გია ნოდია - „საქართველოვ, შენ რუსეთის სუფრავ აულაგებელო“ - კვირის პალიტრა

გია ნოდია - „საქართველოვ, შენ რუსეთის სუფრავ აულაგებელო“

"დღეს კაფე Discovery-ში შევედი, ზომიერად სვეცკი კაფეა ჭავჭავაძეზე, 55-ე სკოლის გვერდზე, ძირითადად სტუდენტები დადიან, მაგრამ მოულოდნელად „ვზროსლი“, ასე 50-60 წლის ტიპების სამკაციანი სასტავი დამხვდა, ამ კაფისთვის ძალიან არატიპური. გიტარით ქეიფობდნენ, უკვე მაგრად მთვრალები იყვნენ. ჩემს შესვლაზე აღელდნენ, აშკარად არ იყვენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რაც ხმამაღლა გამოხატეს. განსაკუთრებით განათლების პოლიტიკასთან ჰქონდათ პრობლება, სულ კახა ლომაია მაგინეს. ჯიუტად დავრჩი, გავშალე კომპიუტერი და ჩემი საქმე გავაგრძელე ცეზარის სალათის და მათი სიმღერების თანხლებით (დე, შექმნოდათ ფსიქოლოგიური დისკომფორტი ჩემი ხილვით).

სასიმღერო რეპერტუარ ტრადიციულ-„კორკოტული“ ჰქონდათ: ზოგი ქურდული, ზოგი რუსული რომანსი, ყველაფერი ნაცნობი. მაგრამ ერთი უცნობი, იდეოლოგიურ-პატრიოტულიც იმღერეს რუსულ-ქართული ურთიერთობის თემაზე. ორი წინადადება: „ხარო, ორი რქა რად გინდა, მაინც უღელი გადგია“ და „ყველაფერი წაგვართვეს და ვერ წაგვართვეს მთაწმინდა“ ირიბად მიანიშნებდა კრიტიკულ განწყობას რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მიმართ, ოღონდ მას პაციფისტური მიდგომით პასუხობდა: რქა რაღად გვინდა აწი, გვქონდეს ჩვენი მთაწმინდა, ვსვათ და ვიყოთ. მაგრამ ყველაზე საკვანძო და იდუმალი წინადადება იყო: „საქართველოვ, შენ რუსეთის სუფრავ აულაგებელო“. სასწრაფოდ ჩავიწერე. გაგიგიათ ეს სიმღერა? ნეტა, რისი თქმა უნდა მგოსანს აულაგებელი სუფრის მეტაფორით? ვინ უნდა აალაგოს სუფრა და როდის?" - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.