნაცვლად რომ მთელ ქვეყანას ბოდიში მოუხადონ, კიდევ ყოველდღე მაგათ თავხედობას ვუმზერთ! ეს კი არა, ხელისუფლებაშიც კი დავბრუნდებითო. ეს უკვე ჩვენი დღევანდელი მთავრობის ბრალია, ესენი რომ გაათავხედეს და პასუხიც ახლანდელ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)