"საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება თვითგანადგურებაზე ხელმოწერის ტოლფასია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება თვითგანადგურებაზე ხელმოწერის ტოლფასია"

Google-ის პროდუქტი Google Voice სატელეკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც Gmail-ისა და Google+-ის მოსარგებლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ვიდეოზარები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. იმ ქვეყნების ჩამონათვალში (ანბანის მიხედვით), სადაც საერთაშორისო ზარების განხორციელებაა შესაძლებელი, აფხაზეთი პირველია. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში Google Voice-ის საშუალებით დარეკვის საფასური წუთი - 14 ცენტია. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ ჩამონათვალში არ არის.

ქართულმა საზოგადოების ერთმა ნაწილმა ამ ფაქტს Google -ის შეცდომა უწოდა, მეორემ კი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების სისუსტის ნიშანია...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთის შეყვანის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობს და პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია...

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა მიიჩნევს, რომ მსოფლიო თანდათან მოდის გონს და არსებულ რეალობას თვალს უსწორებს.

"ეს კარგია, საქართველოს ილუზიებიდან გამოსვლაში დაეხმარება. ძალიან ხშირად ისმის კითხვა, რა გზას ვხედავთ ურთიერთობების აღსადგენად, საქმე ის არის, რომ ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები საქართველოსა და აფხაზეთის განუყოფლობაზე საუბარს არ შეეშვებიან, წინსვლა არ იქნება. როცა ამას ყველა გაიაზრებს, აი, მაშინ შეიძლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. ჯერჯერობით, საქართველოდან ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები მოდის. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავისი წინამორბედივით ხისტი გამოსვლები აქვს, რასაც ვერ ვიტყვით პაატა ზაქარეიშვილსა და ირაკლი ალასანიაზე. მაგრამ ერთ რამეში ცდებიან, - რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეუძლებელია...

თანამედროვე მსოფლიოში არაღიარებულ ან აღიარების გზაზე მდგომ სახელმწიფოს შეუძლია საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს, თუკი მას ამის პოტენციალი აქვს. ჩვენ ამის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, - რაც ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობით არის განპირობებული. საკმაოდ კარგი ეკონიმიკური პოტენციალი აქვს. ამიერკავკასიაში სატრანტიზო პოტენციალის გამოყენება, რეგიონში აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია...

ახლა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ერების თვითგამორკვევის პროცესი მიმდინარეობს და ამას გვერდს ვერც აფხაზი ერი აუვლის.

- მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზეთში განხორციელებულ რუსულ პოლიტიკას გამუდმებით აპროტესტებს. ამ ფონზე, როგორია თქვენი საგარეო კურსი?..

- ერთი რამ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი და როგორიც ძლიერი სახელმწიფოც არ უნდა გვიჭერდეს მხარს, - დამოუკიდებლობას არაფრის ფასად არ დავთმობთ. საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება თვითგანადგურებაზე ხელმოწერის ტოლფასია. საქართველოსთან მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ, თუ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. რუსეთთანკი მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში მოქცეული მეგობრული ურთერთობა გვაკავშირებს.

- ევროკავშირთან ურთიერთობაზე რა იტყვით, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო ხელმოწერის შესახებ გააკეთა განცხადება?.. ეს სიმართლეა?..

- არა, ასეთ შეთანხმებას აფხაზეთის ხელმძღვანელობა არასდროს არ მოაწერს ხელს. ევროკავშირი აფხაზეთს ისე ესაუბრება, როგორც საქართველოს ნაწილს და ამ შეთანხმებასაც მის ფარგლებში გვთავაზობს. ამ სატყუარას კი აფხაზეთი არ წამოეგება. თუ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ნამდვილად უნდათ აფხაზეთის განვითარება, მაშინ, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ერთეულს უნდა ელაპარაკებოდნენ. დროა, შეწყვიტონ აფხაზეთის საქართველოს პრიზმიდან აღქმა. ჩვენ ევროპისგან პირდაპირი, კონკრეტული და აპოლიტიკური დახმარება გვჭირდება და არა საქართველოს გავლით ირიბი დაპირებები.

- რუსეთთან თქვენი ურთიერთობის გათვალისწინებით, ევროპასთან პირდაპირი კავშირის დამყარება როგორ წარმოგიდგენიათ?..

- ძალიან მარტივად. რუსეთთან ახლო ურთიერთობები არჩევანის გაკეთებაში არ გვზღუდავს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)