"აფხაზებს და ოსებს დამოუკიდებლობის შანსი არ აქვთ" - კვირის პალიტრა

"აფხაზებს და ოსებს დამოუკიდებლობის შანსი არ აქვთ"

"მოწინააღმდგე ეძებს პროვოკაციის მიზეზს, ეს მიზეზი არ უნდა მივცეთ"

"დღეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დინამიკით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე უკმაყოფილო"

"მავთულხლართების გაბმა ჩვენს ემოციურობაზეა გათვლილი"

ორიოდე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან რუსული ჯარის წარმომადგენლებმა კიდევ სამი ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს და ე.წ. საზღვრის "უკანონოდ გადაკვეთის" ბრალდება წაუყენეს. მანამდე რუსმა ოკუპანტებმა ტვ3-ის გადამღები ჯგუფი დააკავეს. ჟურნალისტების გათავისუფლება სწრაფად მოხერხდა. "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ დაკავებულ ჟურნალისტ ბელა ზაქაიძესთან, რომელიც ჰყვებოდა: "იზოლატორში ერთი ქართველი დაგვხვდა. თურმე ერთი თვეა, ჯურღმულში ჰყავთ. ოსებს ებრძოდა და არავინ იცის, როდის გაათავისუფლებენ. ერთი ქართველი მოხუცი, ჩვენ რომ გვიშვებდნენ, მაშინ მოიყვანეს(!)." ამ საკითხებზე გვესაუბრება შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:

- ადამიანის გატაცების შესახებ როგორც კი გავიგებთ, ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები პროცესში მაშინვე ერთვებიან, თუმცა ყოველთვის ვერ ვიგებთ. ზოგჯერ ოჯახის წევრები და ახლობლები დაკავებულის გათავისუფლებას თვითონვე ახერხებენ.

- როგორ, გამოსასყიდის სანაცვლოდ?

- შესაძლოა, კი. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის დამრღვევებს ოფიციალურად აჯარიმებს, მათ შორის იმ ოსებსაც, რომლებიც ცხინვალის ტერიტორიას ტოვებენ, აქეთ გადმოდიან და შემდგომ უკან ბრუნდებიან. არსებობს ზოგადი სტატისტიკა, რომელსაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება რეგულარულად აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, ათი ე.წ. საზღვრის დამრღვევისგან შვიდი ცხინვალის რეგიონის მცხოვრებია. ადამიანის დაკავების თაობაზე ინფორმაცია უპირველესად შს სამინისტროში მიდის და ეს უწყება მყისიერად ერთვება პროცესში. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს. საქმეში მეც ჩემი არხებით ვერთვები. ჟურნალისტების დაკავება კარასინ-აბაშიძის შეხვედრას დაემთხვა, როგორც ჩანს, კარასინმა ითავა ეს საქმე, რადგან ისინი სწრაფად გაათავისუფლეს.

- თუმცა მანამდე რუსეთმა საკმაოდ აგრესიული განცხადება გააკეთა და საქართველო დაადანაშაულა.

- ეს ნამდვილად შეუსაბამო განცხადება იყო, აქეთ პროვოკაციაში დაგვდეს ბრალი, თითქოს ჩვენ შევუშვით ჟურნალისტები ამ ტერიტორიაზე, თუმცა მეორე მხრივ, მათ გათავისუფლებაში თავისი როლი ითამაშეს. აღსანიშნავია ოსური მხარის კორექტულობა და თანამშრომლობაც, რის გამოც მადლობას თქვენი გაზეთის საშულებითაც ვუხდი.

- გარდა ე.წ. საზღვრის დამრღვევებისა, ცხინვალის ციხეში სხვა ქართველებიც არიან, მათზე რა ინფორმაცია გაქვთ?

- ასეთი სულ ხუთია. რამდენიმე დღის წინ ორმა მათგანმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დარეკა, რამაც ოსური მხარე გაანაწყენა - მათ რატომღაც მიიჩნიეს, რომ ეს ჩემი ინიციატივით მოხდა, არადა, არაფერი ვიცოდი. ეს ბატონები არიან მიდელაშვილი და ხუროშვილი. დანარჩენების გვარებს ვერ გეტყვით, რადგან მათი ოჯახის წევრების ნებართვა არ მაქვს.

