გასახლებული ქართველების ადგილს სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზები დაიკავებენ? (ექსლუზივი) - კვირის პალიტრა

გასახლებული ქართველების ადგილს სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზები დაიკავებენ? (ექსლუზივი)

"ანქვაბ, წადი!" - ამ შინაარსის ლოზუნგებით რამდენიმე დღეა, სოხუმის ცენტრში ხალხმრავალი აქციები დაიწყო... ოპოზიცია, რომელსაც სათავეში რაულ ხაჯიმბა უდგას, ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის გადაყენებით იმუქრება...

რაულ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში აფხაზეთში არავითარი რეფორმა არ ტარდება; "ქვეყანა" კორუფციაშია ჩაფლული; ყველა უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ადამიანები ნაცნობობით ინიშნებიან; კლანური ბიზნესი აყვავდა და მთელი აფხაზეთი, არალეგალური იარაღისა და ნარკოტიკის ბიზნესშია გასვრილი, რასაც წლებია კატასტროფული შედეგი მოაქვს, - მუდმივი კრიმინალური გარჩევები და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდები. ამ და სხვა პრობლემებს შორის, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გასახლება გახმოვანდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თენგიზ აგრბა აცხადებს, რომ ოპოზიცია, მაქსიმალურად შეეცდება, დაპირისპირება სისხლიან შეტაკებაში არ გადაიზარდოს. ჩვენ მათ სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით.

თენგიზ აგრბა:

- მთავრობის სახლთან 5 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი და როდესაც პრეზიდენტის გაქცევის ინფორმაცია გავრცელდა, სიტუაცია ლამის უკონტროლო გახდა... ალიკა ანქვაბი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ლიდერია, ვინც აფხაზეთს ჰყოლია. ყველა სახელმწიფოუწყებაში განუკითხაობაა. მას აფხაზი მოსახლეობის სასარგებლოდ არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია, რაც ძალიან მძიმედ აისახა ჩვენზე, უბრალო ხალხზე. პირადად მისი ინიციატივით მოხდა ოჩამჩირისა და გალის მოსახლეობის უკანონო "პასპორტიზაცია"... არადა, ანქვაბი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და მაშინ მისი პატრიოტიზმის გვჯეროდა...

ლეილა, სოხუმელი აფხაზი:

- ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სულ მალე აფხაზეთში დემოგრაფიული კრიზისი დაიწყება. მე თავად ვმუშაობდი ამ კვლევაზე, 2012 წლის მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობს 250 705 ადამიანი ცხოვრობს, აქედან: აფხაზი - 47,6 %; ქართველი - 19,3%; სომეხი - 17,4%; რუსი - 10 %; დანარჩენი 3,3% - ბერძნები, უკრაინელები, არიან... იმ პოლიტიკით, რასაც ანქვაბის ხელისუფლება ატარებს, სულ მალე უმცირესობაში აღმოვჩნდებით, ამიტომაც მოვითხოვეთ ოჩიმჩირესა და გალიდან ქართველების გასახლება.

- ამ შემთხვევაში ვინ უნდა ჩასახლდეს იმ ადგილას?..

- თუნდაც, სირიიდან ჩამოსახლებული რეპატრიანტი აფხაზები, რომლებიც გუდაუთის მთიან ადგილებში კომპაქტურად ჩაასახლეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ენგურის საზღვარზე, სირიიდან ჩამოსულ აფხაზებს ჩაასახლებენ. რაც შეეხება გასახლებას, დაახლოებით, 50 ათასამდე ქართველზეა საუბარი, რომლებსაც უკანონო აფხაზური პასპორტები აქვთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აფხაზეთს წიაღს არ უბრუნდებიან. აფხაზეთი მხოლოდ ეკონომიკურად სჭირდებათ. მათგან თითო-ოროლა უშვებს შვილს სასწავლებლად და სამუშაოდ სოხუმსა და სხვა ქალაქებში, ყველა ცდილობს თბილისში ან პირდაპირ საზღვარგარეთ წავიდეს... არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ აფხაზური სახელმწიფო ენაა, რუსულად და ქართულად საუბრობენ. მათზე გვაქვს საუბარი, თორემ სოხუმსა და დანარჩენ ქალაქებში, ასობით ქართველი ცხოვრობს, მათYარავინ ერჩის. სოხუმში დღემდე ცხოვრობენ, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) დები, მათ ყველა პატივს სცემს, რადგან თავიანთი ქალაქის ღირსეული შვილები არიან.

ანქვაბის არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ აფხაზეთის "ენგურჰესი" ქართველებით არის სავსე, ჩვენები კი უმუშევრად არიან. უმუშევრობის ნიადაგზე, კრიმინალი ლამის ცხოვრების წესი გახდა. ახალგაზრდების 80%-ზე მეტი, ნარკოდამოკიდებულია…

- რას ელით აქციებისგან?..

- დუღილის ტემპერატურა მატულობს. თუ ყველაფერი მალე არ მოგვარდა, შესაძლოა, სისხლი დაღვაროს, რადგან როგორც ზემოთ ვახსენე, არალეგალური იარაღი აქ ჩვეულებრივი რამ არის... გალისა და ოჩამჩირის აფხაზეთში ინტეგრაცია უნდა მოხდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ ბაზარზეა ორიენტირებული, ასე არ შეიძლება.

- მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაულ ხაჯიმბა რუსეთის კადრია...

- ეს მისი მონაწინააღმდეგების მიერ გავრცელებული ჭორია, რომელიც ქართულმა მხარემ აიტაცა. ქართული მასმედია მუდმივად ცდილობს, აფხაზი ხალხი დააკნინოს, - თითქოს ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. არ არის ასე, - აფხაზეთის სათავეში ვერ მოვა ადამიანი, რომელიც აფხაზეთის რუსეთთან ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე ირიბად მაინც ილაპარაკებს. ეკონომიკური და ბიზნესთანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მიერთებას...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)