"მაგარი კაცია... ძალიან მაგარ ფორმაშია. "ატჟიმანიებიც" გააკეთა და პრესიც" - რას ყვებიან ჯარისკაცები თავდაცვის მინისტრზე - კვირის პალიტრა

"მაგარი კაცია... ძალიან მაგარ ფორმაშია. "ატჟიმანიებიც" გააკეთა და პრესიც" - რას ყვებიან ჯარისკაცები თავდაცვის მინისტრზე

"ფეხბურთის თამაში ცოტათი დადგმულს ჰგავდა, - ბურთს თუ მიიღებდა, ტაშს უკრავდნენ, თუ დაკარგავდა, მაშინაც"

"ისეთ გადასარევ კერძებს ყოველდღე რომ მივირთმევდეთ, რა გვიჭირს - ან კარტოფილია უმი, ან ლობიო"

"ახალაიას დროს შიში ჰქონდათ და უფრო ხარისხიანად აკეთებდნენ ყველაფერს"

"ამდენი წელია ჯარში ვარ, ჯარისკაცებთან ასე ახლო ურთიერთობაში შესული მინისტრი პირველად ვნახე... იმ ბიჭებმაც იგივე თქვეს, ვისაც ჯარში ყოფნის ჩემზე მეტი სტაჟი აქვს..." - გვითხრა ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა. რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრი ჯერ ქუთაისში არსებულ 33-ე ბატალიონს, იქიდან კი, სენაკის II ქვეით ბრიგადას ესტუმრა.

ჯარისკაცებს მინისტრთან ურთიერთობით მიღებულ შთაბეჭდილებაზე ვესაუბრეთ. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს:

ირაკლი, 30 წლის, 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი:

- მინისტრი გვყავდა სტუმრად ამ დღეებში. მაგარი კაცია მართლა... ერთი დღე იყო ჩვენთან და ის დღე ჩვეულებრივი ჯართან ერთად გაატარა. "ფიზოზეც" მიიღო მონაწილეობა, ანუ ჩვენთან ერთად ივარჯიშა და ფეხბურთიც გვეთამაშა.

- როგორ ფორმაშია?..

- ძალიან მაგარ ფორმაშია. "ატჟიმანიებიც" გააკეთა და პრესიც. კარგად ირბინა კიდეც. გაოფლილი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ "დიხანია" ეყო... ძალიან გახსნილი და უბრალო ჩანდა. ძალიან მალე დაიმახსოვრა ჩვენი სახელები და საკმაოდ კარგად თამაშობს... ეტყობა, რომ მხოლოდ კაბინეტში არ ათენ-აღამებს... წინა მინისტრებისგან ჯარისკაცებთან მსგავსი ურთიერთობა არავის ახსოვს. ახალაია რომ მოდიოდა, მაშინ სენაკში ვსმახურობდი და ყაზარმიდან გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა.

- რატომ?..

- არ ვიცი. უბრალოდ არ შეიძლებოდა...

გიორგი, 26 წლის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი:

- ნაწილში მინისტრის ჩამოსვლა განსაკუთრებით სასადილოს დაეტყო... ოთხშაბათს იყო ჩვენთან და წინასწარ შერჩეულ ქვედანაყოფის ჯარისკაცებთან ივარჯიშა. ჯერ სოფელ სორთაში იყო, X-ე ბრიგადასთან, შემდეგ ჩვენთან მოვიდა. მეორე დღეს ჩვენთან ერთად ივარჯიშა და ფეხბურთიც ვითამაშეთ... ირბინა კიდეც, ჩვენ ორ-სამ კილომეტრს დავრბივართ, მან მგონი, ჩვენზე მეტი ირბინა. "პრესიც" გააკეთა და სახეზე ეტყობოდა, რომ არ იტანჯებოდა.

ფეხბურთის თამაში ცოტათი დადგმულს ჰგავდა, - ბურთს თუ მიიღებდა, ტაშს უკრავდნენ, თუ დაკარგავდა, მაშინაც. ისე, არ ვიცი, რამდენი წლის არის, მაგრამ კაი ფორმაში კია...

- ჯარისკაცებს რომ გამოლაპარაკებოდა, რას ეტყოდი?..

- რა ვიცი, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ მხოლოდ ბრიგადის მეთაური შეიცვალა, დანარჩენი ისევ ძველი კადრია, "ნაციონალების" დროინდელი... კიდევ, კვების საკითხია მისახედი, იმ ორი დღის განმავლობაში რომ იყო, ისეთ გადასარევ და უგემრიელეს კერძებს რომ მივირთმევდეთ, რა გვიჭირს, - ხშირ შემთხვევაში ან კარტოფილია უმი, ან ლობიო. ანუ პროდუქტი არის, მომზადების პრობლემაა. სასადილოშიც არ არის იდეალური პირობები.

- ანუ?..

- გასარემონტებელია... ახალაიას დროს შიში ჰქონდათ და უფრო ხარისხიანად აკეთებდნენ ყველაფერს. ახლა მოშვებულები არიან, რაც ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე აისახება. ამ ყველაფერს ვეტყოდი მინისტრს...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)