ოსური მხარე მიდელაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს საქართველოს ციხეში მყოფი ოსი პატიმრების გათავისუფლებას, რაც ადვილი არ არის - ისინი გორის ტერაქტში არიან მხილებული და უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩვენ მოვახერხეთ ცხინვალის ციხიდან პატიმარ ჯერაპოვის გამოყვანა. მას ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი - 13 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ქართული მედია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია.

- როგორც ვიცი, ის მარეკ დუდაევის გათავისუფლების შემდეგ გამოუშვეს, ეს გარიგების შედეგად მოხდა?

- არა, დუდაევის გათავისუფლებით ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ, რაზეც ოსურმა მხარემაც პოზიტიური ნაბიჯით გვიპასუხა. მოლაპარაკებები დაიწყო მიდელაშვილის გათავისუფლებაზე. მათ თქვეს, - მიდელაშვილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პატიმარია და დუდაევზე არ გავცვლითო... ამ ხუთ პატიმარზე ჩვენ ოსურ მხარესთან გამუდმებით გვაქვს მოლაპარაკება. მათ შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იციან.

- საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მკვიდრთ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსების მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა, თუ ე.წ. საზღვრის მაჩვენებელმა ბანერებმა.

- ჯერჯერობით ეს პროცესი გაჩერებულია. ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ ბატონმა ზურაბმა გაასაჯაროვა კარასინის განცხადება, - რუსეთმა თითქოს შეწყვიტა მავთულხლართების გავლება. იმედია, სიტყვა საქმედ იქცევა. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების წინდახედული პოლიტიკა რუსეთთან იმ ტიპის ურთიერთობის საშუალებას იძლევა, რომლის შედეგადაც მინიმუმამდე შAემცირდება რისკები. მავთულხლართების გაბმა და ბანერების დაკიდება ჩვენს ემოციურობაზეცაა გათვლილი, რომ ამაზე გამუდმებით ვილაპარაკოთ.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კანონის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ დაიკავეს ჩვენი ტერიტორია, დღეს კი რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას მავთულხლართებით ფარგლავს. ეს ოკუპაცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა. შემდგომ იქ ააშენეს ძლიერი რუსული სამხედრო ბაზები და ამაზე მაშინ ხმას არავინ იღებდა. ახლა, ჩვენი ხელისუფლების დროს, ერთი ბოძის ჩარჭობასაც კი დიდი ამბავი მოჰყვება ხოლმე, თუმცა, ეს ხმაური ნორმალურია.

- პრესა ამ პრობლემებზე სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც ბევრს წერდა.

- არც ისე ბევრს, ტელევიზიები კი დუმდნენ. თუმცა ერთია ჟურნალისტების ხმაური და მეორეა იმათი კრიტიკა, ვინც რუსებს ბაზები ააშენებინა საქართველოს ტერიტორიაზე.

განა შეიძლება იმ ხალხის კრიტიკის მოსმენა, ვისი ხელისუფლებაში ყოფნისასაც ათასობით ადამიანი გამოდევნეს საკუთარი კერიდან.

ჩვენ კი ათეულობით ადამიანს ვპატრონობთ, ვცდილობთ, მოვუგვაროთ პრობლემები, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში შევიყვანოთ გზა, გაზი, ხელახლა გავიყვანოთ სასმელი და სარწყავი წყალი.

- ფიქრობთ, რომ ეს შექმნილი პრობლემების ადეკვატური ნაბიჯებია?

- ვაკეთებთ იმას, რაც ამჟამად შეგვიძლია: მოქალაქე დავიცვათ ადგილზე და მას შევუქმნათ ცხოვრების მეტ-ნაკლებად კარგი პირობები.…

- თქვენ დაცულად მიიჩნევთ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება საკუთარ ბაღში მუშაობისას რუსმა ოკუპანტებმა დააკავონ?

- ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს საფრთხე. ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე. მოწინააღმდეგე ეძებს პროვოკაციის მიზეზს, ეს მიზეზი არ უნდა მივცეთ. ამ სოფლებში არის საგუშაგოები. პოლიციელების მუშაობით მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, თუმცა მათგან ამგვარი სურვილი არ ჩანს.

