"სულ მაგ ჭკუაზე ვართ, სააკაშვილის რჩევები გავითვალისწინოთ" - კვირის პალიტრა

"სულ მაგ ჭკუაზე ვართ, სააკაშვილის რჩევები გავითვალისწინოთ"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისში იუსტიციის სახლში გამოყოფილ ოთახში იღებს ოფიციალურ დელეგაციებსა თუ ჟურნალისტებს. ინტერვიუზე მისულს ქართველ კოლეგასთან სტუმრად უელსის პარლამენტის სპიკერი დაგვხვდა. იუსტიციის სახლში ამგვარი დელეგაციების მიღება უხერხულობას იწვევს. დავით უსუფაშვილთან საუბარი სწორედ პარლამენტის თბილისის შენობაში მიმდინარე რემონტით დავიწყეთ და დავინტერესდით, რა რეჟიმში აპირებს საკანონმდებლო ორგანო შემოდგომიდან მუშაობის გაგრძელებას?

- პარლამენტის თბილისის შენობა სექტემბრისთვის მზად იქნება. ქუთაისში პლენარული სხდომებისთვის ჩავალთ, ამისთვის თვეში 4 დღეა გათვალისწინებული...

- ბატონო დავით, წინასაარჩევნოდ გახშირდა ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ძირითადად, თავდასხმის ობიექტები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები იყვნენ. ამას მოჰყვა ამერიკის ელჩის მკაცრი განცხადება, ასევე NDI-ს შუალედური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით საარჩევნო გარემო გაუარესდა.

- ვერაფრით დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საარჩევნო გარემო გაუარესდა, ვფიქრობ,

NDI-ს დაკვირვება არასწორია. ის, რომ ამერიკის ელჩი საარჩევნო პროცესში ხარვეზებზე მიუთითებს, ესეც ამ პროცესის ნაწილია და გარემოს გაუარესებას სულაც არ ნიშნავს.

ნებისმიერი  ფაქტი, როდესაც მოქალაქეები აძლევენ თავს უფლებას, ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვერ გამართლდება მსხვერპლის მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულით. დამნაშავის დასჯის ექსკლუზიური უფლება და მექანიზმი მხოლოდ სახელმწიფოს აქვს... სამართლიანობის აღდგენის ერთი მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა: დღეს ადამიანებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ შეურაცხყოფენ, ქონებას არ ართმევენ, არ აგდებენ სამსახურიდან. გაცილებით ცუდად არის საქმე წარსულში ჩადენილი დარღვევებისა თუ დანაშაულების გამოძიებაში. ერთიცაა, ყველა პრეტენზია არ შეიძლება ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, მაგალითად, ზოგიერთი ბიზნესმენის საჩივრები. სიღნაღის რეაბილიტაციაში არაერთი ბიზნესმენი მონაწილეობდა, რა და როგორ გაკეთდა, სხვა საკითხია, მაგრამ დღეს რომ ამბობენ, ძალით გაგვაკეთებინეს, ვიზარალეთ და იქნებ ზარალი აგვინაზღაუროთო, ეს სწორია?! ამ ბიზნესმენებს დღევანდელმა ხელისუფლებამაც რომ უთხრას, მაგალითად, ჩხოროწყუა ასაშენებელიო, გაიქცევიან და ჩადებენ ამაში ფულს, ოღონდ კი კარგად იყვნენ ხელისუფლებასთან და მათ ბიზნესს არაფერი დაემუქროს. მაგრამ არის კონკრეტული ძალადობრივი დანაშაულები, რომელთა გამოძიება გაჭიანურდა. ის საქმეებიც კი, რომლებიც გახსნილად გამოაცხადეს, მაგალითად, ვალერი გელაშვილის საქმე, ბოლომდე არ არის მიყვანილი... პრობლემაა ისიც, რომ ნებისმიერ საქმეს, რომელიც უკავშირდება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მყისიერად მოჰყვება ხოლმე დიდი პოლიტიკური რეზონანსი ქვეყანაში თუ მის გარეთ. ასეთ საქმეებს სამართალდამცავები დიდი სიფრთხილით უდგებიან.

- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა და მისი შეცვლის იმედი გამოთქვა. როგორ მოხდა, რომ უმრავლესობის ყველა წევრმა, მათაც კი, ვინც არატრადიციული ორიენტაციის პირთა მიმართ შემწყნარებლობით არასდროს გამოირჩეოდნენ, მხარი ერთხმად დაუჭირეს ამ კანონს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი უმრავლესობაც ერთი დირიჟორის ჯოხს ემორჩილება?

