"მებაჟეს სახეზე არ მოვეწონე და მგონი, იმიტომ გამჩხრიკა" - ნაციონალური "ვაი ტინგიცისგან" - კვირის პალიტრა

"მებაჟეს სახეზე არ მოვეწონე და მგონი, იმიტომ გამჩხრიკა" - ნაციონალური "ვაი ტინგიცისგან"

აზერბაიჯანში მყოფი საპარლამენტო უმცირესების წევრები, უკვე საქართველოში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი, არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხის გამო, აეროპორტის მებაჟეებმა დააკავეს.

"ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს" - განაცხადა აღნიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ. თუმცა, უმცირესობის დეპუტატები აღნიშნიულ კატეგორიულად უარყოფენ.

ზურა ჯაფარიძე:

- ბაქოში, რამდენიმე ჩვენს კოლეგასთან გვქონდა შეხვედრა და ამიტომ ჩავედით. შუადღეს უნდა გამოვფრენილიყავით იქიდან. როდესაც საბაჟო კონტროილს გავდიოდი, ირმა უკვე გასული იყო. მე კი ერთ-ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა, რომ უნდა შევემოწმებინე, ანუ პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა. ჩავთვალე, რომ მას სახეზე არ მოვეწონე და ამიტომაც გადაწყვიტა-მეთქი. ჩაატარეს ჩხრეკა და პასპორტიც გამომართვეს. ირმა ნადირაშვილი ჩემს გამო დარჩა. მასაც ჩამოართვეს პასპორტი და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ორივეს დაგვიბრუნეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ აერპორტში იმ დროს მივედით, როდესაც გამოფრენას დაახლოებით 40 წუთი აკლდა. გვეგონა, რომ სწრაფად გამოვფრინდებოდით, მაგრამ რეისზე დაგვაგვიანდა... ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან ზრდილობიანად მოგვიხადეს ბოდიში და გამოგვაცილეს. ამის შემდეგ, წავედით ქალაქში და ყავის დალევის დროს, დავრეკეთ თბილისში და გავიგეთ, რომ თურმე ერთი მილიონი დოლარი და ელექტროშოკები აღმოგვაჩნდა და ამის გამო დავუპატიმრებივართ. თავიდან ამაზე ბევრი ვიცინეთ, შემდეგ კი, რამდენიმე მედიასაშუალებას კომენტარიც მივეცით, რომ ციხეში არ ვიყავით. ამის შემდეგ, მე და გოგა ხაჩიძემ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა გავხალისებულიყავით. არაფერი კონკრეტულზე არ გვისაუბრია, მაგრამ ისეთი განწყობა შევქმენით, თითქოს მართლა რაღაც მოხდა. გვეგონა, რომ აქ, თბილისში გაგვეჩხრეკდნენ და ამაზე ვიხალისებდით. თან კიდევ ერთხელ დავამტკიცებდით, რომ გვისმენენ, მაგრამ გაცილებით უარესი მოხდა, - როდესაც ბაქოს აეროპორტში დავბრუნდით, მთელი საქართველოს საელჩო დაგვხდა წარმოდგენილი, იმის ნაცვლად, რომ ქართველ დეპუტატებს რამე პრობლემა ხომ არ აქვთო, აზერბაიჯანის საბაჟოს თანამშრომლებს ეკითხებოდნენ, - რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო... გარშემო უამრავი ადამიანი დადიოდა, ფოტოებს გვიღებდნენ, სავარაუდოდოდ, ქართველი სპეცსამსახურები იყვნენ. ამის შემდეგ კი, ადგილობრივი მებაჟეები დაახლოებით 20 წუთი გვჩხრედკენ, წინდებიც კი სათითაოდ შეამოწმეს, ყველაფერი თავზე დაიმხეს, რის გამო რეისმა დაახლოებით 40 წუთი დააგვიანა... ეს ხელისუფლება არის ავად და ვერ ხვდება, რომ საკუთარი ქვეყნის დეპუტატის რეპუტაციის შელახვა, კარგი საქმე არ არის.

