"წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო ჭიკაიძე" - კვირის პალიტრა

"წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო ჭიკაიძე"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის - "ენვერის" კადრებში ამოიცნო. "ჩვენი შს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე. კადრი საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმიდან "ოპერაცია ენვერი" და ეს ვაჟბატონი რომ იმ ცნობილ ფილმში მონაწილეობდა "იმედის" სიუჟეტში აღმოვაჩინე, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ მთელი ეს ოპერაცია სისულელე იყო. საინტერესოა, იმ "სისულელეში" რას აკეთებდა ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭი?!... არა მგონია, დიჯეობდა...", - წერდა ხაჩიძე. და პირად გვერდზე ვიდეომასალიდან ამოჭრილი ფოტოც გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლის ყველაზე რეზონანსული სპეცოპერაცია "ენვერის" ფარგლებში, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) 15 ჯაშუში დააკავა".

მოგვიანებით, სპეცოპერაციის ამსახველი დოკუმენტური ფილმი "ენვერი" "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა გიორგი გვიშიანმა გადაიღო და ამავე ტელეკომპანიის ეთერშიც გავიდა... ჩვენ ფილმის ავტორს დავუკავშირდით და მასში გამოყენებული კადრებისა და ოპერატიული მასალების შესახებ ვესაუბრეთ.

გიორგი გვიშიანი, ჟურნალისტი:

- დიახ, ეს ფილმი ჩემი გადაღებულია. კადრები, რომელიც იქ გავრცელდა, ფილმში რეალურად არის გამოყენებული, მაგრამ როდესაც ამ ფილმს ვიღებდით, წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო ჭიკაიძე.

- კადრები შს სამინისტროდან მოიპოვეთ?.. ოპერატიულ მასალას ვგულისხმობ...

- არა, ინსცენირება მოხდა. გვჭირდებოდა ოპერაციის დაგეგმვის კადრები, ამ  კადრების გადასაღებად კი, პოლიციამ თავისივე თანამშრომლები მოიყვანა.

- მათ შორის იყო ახლანდელი შს მინისტრი?..

- სავარაუდოდ, კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ამ სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა, ნამდვილად არ ვიცი, მონაწილეობდა თუ არა... მაშინ, იქ პოლიციელები მოიყვანეს და მართალი, გითხრათ, ჭიკაიძე არც კი შემიმჩნევია. შემდეგ, როდესაც ეს ფილმი ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ჭიკაიძე სპიკერი პოლიციელი-დეტექტივის როლში გამოდიოდა.

- როდესაც მინისტრად წარადგინეს, არც მაშინ გეცნოთ?..

- არა, არც მაშინ მეცნო, რადგან ძალიან ჩვეულებრივი გადაღება იყო და ვერ მის სახეს ფიზიკურად ვერ დავიმახსოვრებდი. მხოლოდ შემდეგ მივაქციე ყურადღება...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)