დაუბანლობის პრობლემა ევროასოცირებულ საქართველოში
რატომ არ იბანთ???
სავარძელზე გადაშხლართული ახალგაზრდა ბიჭი მეოთხე თაობის ტელეფონში ერთობ ნეტარი სახით, კლუბურ მუსიკას უსმენდა და ყარდა...
"ზოგს დეოდორანტებიც არ შველის, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც დაბანას უბრალოდ არ მიიჩნევენ აუცილებლობად"
მთელმა საქართველომ ზარ-ზეიმით აღნიშნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობდი და რადიოს საინფორმაციო საშუალებით ეს სიახლე გამოაცხადეს, ბევრს სახეზე საზეიმო განწყობა ეტყობოდა, ზოგს გაღიზიანება ”ამ აჟიტირებული ხალხის გამო” და ზოგსაც ის, რომ დასაბანი იყო...
დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ეტყობოდათ, რომ დასაბან-გასარეცხები იყვნენ. ეს ალბათ, ძალიან უხერხული თემაა, განსაკუთრებულ სულ ახლახან ევროასოცირებულ საქართველოში, მაგრამ ელემენტარული ჰიგიენის პრობლემა რომ მწვავედ დგას ქვეყანაში, ამის შემჩნევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით შემაწუხებელია.
საშინელებაა, თუ გრძელ მარშრუტზე გიწევთ გადაადგილება, გვერდით კი, ასეთი მგზავრი გიზით. თუმცა, მათ ყველგან შეხვდებით, მარკეტში, ავტობუსში, მეტროში, ბანკის რიგში, სტუმრად... ზაფხულის დადგომასთან ერთად კი, ეს პრობლემა ასმაგდება.
ბავშვობაში ერთ რუს მოხუცს ვიცნობდი, რომელიც დღენიადაგ აწუხებდა გარშემომყოფთ თავისი არასასიამოვნო სუნით. ოჯახის წევრები ლამის თოფით დასდევდნენ, აბაზანაში კეტავდნენ, ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ, სირცხვილს გვაჭმევო, - ის კი პრინციპულად არ იბანდა, - ჩემთვის საპონი არ შეიძლებაო!.. თავის ოთახსაც საგულდაგულოდ კეტავდა გარედან, ტანსაცმელი არ გადამიყარონ, ან უარეს შემთხვევაში არ გამირეცხონო... მოხუცი იყო, როგორც იტყვიან, მთლად თავის ჭკუაზეც ვერ გახლდათ და უკვე ასაკობრივ ტიკად ჰქონდა ქცეული ჰიგიენისთვის უარის თქმა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა ჰქვია და რა ახსნა აქვს ახალგაზრდების ან საშუალო ასაკის ადამიანებისგან დაბანაზე უარის თქმას...
კომუნალურებზე ტარიფის გაზრდა არგუმენტად ვერ გამოდგება, ვერც სარეცხი საშუალებების მიმართ ალერგია, ვერც დროის უქონლობა... და საერთოდ, მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რამ უნდა შეუშალოს ადამიანს ხელი დაბანაში, მით უფრო, რომ მეცნიერულად დამტკიცებულია, წყალი, შხაპი იქნება თუ უბრალოდ, მამა-პურ ”ლახანკაში” ჩასხმულ-განელებული, დაღლილობას ხსნის...
ამას წინათ, ”ზაჰესისკენ” მომიწია წასვლამ, სამარშრუტო მიკროავტობუსში, ერთადერთი ადგილი იყო დარჩენილი და ვიფიქრე, გამიმართლა-მეთქი, რადგან მთელი 45 წუთი ფეხზე დგომა მიწევდა, მაგრამ როგორც კი დავჯქი, რამდენიმე წამში მოვეგე გონს. მივხვდი, რომ პირიქით, ძალიან არ გამიმართლა, - სავარძელზე გადაშხლართული ახალგაზრდა ბიჭი მეოთხე თაობის (მე რომ ვერაფერი გავუგე) ტელეფონში ერთობ ნეტარი სახით, კლუბურ მუსიკას უსმენდა და მაპატიოს მკითხველმა და ყარდა... ჩართული იყო, მუდმივად კამათის საგნად ქცეული კონდიციონერი, ყველა ფანჯარაც ღია იყო, მაგრამ დასაბანი ახალგაზრდიდან მონაქროლ "სიოს" მაინც ვერაფერს უხერხებდნენ. ის კი, თავის სტიქიაში ჩაძირული, ძალიან კმაყოფილი იჯდა და დრო და დრო ვიღაც გოგონებს ურეკავდა...
მძღოლების თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ამის გამო სამარშრუტოს მგზავრებს ლამის ერთმანეთი დაუხოცავთ, - ”როგორ მაკადრეო, ღრიალებენ და პირდაპირ დასარტყმელად იწევენ მამაკაცები... ისტერიკაში ვარდებიან ქალბატონებიც და გოგონები, როდესაც მათ მიმართ გადაკვრით ნათქვამ სიტყვებს ისმენენ... არადა, როგორ გინდა ადამიანს უთხრა, დაიბანე ტანი, შე დალოცვილო-თქო. ზოგ შემთხვევაში მძღოლებსაც ეზარებათ დაბანა, მაგრამ ვერ ვეუბნებით, მრცხვენია, თვითონ არ რცხვენია, აქოთებულმა იაროს და დადის. არ მესმის ამ ხალხის" - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
როგორც გაირკვა, უსიამოვნო სუნის მიზეზი, ხშირად დაუბანლობასთან ერთად ოფლის გამომყოფი ჯირკვლების აქტიური ფუნქციონირებაა, ანუ არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც უსიამოვნო სუნი აბაზანიდან გამოსვლის წუთიდანვე აქვთ...
ელენე, 57 წლის, ექიმი:
- ამ დიაგნოზის თქმა ისე მიჭირს პაციენტისთვის, როგორც იმის ახსნა, თუ როგორ უნდა ებრძოლოს პრობლემას. ზოგს დეოდორანტებიც არ შველის, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც დაბანას უბრალოდ არ მიიჩნევს აუცილებლობად. თქვენ, უბრალო საზოგადოებას უფრო მეტად ზაფხულში გაწუხებთ, ჩვენ კი, ზამთარშიც ცუდ დღეში ვართ. პალტოსა და ქურთუკებს რომ გაიხდიან, ოთახში ისეთი სუნი დგება, ლამის ჟანგბადის ბალონები მოვითხოვოთ...
ჯერ უცნობია, ისტორიული, ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება თუ არა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ახალ მუხლს ან პუნქტს ჩაამატებენ ჰიგინეის ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლამდე, ან საღამოს, ძილის წინ, დაბანასა და ტანსაცმლის წყალში ამოვლებას კანონით აიძულებს, თორემ ასე შორია ევროპამდე...
ლენი პერკინსი (სპეციალურად საიტისთვის)