"ჩვენს შვილებს უკეთეს ქალაქს დავუტოვებთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენს შვილებს უკეთეს ქალაქს დავუტოვებთ"

"ათი პროექტი უკვე მზად არის, რომლის განხორციელებაც განსაკუთრებით გადატვირთულ უბნებს განტვირთავს"

"4 წელიწადში 30 კორპუსის ჩანაცვლებას და ძველ უბნებში 50 სახლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ"

"საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის "სითი პარკი". ამ კომპანიას ხშირად პარკირებისთვის დაკავებული აქვს სავალი გზის ნაწილი"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს არის მომდგარი, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესებიც პიკზეა. დედაქალაქის მოსახლეობას 15 ივნისს მერის არჩევა 14 კანდიდატიდან მოუწევს, მათგან არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით ყველაზე სტაჟიანი როინ ლიპარტელიანია, ყველაზე ახალგაზრდა კი - ირაკლი ღლონტი. კანდიდატებიდან ორი ქალია - ირმა ინაშვილი და ასმათ ტყაბლაძე. რას ჰპირდებიან თბილისის მერობის კანდიდატები ამომრჩეველს და როგორ აპირებენ დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას? - გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ამის გარკვევას ოთხ ძირითად კანდიდატთან შევეცადეთ.

გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია:

- რას მიიჩნევთ დედაქალაქის უმთავრეს პრობლემად?

- უპირველესი უმუშევრობა და სხვა სოციალური პრობლემებია. მერიას, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არსენალში უმუშევრობის დასაძლევად ბევრი ინსტრუმენტი არა აქვს, მაგრამ ოთხი მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ. ვაპირებთ იმ პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების გაზრდას, რომლებიც მოქალაქეთა დასაქმების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროგრამებს. ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების ცენტრის, ე.წ. "ბიზნესინკუბატორის" შექმნას, სადაც კვალიფიციური კონსულტაციები გაეწევა დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებს. გვექნება სამშენებლო, ტურისტული და სხვა სექტორების მხარდაჭერის პროგრამები, რაც უფრო მეტი მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობას მოგვცემს. ვგეგმავთ ასევე მუნიციპალური გადამზადების პროგრამებს, ვიზრუნებთ იმ პირთა გადამზადებაზე, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ.

მართალია, ჩვენმა ხელისუფლებამ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის უპრეცედენტო პროგრამა განახორციელა, მაგრამ არის ცალკეულ მედიკამენტებსა თუ ოპერაციებზე მოთხოვნა, რასაც უკვე მოქმედი პროგრამა არ აფინანსებს, ამიტომაც ჩვენი მუნიციპალური პროგრამები ასეთი კატეგორიის მოქალაქეებს მოემსახურება. გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები კომუნალური გადასახადების შეღავათებით ისარგებლებენ, გათავისუფლდებიან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურისგან. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ პროგრამებზე 800 მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ.

- თბილისის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ავარიულ შენობა-ნაგებობებს უკავშირდება...

- ეს პრობლემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული დაზიანებული შენობა-ნაგებობები, მეორეა სხვა უბნებში არსებული ავარიული კორპუსები. ისტორიულ ნაწილში მდებარე სახლების დიდი ნაწილისთვის აუცილებელია ძველი სახის შენარჩუნება. გარდა ამისა, ძველი ქალაქის ნაწილში კოეფიციენტების გაზრდა შეზღუდულია, აქედან გამომდინარე, აქ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმით უნდა ვიმუშაოთ, რაც გულისხმობს, რომ მერიამ უნდა მოამზადოს განვითარების პროექტები, მოაწესრიგოს საჯარო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ფასადი და შემდგომი განვითარებისთვის გადასცეს ინვესტორს, თან პროექტი ისე უნდა შესთავაზოს, რომ მისთვის საინტერესო იყოს, ანუ მისცეს ინვესტორს დამატებითი ფართობის მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება ე.წ. "ხრუშჩოვკებს", აქ ავთენტურობის შენარჩუნება არ არის საჭირო, შესაბამისად, სხვაგვარი მიდგომა გვექნება...

- ეს ძალიან მასშტაბური პრობლემაა, რაც ერთ საარჩევნო ციკლში ვერ მოგვარდება, როგორ ფიქრობთ, რა ნაწილის რეაბილიტაცია მოხერხდება მომავალ ოთხ წელიწადში?

- ამ პერიოდში დაახლოებით 30-მდე კორპუსის ჩანაცვლება და ძველ უბნებში 50 ან ცოტა მეტი სახლის რეაბილიტაცია თუ მოვახერხეთ, კარგი შედეგი იქნება.  პროგრამაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უკავია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. თბილისში ოთხი წლის განმავლობაში მილიონი ხის დარგვა იგეგმება, ასევე ვაპირებთ მტკვრის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებასა და მის გაწმენდას. ვიმედოვნებთ, ჩვენს შვილებს უკეთეს ქალაქს დავუტოვებთ.

- მილიონი ხე ახსენეთ, თქვენი ეს ინიციატივა ოპონენტების ქილიკის საბაბად იქცა.

- ჰაერზე არაფერი მითქვამს, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან, დავიანგარიშეთ ბევრი რამ და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბევრი ტერიტორიაა დედაქალაქშიც და მის შემოგარენშიც, რომლის გამწვანებაც აუცილებელია. ასევე აეროპორტის, დიდი დიღმისა და ნუცუბიძის პლატოს მიმდებარე ტერიტორიებზე სამი ქარსაცავი ზოლი უნდა გაკეთდეს.

