"მაგიდაზე რაც დავინახე, ცოტა არ იყოს, მიუღებელი იყო... რას იზამ, ეს საქართველოა..." - კვირის პალიტრა

"მაგიდაზე რაც დავინახე, ცოტა არ იყოს, მიუღებელი იყო... რას იზამ, ეს საქართველოა..."

"მაია ფანჯიკიძის გემოვნებაზე საუბარი არ მინდა... ჩემს გემოვნებაში არ ჯდება პატარა მაგიდაზე შემოდგმული სამი თეფში, წყლის ბოთლები და რაღაც შავი სითხე გრაფინში..."

"რას ვიზამთ, რა ქვეყანაც გვაქვს, ისეთი მისაღები გვაქვს..."

საფრანგეთის პირველი პირის ვიზიტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მასპინძლობა ქილიკის მიზეზი ალბათ კიდევ დიდხანს იქნება... ფრანსუა ოლანდისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა - ინტერნეტ-მომხმარებლების უკმაყოფილება საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ფორმამ გამოიწვია. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ალაგია მაგიდაზე ტკბილეული და სასმელები.

ფრანსუა ოლანდის ვიზიტის დეტალებს ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, მამუკა ჟღენტიც გამოეხმაურა.

- დავიწყოთ იქიდან, რომ მაია ფანჯიკიძის გემოვნებაზე საუბარი არ მინდა... არ მინდა ამაზე აქცენტის გაკეთება. ამ შემთხვევაში, სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა, მიღების ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ასეთი მოკრძალებული მასპინძლობა, ნოდარ ხადურის მუდმივ კრიტიკას დაუკავშირა, - უცხოელი სტუმრებისთვის სხვადასხვა რესტორნებში გაწეულ ხარჯებს ვგულისხმობ...

- იცით, მაგიდაზე რაც დავინახე, ცოტა არ იყოს, მიუღებელი იყო. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება პატარა მაგიდაზე შემოდგმული სამი თეფში, წყლის ბოთლები და რაღაც შავი სითხე გრაფინში... როდესაც აეროპორტის მისაღებში, რამდენიმე წუთიანი საპროტოკოლო შეხვედრა იმართება, ასე გაშლილი სუფრა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, როგორც გითხარით, ეს გემოვნების ამბავია, რაზეც საუბარი არ მინდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონია...

- საზოგადოების ერთ ნაწილს ეგონა, რომ ეს ოთახი საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ოთახი იყო...

- არა, ეს არის აეროპორტის "ვიაიპი" მისაღები. რას ვიზამთ, რა ქვეყანაც გვაქვს, ისეთი მისაღები გვაქვს...

- ანუ ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ჩამონათვალში მოხვდა, მითია?

- გასაგებია, მაგრამ არის შენობის ძველი მისაღები და ახალი... ეს არ არის ცენტრალური შენობა. იქ რატომ გადაწყვიტეს ასეთი დონის სტუმრის მიღება, ამაზე პასუხი არ მაქვს... რას იზამ, როგორც გითხარით, საქართველოა. საუდის არაბეთში რომ ჩასულიყო, ალბათ საოცარ დარბაზში მიიღებდნენ. რაც არის, ეგ არის.. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, სხვა მხარე მაინც ყოფილიყო მოწესრიგებული.

- ანუ?

- ანუ როდესაც საფრანგეთის დონის პრეზიდენტი ჩამოდის, თანაც, იმ პერიოდში, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელია მოსაწერი და კარზე მოგვადგა რუსეთი, რომელიც ჩვენ კი არა, იმხელა სახელმწიფოს, როგორც არის უკრაინა, მთელმა მსოფლიომ ნახა, რასაც უშვება, ასეთი სიტუაციაში ცოტა მეტი კეთილგანწყობისა და დიპლომატიურობის გამოჩენაა საჭირო.

- რას გულისხმობთ?..

- იმას, რომ პროტოკოლის თვალსაზრისით, როდესაც პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება, შეცდომა არ არის, კი ბატონო, დაშვებულია, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენ ახლა სხვა ვითარებაში ვიმყოფებით: ფრანსუა ოლანდის რანგის პირს აეროპორტში სულ მცირე ვიცე-პრემიერის რანგის პერსონა მაინც უნდა დახვედროდა. ანუ ირაკლი ღარიბაშვილი თუ არა, კახი კალაძე მაინც რომ დახვედროდა, მშვენიერი ჟესტი იქნებოდა. თუ პრეზიდენტი დახვდებოდა, ამითაც არ დაშავდებოდა რამე, პირიქით, ამით ხაზი გაესმებოდა, რომ საფრანგეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასეთ შემთხვევაში, დამოკიდებულების ყველანაირ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენ კი ეს არ გავითვალისწინეთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)