"შსს მოადგილეებმა ინფორმაცია "ნაციონალებთან" "გაჟონეს" – რას ამხელს ლალი მოროშკინა - კვირის პალიტრა

"შსს მოადგილეებმა ინფორმაცია "ნაციონალებთან" "გაჟონეს" – რას ამხელს ლალი მოროშკინა

"კალაძე ხვდება, რომ უმძიმესი მდგომარეობაა"

"დარბაისელი დღესაც აქტიური ნარკომანია"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო, ამის მიზეზი კი დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის პოლიტიკა გახდა. ჩვენ დავუკავშირდით ლალი მოროშკინას და კომენტარი ვთხოვეთ:

- მე შიმშილობაზე განცხადება არ გამიკეთებია. ეს ლაშა ამირეჯიბმა დაწერა. პირიქით, ამჯერად ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგადაა. მე შევხვდი კახი კალაძეს, რომელმაც გულისყურით მომისმინა და დარწმუნებული ვარ, ამას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

- მართალია, რომ ყოფილი "ზონდერები" დღესაც მუშაობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში?

- გაშიფრული ზონდერები იქ დღესაც არიან, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 26 მაისის, 7 ნოემბრის, 6 მაისის დარბევებში და ამ ხალხმა დეკემბრის თვეში 40 000 ლარამდე პრემია მიიღო. მათი იქ ყოფნა პირდაპირ შედის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში, რომლებმაც ჩანერგეს დიმიტრი დარბაისელი ამ უწყებაში. მათ უნდათ ციხე არიონ არჩევნებამდე.

- დარბაისელის წარსული უშიშროებაში ხომ იცოდნენ და რატომ დათანხმდნენ მის იქ დანიშვნას?

- მე ეგ ნამდვილად არ ვიცი. კადრი, რომელიც სამსახურიდან რამოდენიმეჯერ იყო გაშვებული დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე და ნარკოტიკის მოხმარებაზე (და დღესაც აქტიური მომხმარებელია) იქ არ უნდა მუშაობდეს. მისი იქ დანიშვნა ძალიან დიდი შეცდომა იყო.

- ქალბატონო ლალი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა სია, სადაც საუბარი სწორედ იმ პრემიებზეა, რომელზეც თქვენ ბრძანებთ...

- სია, რომელმაც გამოჟონა და "ნაცმოძრაობამ" გაახმოვანა, შსს-ს და სუს-ს მე მივაწოდე. ეს იყო კონფედენციალური და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამჟღავნებულიყო. ახლა ნაციონალები რომ მოითხოვენ დარბაისელის ვითომდა გადადგომას, ეს არის ფანდი მის დასაცავად. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი თვის წინ ჰქონდა შსს-ს და იქიდან ღალატით მოხდა ამის მიწოდება "ნაციონალებისთვის". ისინი ახლა აწარმოებენ დარბაისელის გადარჩენის სტრატეგიას - თუ იყვირებენ, მოხსენით დარბაისელი, მთავრობა მათ არ დაუჯერებს და ის ისევ დარჩება თანამდებობაზე, მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ ვერ გადაარჩენენ, რადგან დარბაისელი გაშიფრულია. სხვათაშორის, ეს სია უნდა გაესაჯაროებინა მთავრობას, მაგრამ "ნაციონალებმა" დაასწრეს.

- ის, რომ შსს-დან ინფორმაციამ გამოჟონა, მიუთითებს თუ არა სისტემის სისუსტეზე?

- რა თმა უნდა, ეს მიუთითებს სისტემის სისუსტეზე. მე არ ვიცი პორტატული აპარტით ხდებოდა მოსმენა თუ ვისაც ვუთხარი, უშუალოდ იმ სამი პიროვნებისგან გაჟონა ინფორმაციამ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია "ნაციონალებამდე" მივიდა, ხოლო მათ დიმიტრი დარბაისელის გადასარჩენად ფარსი დადგეს.

- ამბობთ, რომ კალაძეს შეხვდით. სხვა მაღალჩინოსებთანაც ხომ არ გეგმავთ შეხვედრას?

- მას შევხვდი გუშინ საღამოს. კალაძე ხვდება, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. ვფიქრობ, რომ უსწრაფეს ღონისძიებებს გაატარებს. მგონია, რომ კახი კალაძეს აქვს იმ დონის გავლენა, რომ ეს პრობელმა გადაწყვიტოს. მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც ორი თვის წინ ვენდე და ეს ინფორმაცია შსს-ს მაღალჩინოსნებს მივაწოდე, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იქიდან გაჟონავდა ინფორმაცია. როგორც ჩანს, აჯობებდა უშუალოდ პრემირ-მინისტრთან ან პრემიერთან მიმეტანა.

- იქნებ გვითხართ კონკრეტულად ვის მიაწოდეთ ეს ინფორმაცია?

- ესენი არიან შსს-ს მაღალჩინოსნები, რანგით მეორე ფიგურები.

- ანუ მოადგილეები?

- დიახ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)