- როგორ ფიქრობთ, ელექტროშოკების ან მილიონი დოლარის თემა საიდან გაჩნდა?..

- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ერთი ვიცი, არადეკლარირებული მილიონი დოლარი რომ მქონოდა, დაგვაპატიმრებდნენ.

- ბაქოში ვისთან გქონდათ შეხვედრა?..

- ჩვენს კოლეგა დეპუტატებს შევხვდით და მათ პოსტსაარჩევნო სიტუაციასა და მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

ირმა ნადირაშვილი, უმცირესობის დეპუტატი:

- პირადად მე, არაერთხელ ვცადე ელჩთან დარეკვა და მან ჩემს ზარს არ უპასუხა... მაშინ, როდესაც, ჩვენ მართლა ყავას ვსვამდით, ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ თურმე დაკავებული ვყოფილვართ, ყველას ავუხსენი, რომ ასე არ იყო, მერე კი, ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გავიდა. ამის შემდეგ კიდევ ვურეკავდი ელჩს, მაგრამ მან არ მიპასუხა... ამის ფონზე, ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი საელჩო და მესაზღვრეები გამოგზავნა და მებაჟები გვეკითხებოდნენ, თქვენი საელჩო რატომ დადის აქო...

- აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა განმაცხადა, რომ თქვენ 3-4 საათის განმავლობაში იმყოფებოდით საბაჟოს ტერიტორიაზე...

- არ ყოფილა ასე. ჩვენ მებაჟეებმა თავიდან ბოლომდე მას შემდეგ გაგვჩხრიკეს, რაც აეროპორტში საელჩოს თანამშრომლები მიიჭრნენ იქ და ჩვენს დისკრედიტირებას ცდილობდნენ. ელექტროშოკი და ერთი მილიონი დოლარი რომ გვქონდა, არ დაგვაპატიმრებდნენ?.. გავიგე, რომ ამით ერთობა ბატონი ღარიბაშვილი, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში დედაჩემს ვერ დავუკავშირდი, რადგან ჩვეულებრივი ტელეფონი არ მქონდა მხოლოდ "ვაიბერით" შემეძლო სარგებლობა.

-თბილისის საერთაშორისო აერპორტში ჩამოფრების შემდეგაც შეყოვნდით...

- დიახ, ეს ბოლო მასკარადის ნაწილი იყო, გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ საბაჟოდან ვართ და ეს მორიგი შემოწმებაა. ჩვენს სანახავად სხვა ადამიანებიც გააჩერეს... მე აუცილებლად ვუჩივლებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- არა მგონია, "სახეზე არ მომეწონეს" გამო ადამიანს აერპორტში აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ... ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ დავუჯეროთ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს. ვფიქრობ, საფუძველი არ გვაქვს, თემურ შარაშენიძის ნათქვამში ეჭვი შევიტანოთ, რადგანაც ეს მის მხრიდან ძალიან სარისკო ტყუილია, რაც შეიძლება მას ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს და ვერ დავიჯერებ, რომ ეს მან არ იცოდეს... შესაძლოა, სიმართლე სადღაც შუაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც მოხდა და ეს ბოლომდე უნდა გაირკვეს, რადგან ეს არის სკანდალი. საქმე "ნაციონალურ მოძრაობაში" სულაც არ არის, არადეკლალირებული თანხის ტრანსპორტირება, უბრალოდ დაუშვებელია... შესაძლოა, შემდეგ საქმეში ვიღაცეები ჩაერთვნენ, წინა ხელოსუფლებას აზეირბაიჯანში საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს, მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და არ არის გამორიცხული, რომ ნივთმტკიცების ამოღება მოახდინეს და რახან დეპუტატები იყვნენ, უპრობლემოდ გამოატარეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)