შირაკ ტოროსიანი: ”გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია” - კვირის პალიტრა

შირაკ ტოროსიანი: ”გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია”

ახლახანს, სომხურ საინფორმაციო პორტალ ”პანორამაზე” გამოქვეყნდა სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, შირაქ ტოროსიანის განცხადება - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა და სომხური ეთნოსი ვერ აიტანს თურქეთის ჯარს იქ, სადაც თვითონ ცხოვრობსო.

შირაკ ტოროსიანს ერევანში დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვით მივმართეთ...

- ”სომხური დიასპორის მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა არსებობს ერთი "მაგრამ”, - აღნიშნეთ სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობდით?

- რაც შეეხება, ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას და მათ მოთხოვნას დამოუკიდებლობის შესახებ, მე ამ განცხადების გაკეთების დროს დავაზუსტე და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია, რადგან საქართველოს და სომხეთს აქვთ საერთო გლობალური ინტერესები. როგორც ისტორიკოსი, კარგად ვიცნობ ორივე სახელმწიფოს და გარწმუნებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის პირველმა პირებმა ვერ შეძლეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გადალახვა. ამით კი, კოზირი მისცეს ძალას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მესამე მხარედ არის წარმოდგენილი. მგონი, დაკონკრეტება არ არის საჭირო, ვისაც ვგულისხმობ...

- რაც შეეხება, თქვენი ფრაზის მეორე ნაწილს...

- ვიმეორებ, რომ მასში ანტიქართული არაფერია. უბრალოდ, ჩემი მოსაზრებები ძალიან ნათლად არის მიმართული თურქების საწინააღმდეგოდ, რომელთა ქმედებებში მკვეთრად არის გამოხატული ანტისომხური განწყობები. მათი გეგმები ძალიან ადვილად გამოსაცნობია, თუკი ნატოს ფარგლებში ჯავახეთის ტერიტორიაზე მოხვდებიან. ”ხელსაყრელ შესაძლებლობას” ისინი არასდროს უშვებდნენ ხელიდან. ამის მაგალითია, საუკუნის დასაწყისში თურქების მხრიდან სომხების მიმართ განხორციელებული მასობრივი გენოციდი. თუ ნატოს თურქული ჯარები ჯავახეთის რეგიონის გაკონტროლებას მოინდომებენ, ამას ჯავახელი სომხების მწვავე რეაქცია მოყვება.

- რის შედეგადაც შესაძლოა გაღვივდეს სეპარატიზმი?

- არა, მე ეს არ მითქვამს... სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ მიზნამიმართულად მოქმედი ძალები, რომლებიც ცდილობენ ბუზისგან სპილო შექმნან, - ანუ ქართულ-სომხური ურთიერთობები გაამწვავონ. ეს მათ ინტერესებში შედის... ისინი ბნელ ოთახში შავ კატას ეძებენ.

- მაშინ, როდესაც ის იქ არ არის?..

- დიახ, მაშინ, როდესაც კატა ოთახში არ არის. ცნობისთვის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არა მარტო სომხეთის, არამედ გლობალური პრობლემაცაა, ვინაიდან ეს რუსეთსა და ალიანსს დაპირისპირების საფუძველი გახდება. ეს თბილისსა და მოსკოვს შორის სიტუაციას უკიდურესად გაამწვავებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსეთის მოქალაქეობის მსურველი ჯავახელისომხების რიგები იდგა. გსმენიათ ამის შესახებ?

- რა გითხრათ, ეს მოვლენა ჩვენც საგონებელში გვაგდებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსეთი სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას. მოსახლეობის ბუნებრივი კლების კომპენსაციას, ის სომხეთის, საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების მოსახლეობით ცდილობს. ამით არის განპირობებული რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი.

- საოცარი მიზეზია...

- შესაძლოა, მაგრამ ასეა....

- ანუ, თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგება მხოლოდ რუსეთის დემოგრაფიული პრობლემებითაა განპირობებული? 2008 წლის ომის სცენარი არაფერ შუაშია?

- მოკლედ გიპასუხებთ: ჯავახელი სომხები საქართველოსთვის ის საყრდენი და მეხამრიდი არიან, რომელიც თქვენს ქვეყანას თურქეთიდან მომავალი საფრთხეებისგან იცავს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს მათ... იმისათვის, რომ მათ რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი არ გაუჩნდეთ, ცხოვრების ხარისხი და სოციალური ფონი უნდა გააუმჯებესოთ. იგივე პრობლემა ჩვენ, სომხეთსაც გვეხება.

ასევე იხილეთ: ცხინვალიდან ერევნამდე... თბილისის გავლით?!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)