- ამგვარი ჯადოსნური ჯოხი ვინმეს რომ ჰქონდეს, ალბათ, იმათ დამორჩილებასაც შეძლებდა, ვინც პარლამენტის გარეთ კვლავაც ამ კანონის მოწინააღმდეგეა. ამ კანონზე უმრავლესობამ ბევრი იკამათა, მაგრამ ბოლოს მივედით კონსენსუსამდე. რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, მორალური თვალსაზრისით მოსალოდნელი იყო ეკლესიის შეფასებები, მაგრამ სხვაა სახელმწიფოს პოზიცია. ჩვენ ამ ქმედებას არც ვაქებთ და არც ვაძაგებთ, მაგრამ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

- მოახლოვდა თარიღი, როდესაც საქართველო მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები კიდევ უფრო გამძაფრდეს.

- საქართველო ცდილობს, დაიმკვიდროს თავი, როგორც ევროპის წევრმა სახელმწიფომ. ეს არის პროცესი, რომელსაც რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა და მოჰყვება, მაგრამ ჩვენი ორიენტირი ის კი არ უნდა იყოს, ვინ გაღიზიანდება, არამედ ის, ეს კონკრეტული ნაბიჯი მიგვიყვანს თუ არა თავისუფლებამდე. ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა არ დაუკლია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის და იმისთვისაც, რომ რუსეთს ჩვენი ევროკავშირთან ასოცირება არ ჩაეთვალა მტრულ ნაბიჯად. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვთქვით, რომ ყოველი ჩვენი წარმატება ევროპისკენ სავალ გზაზე არ იქნება რუსეთისთვის ნიშნის მოგება. საფრთხეების შიშით არ შეიძლება გავჩერდეთ და უარი ვთქვათ ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლაზე.

- მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ თქვენ მიერ შეთავაზებული თამაშის წესი რუსეთისთვის მიუღებელია, ის ანექსიას კვლავაც გააგრძელებს?

- ჩვენი პოლიტიკა კარგად გააზრებულია, მას მხარს უჭერს დასავლეთი, ურთიერთობა გვაქვს რუსეთთანაც. აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული, ეს არის გლობალური მასშტაბის პროცესი. უკრაინის მოვლენების შემდეგ დასავლეთისთვის ჩვენი უსაფრთხოების აუცილებლობა დღის წესრიგში აქტუალურად დგას.

- ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას - პრემიერი თუ პრეზიდენტი. საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ მათ შორის განხეთქილებაა.

- სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია არ არის მსოფლიოში ყველაზე გამართული კონსტიტუცია. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი შეიძლება მოაწეროს პრემიერმაც და პრეზიდენტმაც, ოღონდ შეთანხმების საფუძველზე.  დარწმუნებული ვარ, პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობის იმ ნაწილს, რომელიც სპეკულაციის თემადაც გადაიქცა, მალე ნათელი მოეფინება, თუმცა, ვერ დაგპირდებით, რომ ოდესმე ჩვენს ხელისუფლებაში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იქნება ისეთი პატრონყმური დამოკიდებულებები, როგორიც სააკაშვილსა და გილაურს, ან სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის იყო.

- სააკაშვილი ახსენეთ, მან თქვენს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე დახმარება შესთავაზა.

- ამ წინადადებას ცოტა ხანში ახალი შედევრები მოაყოლა, ტალიავინს გადასწვდა და თქვა, ეუთომ ის უკრაინას შეაჩეჩაო. მერე 2008 წლის მოვლენებში დამნაშავედ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი გამოიყვანა. სულ მაგ ჭკუაზე ვართ ზუსტად, ამ კაცის რჩევები გავითვალისწინოთ, მაგრამ...

სააკაშვილს მთელი მსოფლიო ურჩევს, ცოტა ხანს დაგვასვენე, გვაცალე, დაგვავიწყდეს და იქნებ ცოტა ხანში გულიც კი მოგვიბრუნდეს შენზეო, მაგრამ...

- სკანდალური გამოდგა ინფორმაცია სამინისტროებში გაცემული მრავალათასიანი პრემიების თაობაზე.

- 2012 წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტის ხელფასების გამოსაწერად შემომიტანეს დოკუმენტები და აღმოვაჩინე, რომ დეპუტატის ხელფასი 4 კომპონენტისგან შედგებოდა: სარგო, დანამატი, პრემია 1 და პრემია 2. ამის გარდა, კიდევ იყო რაღაც დანამატი. მყისიერად მივიღეთ ზომები და პარლამენტის წევრებზე 2013 წლის იანვრიდან პრემია არ გაიცემა. მთავრობის წევრებისთვის გამოწერილი პრემიების ამბავი ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ შევსწრებივარ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, არსებული სისტემა უნდა შეიცვალოსო. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, დადგინდეს ერთიანი სტანდარტი...

ნათია დოლიძე