"მარგველაშვილი და დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები სწორედ შუა თითის ჩვენებას იმსახურებენ" - კვირის პალიტრა

"მარგველაშვილი და დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები სწორედ შუა თითის ჩვენებას იმსახურებენ"

13 აპრილს კოალიციამ "ეროვნული პლატფორმა" ევროპის მოედანზე აქცია-კონცერტი - "მე ვირჩევ ევროპას" გამართა. აქცია-კონცერტს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერებიც დაესწრნენ. ერთ-ერთი გამომსვლელი ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იყო, რომლის სიტყვით გამოსვლისას ტელეკამერებმა ხალხში მარგველაშვილის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტი დააფიქსირეს.

სალომე მახარაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის'' აქტიური მხარდამჭერი და ახალგაზრდული გაერთიანება "თავისუფალი ზონის'' წევრი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა სამაჯურით იცნეს. სალომე "ქართული ოცნების'' წინააღმდეგ გამართულ აქციებში ყოველთვის მონაწილეობს. აქცია-კონცერტის შემდეგ სალომემ სოციალურ ქსელში დაწერა: "შუა თითი დავანახე მე მარგველაშვილს და ამას კიდე გავაკეთებ, თუ იქ მოვა, სადაც მე და ჩემი ღირსეული ხალხი ვიდგებით..."

"ნაციონალური მოძრაობა" ემსახურება საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას. ის მრგვალი მაგიდაა და არა - მოქალაქეთა კავშირი, რომ პირისაგან მიწისა აღიგავოს."

"ხალხი მალე მიხვდება, დღევანდელი "მინდა ვიყო პრეზიდენტი" მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტია".

"კაკაბაძეს პატრონი რომ ჰყავდეს, ფსიქიატრიულში უნდა იწვეს"

სალომე საკუთარ თავსა და ამ შემთხვევაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- განათლებით კინოლოგი, რკინიგზის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ. ცხოველები მიყვარს, ჩემი პროფესია მომწონს.

- რამ განაპირობა შენი აქტიური მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობისადმი"?

- "ნაციონალური მოძრაობა" ემსახურება საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას, ზუსტად ამიტომ ვუჭერ მხარს უკვე წლებია. მე იქ ვდგავარ, სადაც ევროპულ მომავალს და ქვეყნის თავისუფლებას აყენებენ პირველ ადგილზე.

- "ქართული ოცნების" მიმართ, როგორც ჩანს, ერთობ ცუდი დამოკიდებულება გაქვს...

- ეს იმიტომ, რომ ისინი არ არიან პიროვნებები, რომლებიც იმსახურებენ, ვანდოთ საქართველოს ბედი და მომავალი. არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია მცოცავი ოკუპაცია, ისინი ამას მხოლოდ "გაგებით ეკიდებიან" და მეტი არაფერი. ისინი არ ყოფილან რუსთაველზე, როცა უკრაინის ევროპულ მომავალს ვუჭერდით მხარს. რაც მთავარია, ისინი არ არიან ეროვნულები!

- "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - აქციაზე გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის დროს პრეზიდენტს უხამსი ჟესტი უჩვენე. რატომ?

- ეს იყო ჩემი უხმო პროტესტი, რასაც მარგველაშვილი და დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები სწორედაც რომ იმსახურებენ. და იცით, რატომ? მათ გააჩერეს საქართველო! მათი მიზანია მხოლოდ შურისძიება, ბოღმა და აგრესია "ნაციონალური მოძრაობის" და ამ მოძრაობის მხარდამჭერების მიმართ. ერთი შეეშალათ - "ნაციონალური მოძრაობა" მრგვალი მაგიდაა და არა - მოქალაქეთა კავშირი, რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა. ის ძალიან ეროვნულია და მერწმუნეთ, აუცილებლად გაიმარჯვებს.

- რატომ გამოხატეთ პროტესტი შუა თითის ჩვენებით და არა რამე სხვა, არა უხამსი ხერხით?

- ეს ჩემი უეცარი რეაქცია იყო ყოველგვარი დაგეგმვის და წინასწარ მოფიქრების გარეშე. კიდევ ვიმეორებ: მსგავს პროტესტს იმსახურებს ის არა მარტო ჩემგან, არამედ მთელი საქართველოსგან. ხალხი ჯერ თუ ვერ მიხვდა, მალე მიხვდება, დღევანდელი "მინდა ვიყო პრეზიდენტი" მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტია.

- ირაკლი კაკაბაძესთან ადრინდელი დაპირისპირებაც გავიხსენოთ. ეს როგორ და რატომ მოხდა და მორიგდით თუ არა საბოლოოდ?

- რაზე უნდა მოვურიგდე ადამიანს, რომელიც სრულიად არაადეკვატურია და პატრონი რომ ჰყავდეს, ფსიქიატრიულში უნდა იწვეს. რაც შეეხება ჩემსა და ირაკლის ჩხუბს: ტელევიზიის ტერიტორიის წინ შევესწარი, კაკაბაძე და ძმანი მისნი ლოზუნგებით გამოდიოდნენ და ყვიროდნენ, თითქოს "მიშა ბოროტია" და ა.შ. ჩემი მისვლის შემდეგ ირაკლი "ნაციონალების" ლანძღვა-გინებაზე გადმოვიდა, მეც არ დამიტოვებია უპასუხოდ და ამას მოჰყვა ჩვენი დაპირისპირება. რაც შეეხება ჩემს მუქარებს, თითქოს მაშინ ვემუქრებოდი, ის გინებაც და მუქარაც დადოს, სადაც თავადაც მაყენებს შეურაცხყოფას სოციალური ქსელით პირად მიმოწერაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ კაკაბაძისნაირების ნამდვილად არ მეშინია. მე ვიბრძვი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კეთილდღეობისთვის, ისევე, როგორც ჩემი თანამოაზრეები. ამ მშვიდობიან ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ! არასდროს დავუშვებთ, რომ რუსული დროშა საქართველოში აფრიალდეს!

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).