"მიყვარს თბილისი აღდგომის წინა დღეებში. არც პროპკები, არც ქუთაისლები.." - კვირის პალიტრა

"მიყვარს თბილისი აღდგომის წინა დღეებში. არც პროპკები, არც ქუთაისლები.."

"თუ უკბილო ან უხამსი ხუმრობა გამოვიდა, ეგ სხვა საქმეა და შეიძლება, ბოდიშიც მოვიხადო"

"არიან ადამიანები, რომლებსაც ხუმრობა არ გამოსდით, რა, ეს დანაშაულია?"

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა, რომელიც თბილისელია, ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "მიყვარს თბილისი აღდგომის წინა დღეებში. არც პროპკები, არც ქუთაისლები.. ნირვანააააა" , - წერს მარგველაშვილი. მისმა განცხადებამ სოც. ქსელებში ქუთაისელთა აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ მარგველაშვილს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ამ სტატუსში არაფერი იყო სერიოზული. ეს სტატუსი ეხებოდა ჩემს მეგობარს და ისეთი ხუმრობა იყო, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, ამის საპასუხოდ მანაც მომწერა სახუმარო ტექსტი, მაგრამ სააგენტოებმა მისი პასუხი აღარ დადეს. როცა ამ ინფორმაციას ანთავსებდნენ, ჩემთვისაც ეკითხათ კომენტარი, ვითომ დაინგრეოდა ქვეყანა, თუ ვერ მომაგნეს? მე ქუთაისში მყავს მეგობრებიც, ახლობლებიც, ბაბუა აქ მყავს დასაფლავებული და როგორ შეიძლება, ქუთაისი და ქუთაისელები არ მიყვარდნენ? ან საერთოდ როგორ შეიძლება რაიმე კონკრეტული ქალაქი ან გიყვარდეს ან არ გიყვარდეს?!

- მოძრაობის "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" ლიდერი თემურ კეპულაძე თქვენი სტატუსის შემდეგ იმუქრება, რომ გცემთ და ქუთაისიდან გაგაძევებთ...

- საერთოდ არ მაქვს მასთან შეხება, გარეგნულადაც კი არ ვიცნობ. როგორც ჩემი მეგობრებისგან გავიგე, ამ ადამიანის და მისი ორგანიზაციის კრედოა გარემოს დაცვითი საქმიანობა და ხე-ტყის გაჩეხვისა და სკვერების გაოხრებისას სად იყო და რატომ არაფერს წერდა, ახლა რომ დაიწყო ლაპარაკი?! ვამბობ, რომ ეს სტატუსი იყო ხუმრობა და მეუბნებიან, არ გიხუმრიაო. თუ უკბილო ან უხამსი ხუმრობა გამოვიდა, ეგ სხვა საქმეა და შეიძლება, ბოდიშიც მოვიხადო, მაგრამ იმისგან არავინაა დაცული, რომ შენი კონკრეტული ნათქვამი ვიღაცას უხამსობად მოეჩვენოს.

- თქვენ ბრძანეთ, თუ უხამსია ხუმრობა შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, ხომ არ აპირებთ ბოდიშის მოხდას?

- მე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას, სადაც თუ ვინმესთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი, მოვიხდი ბოდიშს და ზოგადად კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რა ვიგულისხმე ამ სტატუსში. რა უბედურებაა ადამიანების დაყოფა თბილისელებად, ქუთაისლებად და ასე შემდეგ? ყველანი ვართ ქართველები და მორჩა.

- თქვენ ხართ თანამდებობის პირი....

- როგორც თანამდებობის პირს, მეტის თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ ხუმრობის უფლებაც ხომ მაქვს? არიან ადამიანები, რომლებიც კარგად ხუმრობენ და არიან ისეთები, რომლებსაც ხუმრობა არ გამოსდით, მაგრამ ეს დანაშაული ხომ არაა?! კიდევ ვიმეორებ, ჩემი მეგობრის გასაგონად ვიხუმრე და ამის უფლება მაქვს. თან სტატუსს როცა ე.წ. "სმაილიკებს" უწერ და სააგენტო ამას აშორებს და ისე აქვეყნებს, ეს ცოტა არასერიოზულია

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)