მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გამოპრემიებულები

რა თქმა უნდა, მაღალი ხელფასები და პრემიები კორუფციის პრევენციაა, მაგრამ ჩემთვის, უბრალო მოქალაქისთვის,  რა მნიშვნელობა აქვს, ბიუჯეტს როგორ გაძარცვავ - კანონიერად თუ უკანონოდ? მერე რა, რომ ქვეყანაში პენსია რეალურ საარსებო მინიმუმს ვერ აღწევს და დაპირება, რომ საარსებო მინიმუმი დაზუსტდებოდა, არ სრულდება... ამ ფონზე სამინისტროებმა ათეულ ათასობით ლარის პრემიები გასცეს. თეა წულუკიანმა კი განაცხადა, თუ ჩვენ მაღალ ხელფასებს არ გადავუხდით, კერძო სექტორში წავლენ და სახელმწიფო სამსახურები პროფესიონალების გარეშე დარჩებაო.

პროფესიონალიზმი, იცოცხლე, კარგია, მაგრამ სინდისი, ნამუსი, მორალი სახელმწიფო სამსახურში საჭირო აღარ არის?

ჯერ ხალხს შეღავათი მიეცი - ან სამუშაო ადგილები შექმენი, ან პენსია გაზარდე, რომ მერე შენც დამსახურებულად გაიზარდო პრემია თუ ხელფასი. პრობლემა სწორედ ეს არის, ჯერ რომ არაფერი გაგიკეთებია და უკვე საკუთარი თავის დასაჩუქრებაზე ზრუნავ.

წელიწადში პრემიად რამდენიმე ათეული ათასის აღებას კიდევ რა უჭირს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სულაც რეკორდი მოხსნეს! სულ რაღაც ერთი თვის მისულმა ახალმა თავმჯდომარემ "დარბაისლური" საქციელი ჩაიდინა, თავის მოადგილეებს და სხვა ხელმძღვანელებს რამდენიმე ათეული ათასი პრემია გამოუწერა. ყველაზე "დამსახურებულს" 38 000 ლარი ერგო, დანარჩენებს - რამდენიმე ათასით ნაკლები, მაგრამ ბედის და უფროსის სამდურავი მაინც არ ეთქმით - რამდენიმე მანქანის საყიდელი ფული ერთ თვეში იშოვეს (თუმცა, მანქანასაც გააჩნია). დეპარტამენტის თავმჯდომარემ მინისტრთან თურმე თავი ასე იმართლა: წლის ბოლოს ფული დაგვრჩა და გავანაწილეთო. მართლებიც არიან. აბა, ბიუჯეტში ხომ არ დააბრუნებდნენ ზოგიერთი გამოუცდელი მინისტრივით?

თავის მართლებამ მინისტრ  სუბარსაც მოუწია. - მე არ შემითანხმა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ეს ყველაფერი და როდესაც გავიგე, მკაცრად ვუსაყვედურეო. ჩემს რედაქტორს მივმართავ თხოვნით: შეგიძლიათ, დღეში ასჯერ მისაყვედუროთ უმკაცრესად, თუ თვის ბოლოს 38 000-ს მომცემთ!

გულისრევა

წინა კვირის დასაწყისში კიდევ ერთხელ ვნახეთ კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლების უსუსური თავის მართლება, თუმცა, ამჯერად - საკმაოდ ორიგინალური.  ხელისუფლებამ განაცხადა, ჩვენ კი არა, ოპოზიცია გისმენთ, ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ, აპარატურა მოიპარეს და ახლა ვისაც მოუნდებათ, იმას მოუსმენენო. ეს დანაკარგი ჩვენ მაშინვე კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ წელიწად-ნახევარია, ვერაფერი გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ამ აპარატურის აღმოჩენას სხვა აპარატურის ყიდვა სჭირდება, რომელიც ძალიან ძვირიაო. ნახეთ, როგორი სიტუაციაა: სახელმწიფოში დაკარგულია სპეცსამსახურების ტექნიკა, რომლითაც თურმე შეიძლება ყველას მოუსმინონ - პრემიერ-მინისტრსაც კი და მთავრობას ფული ენანება ამ აპარატურის და დამნაშავის საპოვნელად! ერთი სიტყვით,  ან ჩვენს მთავრობას სულელები ვგონივართ, ან... არა, აღარ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ...

