"ნანუკა ჟორჟოლიანს რომ დახვეწილი და ჩამოყალიბებული აზროვნება გააჩნდეს, გაჩუმდებოდა" - კვირის პალიტრა

"ნანუკა ჟორჟოლიანს რომ დახვეწილი და ჩამოყალიბებული აზროვნება გააჩნდეს, გაჩუმდებოდა"

"უბრალოდ, ჩუმად იყოს!"

"კოდუას ცემა "ქართული ოცნების" იდიოტური საქციელის ბრალია"

"კაკალაშვილი რა პოეტიცაა, ის მეტაფორები აქვს."

ცოტა ხნის წინ დავით კოდუას ცემი ფაქტს გამოეხმაურა ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი და განაცხადა - "ეს არის ეშმაკის ბორბალი და მასზე ჩვენ ვიტრიალებთ დაუსრულებლად, რაც ძალიან ცუდი იქნება ჩვენი შვილების მომავლისთვისო". ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება ტელე-პროდიუსერმა ბაკურ სვანიძემ ისურვა:

ბაკურ სვანიძე:

- ეშმაკის ბორბალი გაჩერდება მაშინ, როდესაც ამ ბორბლიდან ეშმაკები ჩამოვლენ. სხვანაირად არა. ნანუკა ჟორჟოლიანის მენტორული ტონი არასწორია. ნანუკა, "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრი და მათი მხარდამჭერები ცდილობენ, რომ საზოგადოება გააღიზიანონ, როგორც ჩანს მოლაპარაკებული არიან და შემუშავებული აქვთ საერთო სტრატეგია.

- თავად დავით კოდუას ცემის ფაქტს როგორ შეაფასებთ?

- კოდუას ცემის ფაქტს რაც შეეხება, ეგ უფრო "ქართული ოცნების" იდიოტური საქციელის ბრალია.

- ანუ რადგან ხალხმა ხელისუფლებისაგან სამართლის აღდგენა ვერ დაინახა, თვითონ დაიწყო ეს პროცესი?

- ბუნებრივია. ეს კარგი და მისასალმებელი ნამდვილად არაა, უბრალოდ ესაა ლოგიკური შედეგი. კოდუას ცემას არ ვამართლებ, მაგრამ რადგან მე ვამბობ ცუდია, ის გამწარებული ადამიანი გაჩერდება?! თუ "ქართულმა ოცნებამ" ისევ ასეთი იდიოტური ნაბიჯები გადადგა, ეს პროცესი ისევ გაგრძელდება.

- როგორ ფიქრობ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ მენტორული სტატუსების გამო, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს?

- არა, მე არ ვამბობ, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოუხადოს. უბრალოდ ჩუმად იყოს. გასაგებია, რომ მაზლის ცემა გააპროტესტა (რაშიც მართალი იყო), მაგრამ მორჩი რა და მენტორული ტონით ნუღარ გააგრძელებ საუბარს. ეს საზოგადოების ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს. მას რომ დახვეწილი და ჩამოყალიბებული აზროვნება გააჩნდეს გაჩუმდებოდა. ნანუკას არავინ სთხოვს, რომ ვინმეს ფეხებში ჩაუვარდეს და საკუთარი ქმრის გამო პატიება თხოვოს, ჰოდა, უბრალოდ გაჩუმდეს.

- ნანუკას იქნებ მართლაც სჯერა, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა...

- ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, შესაძლოა სჯერა კიდეც. ჩვენს რეალობაშიც ბევრია ასეთი. იგივე ანი ნადარეიშვილი - ბაჩო ახალაიას მეუღლე, ეკა კვესიტაძე - შოთა უტიაშვილი მეუღლე და სხვ. ამ ქალბატონებმა ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მონანიებისკენ მოუწოდონ, გამწარებით იცავენ საკუთარ ქმრებს.

- სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პოეტმა სერგი კაკალაშვილმა ეს ქალბატონები ქეთევან დედოფალს, ოთარაანთ ქვრივს და სხვა ქართველ მანდილოსნებს შეადარა, რამდენად ადეკვატურია ეს შედარება?

- რა შეიძლება ვთქვა კაკალაშვილზე? ეგ რა პოეტიცაა, ის მეტაფორები აქვს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)