"მქონია შემთხვევა, ქუჩაში შემხვედრია ცნობილი მამათმავალი და არაფერი მითქვამს" - კვირის პალიტრა

"მქონია შემთხვევა, ქუჩაში შემხვედრია ცნობილი მამათმავალი და არაფერი მითქვამს"

"დიღმელი ვარ, ყველა მიცნობს, მთხოვეს, კენჭი მეყარა და დავთანხმდი"

"მე გავატარებ პრო-ქართულ პოლიტიკას და არა პრო-რუსულს, პრო-ამერიკულს ან პრო-ევროპულს"

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ დავუკავშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ:

- დიახ მე ჩემს უბანში, დიღმის მასივში ვაპირებ, რომ კენჭი ვიყარო. მე ამ უბნელი ვარ, ყველა მიცნობს და მთხოვეს, რომ კენჭი მეყარა და მეც დავთანხმდი, რადგან მათ ურჩევნიათ, მე ვიყო მათი წარმომადგენელი საკრებულოში ვიდრე სხვა, მე კარგად მიცნობენ.

- კონკურენტები ვინ გყავთ?

- არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, არც ვინტერესდები, ალბათ, ახლო მომავალში გავარკვევ.

- გიორგი, წინასაარჩევნო კამპანიას არც თუ ცოტა ფინანსები ჭირდება. უზრუნველყოფილი ხართ ამ მხრივ?

- მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც მომეხმარებიან. აქვე ვცხოვრობ და შეხვედრებს მოვაწყობთ უბანშივე, ანუ გადაადგილების პრობლემა არ იქნება და პლაკატებსაც როგორღაც დავბეჭდავთ. აბა, ფული მე თუ ვხარჯე, რა აზრი აქვს? ამაში ფულის დახარჯვას, მიჯობს, გაჭირვებულს დავეხმარო.

- დიღმელი რომ ვიყო, რატომ უნდა მოგცე ხმა?

- მე ჩემი პირადი მიზნებისთვის არ ვაპირებ საკრებულოში შესვლას, მინდა ქალაქი ნორმალურად გამოიყურებოდეს, გზები გაკეთდეს, მინდა დავეხმარო სოციალურად დაუცველ ადამინებს და ამ ყველაფრისთვის საკრებულოში ტრიბუნა მექნება. მე გავატარებ პრო-ქართულ პოლიტიკას და არა პრო-რუსულს, პრო-ამერიკულს ან პრო-ევროპულს.

- გიორგი, სხვა კანდიდატს რომ იგივე კითხვა დავუსვათ, ალბათ მასაც ექნება აბსოლუტურად ინდენტური პასუხი და რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ და არა მათ?

-ჩემ წარსულს თუ გადახედავთ არცერთ პარტიაში არ ვარ ნამყოფი, თუმცა ბევრი პარტიიდან მქონია შემოთავაზება. ჩემი პირიდან არავის არ გაუგია ტყუილი, თუ რამე შეცდომა მომსვლია, არ მომრიდებია აღიარება, არცერთ ბინძურ თამაშში არ მიმიღია მონაწილეობა.

- თქვენ აქტიურად გამოთქვამდით თქვენს შეხედულებებს სექსუალური უმცირესობასთან მიმართებაში, რომელსაც ისინი მათ წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვამდნენ...

- ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამ დაცვით ჩემი ღირსება არ უნდა შეილახოს. საძინებელში არავის ვუვარდები, რადგან ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ გარყვნილების პროპაგანდის უფლებას არავის არ მივცემ. მე ისიც არ მომწონს, ქუჩაში კაცი და ქალი რომ კოცნიან ერთმანეთს. თუ ამ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის მოფერება უნდათ, არსებობს ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც შეუძლიათ შექმნან, მაგრამ თუ არ უნდათ დაოჯახება, იქირავონ ბინა და იქ იცხოვრონ ერთად. პარკში, სადაც მიდის სექსუალური აქტის დასაწყისი, როგორ უნდა ასეირნო შვილი?! მე ხომ არ გამოვდივარ ქუჩაში და ვყვირი: ქალი მინდა, ქალი მინდა - მეთქი? და არც მათ უნდა იყვირონ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ქუჩაში შემხვედრია ცნობილი მამათმავალი და არასდროს არაფერი არ მითქვამს მისთვის, არც საყვედური და არც რამე სხვა, რადგან ამის უფლება არ მაქვს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)