კიდევ ერთი პრობლემა - ხალხი მზად არის, "ნაციონალურ მოძრაობაზე" ყველაფერი დაიჯეროს, თუმცა ეს "ნაცებმა" იდარდონ. მე შეკითხვა მაქვს: ასეც რომ იყოს, მე, ამ ქვეყნის მოქალაქემ, პასუხი ვის უნდა მოვთხოვო? გვარამიას? ოპოზიციას? მე ხომ პასუხი ხელისუფლებამ უნდა გამცეს და რადგან ასეა, მაშ, გამოიძიოს და მითხრას სიმართლე. მე რა საქმე მაქვს კერძო პირთან, ნიკა გვარამიასთან? ის მე არ დამინიშნავს "რუსთავი 2"-ის დირექტორად და ვერც მოვხსნი. მე საქმე ხელისუფლებასთან მაქვს, ხელისუფლება კი ხელს სხვისკენ იშვერს და ამავე დროს ცდილობს, რაც შეიძლება გააჭიანუროს კანონში იმ ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს  მოსასმენ აპარატურაზე ხელი აღარ მიუწვდებათ და იძულებული იქნებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩართვის ნებართვა მობილურ კომპანიებს სთხოვონ. ამ ცვლილების გარეშე ყველა სხვა შესწორებას აზრი ეკარგება. თუ სამართალდამცავები ისევ ადვილად ჩაიგდებენ ხელში მოსასმენ აპარატურას, ვინ უნდა გააკონტროლოს, კანონიერად გვისმენენ თუ უკანონოდ?

თუმცა, ჯერჯერობით კანონი ვერ მივიღეთ. პარლამენტის სხდომა, რომელზეც ამ საკითხისთვის კენჭი უნდა ეყარათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ზოგჯერ მგონია, რომ მართლა, ციყვისა არ იყოს, ერთ ბორბალში ვტრიალებთ და უკვე გულისრევა მეწყება...

გადავრჩენილვართ!

წინა კვირას საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვია. ხომ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა მოხდებოდა? ერთი კვირით ადრე უკვე თავი გვექნებოდა გადაჭმული, ნახეთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოდისო. არ გახსოვთ, რაები ჩაიდინა, სარკოზი რომ ჩამოვიდა? ის დღე საერთოდ დასვენების დღედ გამოაცხადა და ახალი დღესასწაული -  "სარკოზობაც" მივიღეთ. მაშინ ნამდვილად გამიკვირდა, როგორ მოხდა, რომ სააკაშვილმა თბილისის რომელიმე ქუჩას სარკოზის სახელი არ უწოდა.

ახალმა მთავრობამ კი რა ქნა? ოლანდის ვიზიტმა ისე ჩაიარა, ზოგმა შეიძლება მისი სტუმრობაც ვერ გაიგო. ფანჯიკიძე მას სულაც აეროპორტის შენობაში - პრინტერებისა და ქსეროქსის აპარატების გარემოცვაში შეხვდა, მაგიდაზე ეკლერით და გრაფინში - წვენით. ამასობაში კი ჩვენ იმას ვარკვევდით, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ვინ უნდა მოაწეროს -– პრემიერმა თუ პრეზიდენტმა. ჰოდა, რომ გვეგონა, ამის გამო ერთმანეთს დახოცავენო, უცებ ჟურნალისტებმა რესტორანში ერთად ვახშმობისას გამოიჭირეს ბატონი ირაკლი და ბატონი გიორგი. მოკლედ, იმ დღის მთავარი ახალი ამბავი ის იყო, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთად ივახშმეს! და მთელმა საქართველომაც შვებით ამოისუნთქა - ეგენი თუ შერიგდნენ, გადავრჩენილვართ და ეგაა!..