"ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ძმებისგან" ჩვენს ოჯახებში "ცინკის" კუბოებს ელოდებიან" - ექსკლუზივი დონეცკიდან - კვირის პალიტრა

"ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ძმებისგან" ჩვენს ოჯახებში "ცინკის" კუბოებს ელოდებიან" - ექსკლუზივი დონეცკიდან

"ომი საშინელებაა, მით უფრო რუსეთთან, მაგრამ დაუსრულებელ საშინელებას დასრულებული სჯობს!"

"როდესაც სახლში გივარდებიან, ლოგინის ქვეშ კი არ უნდა დაიმალო, მაინც მომერევაო, წინააღმდეგობა მაინც უნდა გაუწიო..."

"რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ შევეგუებით!" - უკრაინა პარტიზანული ომის ზღვარზე

"ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ და ჩვენი ხელისუფლება თავისი უმოქმედობით, თუ ვითომ გაწონასწორებულობით, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას... ვიცით, რომ ომი საშინელებაა, მით უფრო რუსეთთან, რომელიც არავის და არაფერს არ უწევს ანგარიშს, მაგრამ დაუსრულებელ საშინელებას დასრულებული სჯობს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!" - ამბობს დონეცკელი პროტესტანტი ივან შამრაი, რომელსაც სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით...

ივან შამრაი:

- "ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ძმებისგან" ომს და სისხლისღვრას ველოდებით... ჩვენს ოჯახებში უკვე ელოდებიან ცინკის კუბოებს, მაგრამ ის, რაც უკრაინაში ხდება, ომზე უარესია. ყირიმი ლანგარზე მორთმეული წაიღეს და კიდევ მოუნდათ... ახლა აერპორტიდან, დასაჯდომ ზოლზე ჩვენები არიან მობილიზებული. ავტომატის ჯერები ისმის. დაიწყო!..

ოლგა, არასამთავრობო სექტორი, მაიდანის მონაწილე:

- რეფერენდუმის ჩატარებასა და ფედერალურ მოწყობაზე ლაპარაკობენ, ხელისუფლება კი არაფერს გვეკითხება. მათი ყოყმანი და დაუსრულებელი ულტიმატუმები ყელში ამოვიდა... თუ ვერაფერს აკეთებენ, პირდაპირ გვითხრან, რუსეთს უნდა მიგიერთოთო, - ვინც ქვეყნიდან წასვლას აპირებს, წავა, - ვინც დამრჩენია, დარჩება და რუსეთში განაგრძობს ცხოვრებას. ნუ გვატყუებენ... უკრაინა უგაზობას არ გადაყვება. რომ არა ეს ბრძანება, ჩვენ უკვე პარტიზანული ბრძოლებისთვის ვიწყებდით მზადებას, რომელშიც ქალებიც მივიღებდით მონაწილეობას. ჩემს უცხოელ მეგობრებთან (ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ), საკუთარი ეროვნების გამხელის მრცხვენოდა, - რამდენიმემ მითხრა, - მაიდანზე რა ამაყები იდექით, ახლა სად არის თქვენი ერთიანობა? რუსეთის წინააღმდეგ ერთმა მუჭა საქართველომ იომა თავისი ტერიტორიების გამო, უკრაინამ კი ხელის გაუტოკებლად ჩააბარა ნახევარი ქვეყანაო...

- 2008 წლის ომის შედეგებს უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი შეეწირა, ტერიტორიები დავკარგეთ...

- დიახ, მესმის, მაგრამ არსებობს იდეა, რომელსაც ღირს შეეწირო. იცით, რა ხდება დონეცკში? - ყველა ჩემს ნათესავთან და ახლობელთან გავწყვიტეთ ურთიერთობა. მათ რეალობის დანახვის უნარი არ აღმოაჩნდათ... რაც უნდა უთანასწორო ბრძოლა იყოს, როდესაც სახლში გივარდებიან, ლოგინის ქვეშ კი არ უნდა დაიმალო, მაინც მომერევაო, წინააღმდეგობა მაინც უნდა გაუწიო... შაბათს პოლიგონზე მივდივარ, რათა სროლა ვისწავლო. მე პროფესიით სამხედრო ექთანი ვარ, კუბაში მუშაობის გამოცდილება მაქვს და არ უნდა გამიჭირდეს. უკიდურეს შემთხვევაში, პარტიზანული ბრძოლები ჩვენი არჩევანია.

ალექსეი ჩერინკო, აქტივისტი:

- ქალაქში დაძაბულობაა. ჩვენი ტანკები და მძიმე ტექნიკა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკისკენ გაუშვეს. იმედია, ჩვენი არმია გაისვრის და ისე მდუმარედ არ იდგებიან, როგორც ყირიმში. არ გვინდა სისხლისღვრა, ომს სიკვდილი მოაქვს, მაგრამ ასე სამარცხვინოდ ჩაბარება, იმიტომ რუსეთი დიდია და ატომური იარაღი აქვს, მორალური სიკვდილის ტოლფასია. თუ ჩვენი ხელისუფლება არ იბრძოლებს, თუ კლიჩკომ და მისის გუნდის წევრებმა ევრომაიდანზე ტიმოშენკოს თავისუფლებისთვის იბრძოლეს, ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია. რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ შევეგუებით! ყირიმის შემდეგ, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. შტურმის მოლოდინში ვართ. რუსები საზღვართან დგანან და ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევენ წინ. საქმე ის არის, რომ ჩვენი ლიდერები რუსეთის მიმართ ისეთი რადიკალურები სულაც არ არიან, როგორადაც ტელეეკრანებზე წარმოაჩენენ თავს. ის კი არა, 40-მდე აქტიური ადამიანი, ვინც მეიდანზე იდგა და საქმეს აკეთებდა, "გაქრა", - ამბობენ, რომ დააკავეს, რათა სიტუაცია ცოტათი ჩაწყნარებულიყო...

- ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება კიდევ რით არის გამოწვეული?

- ხელისუფლებაც დროის გაწელვას ცდილობს. ისინი დროებითი პოლიტკოსები არიან და ცუდია, რომ ასეთ მძიმე დროს, ასეთი უსუსური და არასტაბილური ადამიანები მართავენ უკრაინას. კარგი იქნება, თუ 25 მაისამდე მასშტაბური ომი არ დაიწყება, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომლის ჩატარება პუტინს ძალიან არ აწყობს. რუსეთში ხომ ისევ იანუკუვიჩის დაბრუნებაზე ოცნებებენ. კიდევ, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე. ან სულაც მთლიან უკრაინასა და საბჭოთა საზღვრების აღდგენაზე... უმოქმედობის გაგრძელების შემთხვევაში, ხალხი მთებსა და ტყეებში გაიხიზნება და პარტიზანულ ბრძოლებს დაიწყებს. განსაკუთრებით, დასავლეთ უკრაინელები, რომლებმაც დაიწყეს მეიდანი. ხელმღვანელობამ რაც უნდა ქნას, ჩვენ კი, უბრალო მოქალაქეები ვალდებული ვართ ჩვენი მიწა და ოჯახები დავიცვათ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)