სოსო პავლიაშვილი: "თუ აყვავდება რუსეთი, საქართველოც და ყველა ყოფილი სსრკ ქვეყანაც აყვავდება" - კვირის პალიტრა

სოსო პავლიაშვილი: "თუ აყვავდება რუსეთი, საქართველოც და ყველა ყოფილი სსრკ ქვეყანაც აყვავდება"

"დაიწყო ომი, და ქართველებს წყალი და პამპერსები გამოუგზავნეს."

მომღერალი სოსო პავლიაშვილი, რომელიც "კოსმოპოლსკაია პრავდასთან" უკრაინასა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.

"საკუთარი თავი ღმერთი ჰგონიათ!"

"სავიზო რეჟიმის შემოღებაზე საუბრობენ. მახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში როგორ მოხდა იგივე, საკმაოდ რთული იყო. დიდ შეცდომას სჩადიან, ეს არის იმ ხალხის ავადმყოფური ამბიციების შედეგი, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს. მათ საკუთარი თავი ღმერთი ჰგონიათ! ამბიციებითა და პატივმოყვარეობით შეპყრობილი ხალხია, თან ამ ყველაფერს პატრიოტიზმს უწოდებენ. რამდენი მილიონი უკრაინელი შრომობს ახლა რუსეთში? რას უპასუხებენ, როდესაც ეს ხალხი მათ მიადგება და კითხავს: ეს რა ჩაიდინეთ, რატომ წაართვით ჩვენს ოჯახებს პური? და რას უპირებენ ამ ხალხს? როგორ აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის? ოდესმე რუსეთთან ჭიდილს ვინმესთვის კარგი მოუტანია? არა. ისტორია კი ისევ და ისევ მეორდება.

"საარსებო მინიმუმი ბევრს სწორედ რუსეთის დამსახურებით აქვს"

ძალიან მიყვარს უკრაინა და უკრაინელები. რამდენჯერაც ჩავსულვარ უკრაინაში, ყველა რუსულად ლაპარაკობს. ვინ შემოიღო რუსული ენის აღმოფხვრის ინიციატივა? მოსახლეობამ? არა, ხალხმა, ვინც ხელისუფლებაშია. მათ უთხრეს, ასე თქვითო, ისინიც ამბობენ. ზუსტად ისე, როგორაც საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს ერთ დროს, ომი დაიწყეთო. დაიწყეს კიდევაც, ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა საწინააღმდეგო. დაიწყო ომი და ქართველებს წყალი და პამპერსები გამოუგზავნეს. ისედაც პატარა საქართველომ კიდევ ტერიტორიები დაკარგა. ვის გამო? ავადმყოფური ამბიციების მქონე პირების გამო, ვის გამოც იტანჯება და იღუპება ხალხი. ისინი კი ზიან, შეექცევიან ხიზილალასა და პურს, რომელიც ყოველთვის ექნებათ, კი მაგრამ, ხალხი? რამდენჯერ უნდა მოვტყუვდეთ? რაც არ უნდა გლობალურად ვისაუბროთ, საბოლოოდ მაინც ერთი კითხვა რჩება - შეძლებ თუ არა შენი ოჯახის გამოკვებას. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამაზე არ ფიქრობენ. მიეცი, გეთაყვა, ხალხს საჭმელი. აი, ეს უნდა იყოს შენი სიმართლე.

"მანახეთ ქვეყანა, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა"

მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი. მანახეთ, ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა! შეიძლება უკრაინა გახდეს ასეთი, მაგრამ რუსეთისა და რუსების წყველა-კრულვით მათ უკვე ყირიმი დაკარგეს. საჭიროა, გავაგებინოთ უკრაინას, რომ ჩვენთან უნდა იმეგობრონ და არ უნდა გვაგინონ და გვაფურთხონ. ისევ და ისევ ხალხი გაწამდება, საბოლოოდ კი ისევ ხელისუფლებას მოეკითხება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდა. ვინ გაისტუმრებს ამ თანხას, სააკაშვილი და მისი ამალა? არა. ისევ და ისევ მოსახლეობას მოუწევს ამ ფულის გადახდა. საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ. ისინი შავს ყოველთვის თეთრს დაუძახებენ, ამისი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ, კოსოვოში ვიხილეთ.

სააკაშვილი კი ახლა ამერიკაში ცხოვრობს, მშვიდად და წყნარად. უნივერსიტეტებში ასწავლის და სულ აღარ დარდობს იმაზე, თუ რამდენი სისხლი და ცრემლები დაიღვარა მისი შეცდომების გამო. არ ვარ მე მისი მოწინააღმდეგე, არც მხარდამჭერი. მე ვინ მეკითხება? მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მინდა რომ ხალხმა ჩემს კონცერტებზე იაროს და ღმერთსა და ჭეშმარიტ ფასეულობებზე ისაუბროს. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ხალხს ღვთის წამს, ერთმანეთში ყოველთვის გამონახავენ საერთო ენას. მითუმეტეს, მართლმადიდებელი ხალხი, ქართველები, რუსები, უკრაინელები.

"ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, თუ ეს აზრი სხვებისათვის არ არის მავნებელი"

კრიტიკას კი ყურადღება არ უნდა მიაქციო. კრიტიკოსები სულ არსებობენ და სულ იარსებებენ. ერთ დროს, ამ კრიტიკით საბჭოთა კავშირი დაანაწევრეს და დაიტაცეს, ახლა ისევ იგივეს აპირებენ. აკრიტიკონ, რა უნდა ვქნათ, მოვითმენთ. ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ ყოველი კრიტიკული სიტყვისათვის, ყოველი მოღალატისათვის! ეს ყველაფერი ხომ ღვთისგან მოვლენილი გამოცდაა, რათა ჩვენი წესიერება და ადამიანობა გადავარჩინოთ. ეშმაკი ხომ ყოველ ნაბიჯზეა, ინტერნეტიდან დაწყებული, მექრთამე სახელმწიფო მუშაკებით დამთავრებული.

აქ, მადლობა ღმერთს, ხალხს არა მექრთამეების წამს, არამედ ჭეშმარიტი ლიდერის, პუტინისა. ხომ დაუჯერეს? ბოლომდე უნდა მიჰყვნენ. ყველა რელიგიის წარმომადგენლებმა ერთიანად უნდა იწამონ ჭეშმარიტება - ეს ჭეშმარიტება რუსეთის სიდიადეა. ხალხი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს, ერთი ადამიანის ირგვლივ შეიკვრება! ამისათვის ახლა საუკეთესო დროა! და მერწმუნეთ, რაც უფრო გაძლიერდება რუსეთი, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.

ყველა პიროვნებას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. მაგრამ თუ ეს აზრი საერთო საქმეს ავნებს, მაშინ შეიძლება იგი იყოს მართებული? ჭეშმარიტი? დაასაბუთეთ, რას წარმოადგენს თქვენი სიმართლე? ერთსქესიან ქორწინებებს? მათ რა, სურთ ძალის გამოყენებით არაბულ სახელმწიფოებს შეუცვალონ მენტალიტეტი? ვერ შეუცვლიან, ვერასდროს.

მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, ასი პროცენტით ქართველი ვარ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთის კეთილდღეობა ყველა ყოფილი სსრკ ქვეყნისათვის სასიკეთო იქნება. დრო არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი გახდეს ის ქვეყანა, რომელიც იგი უნდა იყოს. მან თავისი როლი უნდა ითამაშოს, ჩვენ კი მოთმინება გვჭირდება. მე მჯერა, ღმერთი რუსეთს არ მიატოვებს!

”კომსომოლსკაია პრავდა”