"ნინო ბურჯანაძე "ქართულ ოცნებას" გაურიგდა" - კვირის პალიტრა

"ნინო ბურჯანაძე "ქართულ ოცნებას" გაურიგდა"

"ლორთქიფანიძეს  შევთავაზეთ, ჩვენი ბლოკის მერობის კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა უარი თქვა"

"თბილისს დამატებითი საცხოვრებელი და სავაჭრო ცენტრები აღარ სჭირდება"

"ჩემი ერთადერთი კონკურენტი დავით ნარმანიაა"

გვესაუბრება საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა. შეგახსენებთ, ბლოკის შემადგენლობაში ორი პარტიაა: "ახალი მემარჯვენეები" და "თავისუფალი საქართველო".

- ბატონო კახა, თქვენი საარჩევნო პროგრამის რომელ მნიშვნელოვან ასპექტებს გამოყოფთ?

- უმუშევრობასა და სოციალურ პრობლემებს. ჩემი პროგრამის ეკონომიკური ბლოკი მეწარმეობის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული - გვინდა შემოვიღოთ ფიქსირებული გადასახადი მცირე მეწარმეებისათვის, ასევე ვაპირებთ მცირე სესხების გაცემას. სოციალურ სფეროში ჩვენი მთავარი ამოცანაა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - ბოლოს მოვუღებთ ძვირად ღირებულ "ჯიპებსა" და პრემიებში ბიუჯეტის ფულის ხარჯვას და გამოთავისუფლებული თანხით სოციალურ პროექტებს დავაფინანსებთ. უმნიშვნელოვანესი იქნება ზრუნვა ქალაქის სივრცით მოწყობასა და ქალაქგეგმარებაზე, ასევე - ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ქალაქის გენერალური გეგმის ფარგლებში შემუშავდება სპეციალური კონცეფცია, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის ძველი უბნების მომავალი. ზოგიერთი ქუჩის რეაბილიტაცია ფინანსურად მომგებიანი ვერ იქნება. რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავების შემდეგ გამოცხადდება კონკურსი კერძო კომპანიებისთვის. კონკურსის გამოცხადებისას ერთ ლოტში გაერთიანდება როგორც ძველი უბნის რეაბილიტაცია, ასევე ახალი მშენებლობა. მაგალითად, ვეუბნებით რომელიმე კომპანიას, რომ ის ვალდებულია, ფიროსმანის ქუჩის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტაროს, ამავდროულად, ქალაქის მერია მას რომელიმე სხვა უბანში გადასცემს ტერიტორიას, რომლის განაშენიანებითაც კომპანია კომერციულ მოგებას მიიღებს.

- კიდევ ერთი პრობლემა ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩებია...

- ამის მოგვარებას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მთავარია ქალაქის ახალი გენერალური გეგმის შემუშავება, ქალაქს აქვს ჯერ კიდევ აუთვისებელი ფართობები. ჩვენი სურვილია, ამ ტერიტორიებზე აშენდეს მხოლოდ გზები, ავტოსადგომები და მწვანე ზონა. თბილისს დამატებითი საცხოვრებელი და სავაჭრო ცენტრები აღარ სჭირდება. ეს შეიძლება კომერციულად მომგებიანია, მაგრამ თბილისს მხოლოდ აზარალებს. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რაც ასე გამალებით მიმდინარეობს, ქალაქისთვის ზედმეტია. თბილისი ხეობაშია გაშენებული, აქ მოსახლეობის ზრდის პარალელურად ტერიტორიის გაზრდა შეუძლებელია, ამიტომაც მიმაჩნია, რომ გარდა თბილისის გენგეგმისა, მთლიანად ქვეყანაში უნდა არსებობდეს სივრცითი დაგეგმარებისა და მოწყობის ერთიანი გეგმა, ურბანიზაცია უნდა შეეხოს არა მხოლოდ თბილისს, არამედ სხვა ქალაქებსაც.

- როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს?

- 2012 წლის წინასაარჩევნო პროცესებს თუ შევადარებთ, პროგრესია ის, რომ ოპოზიციის მომხრეების მიმართ ფიზიკური ძალადობა, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია. თუმცა ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, კვლავაც ახერხებს ადმინისტრაციული რესურსის, ფინანსების გამოყენებას, არის მედიის მონოპოლიზაციის მცდელობა. დღეს "ქართულ ოცნებას" სურს მხოლოდ ორი ოპონენტის - ბურჯანაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" - აღიარება, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რეალურ ოპოზიციურ პარტიებს მოუსპოს არსებობის საშუალება.

- როგორ ფიქრობთ, არასაპარლამენტო ოპოზიცია უკეთეს შედეგს არ მიაღწევდა, თუ გაერთიანებას მოახერხებდა?!

- არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებისთვის "თავისუფალმა საქართველომ" და "ახალმა მემარჯვენეებმა" ყველაფერი გააკეთეს, შევქმენით კიდეც ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია". რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის გაურიგდა "ქართული ოცნების" მთავრობას და იბრძვის არა გამარჯვების, არამედ  - მესამე ადგილისთვის. ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებისასაც. ბურჯანაძე მაშინაც ამბობდა, რომ მეორე ტურში მოუგებდა მარგველაშვილს და თუ გაუყალბებდნენ, ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა, თუმცა ბურჯანაძის წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ. რეალური ოპოზიცია გაერთიანდა, მაგრამ არიან სატელიტი პარტიები, მაგალითად, "ქრისტიან-დემოკრატები". შეიძლება არც იცით, რომ სულ ახლახან ნინო ბურჯანაძე აირჩიეს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარედ, თუმცა ამას მალავენ.

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაზე მოლაპარაკებისას სწორედ "ქრისტიან-დემოკრატების" მიღების წინააღმდეგი იყავით...

- ტყუილია. არაერთხელ ვთქვი, მზად ვარ შევქმნა კოალიცია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე-მეთქი. "ქრისტიან-დემოკრატებთან" ურთიერთობა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ თუ ბურჯანაძე შემოვიდოდა მათთან ერთად, ამის წინააღმდეგი არ ვიყავი, მეტიც, არ მქონია არც მერობის, არც მაჟორიტარობის და არც კვოტების ამბიცია.

- დიმიტრი ლორთქიფანიძეზე რას იტყვით? ის შარშან თქვენს შტაბს ხელმძღვანელობდა, როდესაც პარლამენტის შუალედური არჩევნებისას ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდით კენჭს...

- ჩვენ მას შევთავაზეთ, ჩვენი ბლოკის მერობის კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა უარი თქვა და კენჭს ბურჯანაძის ეგიდით იყრის. ბურჯანაძეს რა უპირატესობა აქვს ჩვენთან შედარებით, ეს თქვენც კარგად იცით.

- ფინანსებს გულისხმობთ?

- დიახ. ჩემი ერთადერთი კონკურენტი დავით ნარმანიაა, ჩვენ გარდა არც ერთი კანდიდატი არ იბრძვის გამარჯვებისთვის. ხელისუფლების რეალური ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბლოკია. თბილისის მერი უპირველესად პოლიტიკოსი უნდა იყოს და არა - მენეჯერი, რადგან ურთულესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

ნათია დოლიძე