- ჩვენ აფხაზებს მშვიდობიან ურთიერთობას ვთავაზობთ, მაგრამ მათ ამაზე რეაქცია არ აქვთ. გამოდის, რომ ისინი რეაგირებენ ომზე და არა მშვიდობაზე?! არ მინდა სააკაშვილის პოლიტიკა გამართლდეს და ვიღაცამ იფიქროს, რომ მათთან საჭიროა აგრესიული ქმედებები. ვიდრე ამ თანამდებობაზე ვარ, ამას არ დავუშვებ, მაგრამ აფხაზებიც და ოსებიც უნდა დაფიქრდნენ.  ამგვარი კონფლიქტები ერთი ხელის დაკვრით არ გვარდება. კარგი იყო, 2008 წლის ომამდე არ მივსულიყავით, მაგრამ მივედით და ახლა ურთულესი ვითარებაა, თუმცა, არა გამოუვალი. აფხაზებს და ოსებს დამოუკიდებლობის არანაირი შანსი არ აქვთ, ისინი ან უნდა იყვნენ რუსეთთან ისე, როგორც ახლა არიან, ან აირჩიონ ევროპეიზებულ საქართველოში ცხოვრება. რა თქმა უნდა, კვლავაც აგრესიულად არის განწყობილი აფხაზი თუ ოსი საზოგადოებების ნაწილი, მაგრამ მოდით, დაელაპარაკეთ იმ აფხაზებსა და ოსებს, ვინც თბილისში ჩამოდიან. ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირია - მათგან სულ სხვაგვარ განცხადებებს მოისმენთ. სამწუხაროდ, საჯაროდ ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს თემა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. დღეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დინამიკით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე უკმაყოფილო.

- ბევრის აზრით, ჟენევის ფორმატი უშედეგოა. თუ არის განზრახული მისი მოდერნიზება?

- ოპოზიციაში მყოფიც ვამბობდი, მიუხედავად ამ ფორმატის უშედეგობისა, ის მაინც მნიშვნელოვანია-მეთქი. პრობლემა ისაა, რომ ამ ფორმატს სხვადასხვანაირად ხედავენ მონაწილე მხარეები, უპირველესად, რუსეთი და საქართველო. გაგახსენებთ, ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა და მისი მთავარი ამოსავალი წერტილი სარკოზის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმება იყო. ამ ფორმატით გამართული მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, მაგრამ რუსეთმა ჩვენი იმჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მოახერხა და ფორმატის მონაწილეებად შეიყვანა აფხაზურ-ოსური მხარეები, რითაც სიმძიმის ცენტრი გადაიტანა. ეს ჩვენი დიდი შეცდომა იყო. დღეს ჩიხში ამიტომაც ვართ, თუმცა, გამოსვლას ვცდილობთ. უნდა მოვახერხოთ, ეს ფორმატი ისე წარიმართოს, რისთვისაც შეიქმნა.

- ბოლო ხანს გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ ყირიმის მაგალითი რუსეთმა შეიძლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენოს - ჩაატაროს რეფერენდუმი და ეს ტერიტორიები თავის საკუთრებად გამოაცხადოს?

- არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და  ვიფხიზლოთ, თუმცა, ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს. ცხინვალის რეგიონში 8 ივნისს ტარდება უკანონო, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. იქ რომ რეფერენდუმის ჩატარება უნდოდეთ, ამ არჩევნებს მიაბამდნენ. ამიტომაც არ არის სწორი ამ საკითხის პედალირება. რუსეთის მოქმედების ალგორითმზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარი რეფერენდუმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელი არ არის.

- არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთმა წყლის ამღვრევა შეიძლება ჯავახეთში სცადოს.

- ასეთი მშვიდი და დალაგებული ვითარება ჯავახეთში არასდროს ყოფილა. ამ თემის წინ წამოწევას პრორუსული ძალები ცდილობენ და მისი მიზანია,  ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ჯავახეთში პრობლემებია. ვინც ამაზე ლაპარაკობს, კეთილი ინებოს და მოიყვანოს ფაქტები.

- Google Voice-ს, რომელიც სატელეკომუნიკაციო ინტერნეტსაშუალებაა და Gmail-ისა და Google+-ის მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დარეკვის საშუალებას აძლევს, ქვეყნების სიაში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი.

- ამგვარი რამ აქამდეც არაერთხელ მომხდარა, როგორც წესი, შესაბამისი ინფორმაცია იგზავნება ხოლმე, სადაც საჭიროა და პრობლემაც სწრაფად გვარდება. დარწმუნებული ვარ, ეს შეცდომაც მალე გამოსწორდება.

ნათია დოლიძე