"ბურჯანაძის მხრიდან ინცესტზე განცხადების გაკეთება არის უბინძურესი სპეკულაცია" - კვირის პალიტრა

"ბურჯანაძის მხრიდან ინცესტზე განცხადების გაკეთება არის უბინძურესი სპეკულაცია"

"ჩვენს ქვეყანაშიც ინცესტი კანონით არ არის აკრძალული"

"ხალხო, მიდით დედათქვენთან და მამათქვენთან, ასევე და-ძმებთან და რაღაცეები აკეთეთო, თუ რას ნიშნავს - დაკანონებულია?!"

"ეს არის ძალიან დაბალი დონის პროვოკაცია, რომელიც სოლიდურ პოლიტიკოსს არ ეკადრება."

ანტი-დისკრიმინაციული კანონის გარშემო კამათი გრძელდება. ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა ამ თემაზე განცხადება, მათ შორის, ნინო ბურჯანაძემაც, რომელიც ამ კანონს ინცესტის დაკანონების წინაპირობად მიიჩნევს. ნინო ბურჯანაძის ამ განცხადებაზე კომენტარი "რესპუბლიკური პარტიის" წევრს დავით ზურაბიშვილს ვთხოვეთ:

- თუ ქალბატონი ბურჯანაძე იმას გულისხმობს, რომ ინცესტი არაა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს მართლაც ასეა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ინცესტი კანონით არ არის აკრძალული და ამაზე სისხლის სამართლის მუხლი არაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინცესტი კარგია. ბურჯანაძის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არის უბინძურესი სპეკულაცია.

- ბურჯანაძე წერს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინცესტი დაკანონებულიაო..

- ეს სისულელეა. რას ნიშნავს დაკანონებულია?! რა, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ხალხო, მიდით დედათქვენთან და მამათქვენთან, ასევე და-ძმებთან და რაღაცეები აკეთეთო თუ რას ნიშნავს - დაკანონებულია?! თუ ბურჯანაძე იმას ეძახის დაკანონებას, რომ კანონით აკრძალული არაა, ეს საქართველოშიც ასეა. ჩვენთან სპეციალური მუხლი, რომ ინცესტზე ციხე იყოს, არ არსებობს. რა, ამის გამო უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ინცესტი დაკანონებულია?! ზოგიერთ ქვეყანაში არის სპეციალური მუხლი, სადაც ამის გამო აპატიმრებენ ადამიანებს, ზოგან არა, თორემ მორალური თვალსაზრისით ყველგან ცუდ ტონად ითვლება. ინცესტი ეს არის პათოლოგია.

- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და გარკვეული კატეგორიის ხალხისგან ხმების მოსაპოვებლად ხომ არ თქვა ეს ნინო ბურჯანაძემ?

- ეს არის ძალიან, ძალიან დაბალი დონის პროვოკაცია, რომელიც სოლიდურ პოლიტიკოსს არ ეკადრება. ხალხს უნდა აჩვენოს, რომ არიქა, ხელისუფლება რაღაც ძალიან ცუდს აპირებს და დროზე ვნახოთ საშველიო, მაშინ როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონში ამაზე საერთოდ არაა საუბარი, მაგრამ ყველას არ აქვს ეს კანონი წაკითხული და ბურჯანაძე ცდილობს ამ ხალხზე გავლენის მოხდენას. ის ადამიანების შიშებზე და ბნელ ფობიებზე თამაშობს, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასაკადრისია.

- როგორ ფიქრობთ, ხალხი დაუჯერებს?

- ვერ გეტყვით, ხალხი გაითვალისწინებს თუ არა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს განცხადება ისეთი ტყუილია, რომლის მხილებაც ძალიან ადვილია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)