- ბატონო დავით, დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს ის, რომ ვერა და ვერ ახერხებენ საკუთრების - უძრავი ქონებისა თუ მიწის ნაკვეთების დაკანონებას.

- ამ მიზნით ვაპირებთ თბილისის საკრებულოში შევქმნათ მიწისა და ქონების ლეგალიზაციის კომისია, რომელიც მიიღებს ამ მოქალაქეებისგან დოკუმენტებს, განაცხადებს, დაამუშავებს და ეტაპობრივად მოახდენს ლეგალიზაციას. დასასრულ, რეგისტრაციისთვის მომზადებულ დოკუმენტაციას გადაუგზავნის საჯარო რეესტრს. ასევე ვაპირებთ ქალაქში არსებული ქონების აღწერასაც, რათა გაირკვეს, რა ქონებაა სახელმწიფოსი და რა - მუნიციპალური და კერძო. ჩვენი მმართველობის პერიოდში აუცილებლად გაკეთდება ქალაქის ახალი გენერალური გეგმა, რასაც, მინიმუმ, წელიწადი დასჭირდება. გეგმა იქნება რამდენიმე მიმართულებად დაყოფილი, ცალკე გამოიყოფა გამწვანებისა და რეკრეაციული ზონები, ცალკე - სამშენებლო-სამრეწველო. ასევე ცალკე იქნება ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები.

- კიდევ ერთი პრობლემაა მერიის მიერ ისეთ მშენებლობებზე გაცემული ნებართვები, რომელთა გამო ქალაქი მახინჯდება. მაგალითისთვის სპორტის სასახლესთან მიმდინარე მშენებლობებიც კმარა...

- ფაქტია, რომ მემკვიდრეობით გვერგო არაერთი გაუმართლებელი მშენებლობა, რომელიც დღეს კანონიერად მიიჩნევა. ჩვენ ყველა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შევისწავლით და თუ დადგინდება, რომ სადმე დანაშაულის ნიშნებია, რეაგირებისთვის ეს მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება. იქ, სადაც დოკუმენტაცია წესრიგში იქნება და მშენებლობაც დაწყებულია, მისი შეჩერება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. თბილისის მერიაში იქნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც დაკომპლექტდება სპეციალისტებისგან. სწორედ ეს სამსახური შეისწავლის წინა ხელისუფლების დარღვევებს.

- დედაქალაქის კიდევ ერთი პრობლემა გადატვირთული გზებია.

- საცობების პრობლემა ერთ-ერთი მთავარია, მისი სრულად გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი გეგმის მიხედვით აუცილებლად შევამცირებთ საცობების მოცულობას. უპირველესად, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები. ათი ასეთი პროექტი უკვე მზად არის, რომლის განხორციელებაც განსაკუთრებით გადატვირთულ უბნებს განტვირთავს. მაგალითად, პუშკინის ქუჩასა და თამარაშვილის პროსპექტზე გაკეთდება ესტაკადები, იგეგმება "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე გზის გაფართოება და ა.შ.  დღის განმავლობაში მაქსიმალურად შეიზღუდება დედაქალაქში დასუფთავების მანქანების მიმოსვლა; გარდა ამისა, საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის "სითი პარკი". ამ კომპანიას ხშირად პარკირებისთვის დაკავებული აქვს სავალი გზის ნაწილი, რომელიც უნდა გამოთავისუფლდეს.

- რას იტყვით საარჩევნო გარემოზე. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ზოგიერთ კანდიდატზე ზეწოლას ახდენს.

- ზეწოლის თაობაზე ლაპარაკი მეც მოვისმინე, თუმცა, ამის არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დასახელებულა.

- დიდი ხმაური იყო მარნეულში. "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ გამგებლობის მათ კანდიდატს ხელისუფლება უქმნის პრობლემებს.

- ეს ხმაური ჩვენს წარმომადგენლებს ნამდვილად არ აუტეხიათ. გავიგე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, შიგნითვე ჰქონიათ ჩხუბი. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესს, ის მიმდინარეობს ზედმეტი გართულების გარეშე, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვერ რიგდებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია.

- იქნება თუ არა მეორე ტური?

- ამ გადასახედიდან დედაქალაქში მეორე ტურის ჩატარებისთვის საფუძველი არ ჩანს.

- მერიის ამჟამინდელი თანამშრომლები შიშობენ, რომ თქვენი და თქვენი კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ.

- მათი შიში უსაფუძვლოა, თუმცა, ცვლილებები იქნება. მერიის სტრუქტურა საჭიროებს ოპტიმიზაციას, შესაბამისად, ჩატარდება რეორგანიზაცია და ატესტაცია. ის პირები, ვინც გადალახავენ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეინარჩუნებენ სამსახურს. ვინც ნაცნობ-მეგობრობით არის მიყვანილი, წასვლა მოუწევს.

- წინა ხელისუფლების დროს დედაქალაქის მერი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თითქმის ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. რა იქნება, თუ თქვენ გახდებით ქალაქის მერი?

- შემდგომშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. როცა საქმე შეეხება დედაქალაქს, მის პოლიტიკას, მერმა გადაწყვეტილებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, მაგრამ არ ვაპირებ იმის გაკეთებას, რაც მერის მოვალეობას აღემატება. გვახსოვს, უგულავა 2008 წლის მოვლენების დროს ჯარის მიმართულებას როგორ ხელმძღვანელობდა, რისი არც გამოცდილება ჰქონდა და არც ევალებოდა.

ნათია დოლიძე

1. ესტაკადა გლდანში

2. თამარაშვილის ქუჩის ესტაკადა

3. პუშკინის ქუჩის რეკონსტრუქცია