მანუჩარმა გვასახელა – იტალიური პრესა ქურდ ქართველ ტურისტზე წერს - კვირის პალიტრა

მანუჩარმა გვასახელა – იტალიური პრესა ქურდ ქართველ ტურისტზე წერს

იტალიის ტელევიზიებისა და მთელი იტალიური პრესის სალაპარაკო თემა გახდა ახლახანს მომხდარი ინციდენტი - ქართველმა მამაკაცმა პომპეის მუზეუმის გაძარცვა სცადა... იტალიური პრესა მის ვინაობასაც ამხელს - იგი 34 წლის, მანუჩარ კუბლაშვილია (ფოტოზე). მას ჯიბეში უძველესი მოზაიკის რამდენიმე ნატეხი უპოვეს. "ყოჩაღმა მანუჩარმა" დანარჩენის გადაყრა მოასწრო,Gშემდეგ გაქცევა სცადა და დააკავეს... ამჟამად დაპატიმრებულია და სასწრაფო წესით იქნება გასამართლებული. როგორც დაიწერა, დამნაშავე აცხადებდა, სამახსოვროდ მინდოდა ეს ნამტვრევებიო...

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა... გვესაუბრებიან მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო დირექტორი - ნინო ლეჟავა და მისი და, ლიკა ლეჟავა...

ლიკა ლეჟავა:

- იტალიური ტელეარხები წამდაუწუმ გადმოსცემენ, ქართველ ტურისტს რომ ანტიკური ხანის მოზაიკის ნაწილების მოპარვა ჰქონდა განზრახული. ყბადაღებული თემა გახდა, იმიტომ რომ მუზეუმია, თორემ ქურდობა და ბანდიტობა არცერთი ქვეყნისთვის არ არის უცხო... ნამდვილად არ არის ეს ფაქტი ლამაზი, დასაგმობია, არც ქართველს მოეწონება და არც უცხოელს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იტალიელებს რაღაც განსაკუთრებული აგრესია აქვთ ქართველების მიმართ.

- როგორ ხსნიან იმ ფაქტს, რომ მუზეუმის გაძარცვა სურდა?

- მე რატომღაც მგონია, რომ ყურადღების მიქცევა სურდა. ვერ წარმომიდგენია, საღად მოაზროვნე ადამიანს როგორ შეიძლებოდა ეფიქრა, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელია მუზეუმიდან ნივთების აწაპვნა. ალბათ მოინდომა, ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო და აღმოჩნდა კიდეც...

ნინო ლეჟავა:

- ასეთები ხდება, მაგრამ როგორც საქართველოში ისმის, არიქა, ქართველებს მთელ იტალიაში თავი გვაქვს მოჭრილიო, ეს სიმართლე ნამდვილად არ არის. ქართველები კიდევ ბევრად უკეთ იქცევიან, ვიდრე სხვები. სხვა ეროვნების ხალხი ისეთ საოცრებებს ჩადიან, უარესი რომ არ გაგონილა... ამიტომაც ჩემი თხოვნაა, ნუ დავუჯერებთ ყველაფერს, რასაც კი ინტერნეტში წავიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)