ნინა წკრიალაშვილი: "ღამე სამმა ბიჭმა დამიკაკუნა, სურდათ, კარი გამეღო და შემოსულიყვნენ..." - კვირის პალიტრა

ნინა წკრიალაშვილი: "ღამე სამმა ბიჭმა დამიკაკუნა, სურდათ, კარი გამეღო და შემოსულიყვნენ..."

”ისეთი დრო მოვიდა, საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია”

"ყოველდღე ვიღაცას კლავენ, ჭრიან, ცემენ, ბანკებს აყაჩაღებენ...

"ყველამ ნახა, რომ "ცოცხები" დადგმული კადრი იყო"

”ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტია იქნება მმართველი და რა გვარი იქნება სათავეში. მთავარია ქვეყანა წინ მიდიოდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ რეალობა სავავალალოა” - ამბობს მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართავს..

- ფაქტია, რომ ღამე გარეთ გასვლა საშიშია. ყოველდღე ვიღაცას კლავენ, ჭრიან, ცემენ, ბანკებს აყაჩაღებენ. მე უკვე ორჯერ მქონდა შემთხვევა: ღამე სამმა ბიჭმა დამიკაკუნა, ვითომ პოლიციიდან იყვნენ, სურდათ, კარი გამეღო და შემოსულიყვნენ... მოვთხოვე, გვარები ეთქვათ და ვკითხე, რატომ სურდათ შემოსვლა. ვუთხარი რომ მათ გვარებს მინისტრთან გადავამოწმებდი, ამის შეეშინდათ და გაიქცნენ... ერთი შემთხვევა იანვარში მოხდა და მეორე 2 დღის უკან.…ამიტომ ვფიქრობ საგანგაშო სიტუაციაა. ძალიან მაღიზიანებს ყველა დანით რომ დადის და თან ისე, რომ შარვლიდან უჩანთ. ეს ყველაფერი არამარტო მე მაშინებს, არამედ ყველას ვისაც უკვე მოზრდილი შვილი ჰყავს. ისეთი დრო მოვიდა, საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია. სანამ დაბრუნდება, გიჟივით ფანჯარასთან ვზივარ. ადრე, თუნდაც 2-3 წლის წინ, არ მეშინოდა, ეზოში რომ იყო თუნდაც 12 საათამდე. მე პირადად ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, გაამკაცრონ ზომები, რადგან ყველამ ერთად მშვიდად ვიცხოვროთ მშვიდ და ევროპულ საქართველოში.

- გინდათ თქვათ, რომ წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად იყვნენ ადამიანები დაცულები?

- ვინც ამას ვერ ხედავს, ეს უკვე მისი პრობლემაა. აშკარაა, რომ ყველა ის რეფორმა, რაც გასული 9 წლის განმავლობაში მოხდა, ინერციით მოათრევს დღემდე ქვეყანას და როდემდე ეყოფა, არ ვიცი... უკან წავედით ყველანაირად სამწუხაროდ. მე ვისურვებდი, იგივე ტემპით წავიდეს ქვეყანა წინ, როგორც წინა 9 წელს ხდებოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტია იქნება მმართველი და რა გვარი იქნება სათავეში. მთავარია ქვეყანა წინ მიდიოდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ რეალობა სავავალალოა .

- იმ ხელისუფლებას არ დაარქვეს ”ცოცხების მთავრობა”?

- რა ცოცხების მთავრობა?! ყველამ კარგად ნახა, კონკრეტულად ცოცხებზე რომ დადგმული კადრი იყო. თუმცა მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუნდაც ოჯახში ძალადობის დროს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)