ევროდავალება ბრიუსელიდან - კვირის პალიტრა

ევროდავალება ბრიუსელიდან

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს აღქმული ისე, თითქოს ევროკავშირში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია უნდა მოხდეს"

27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომელიც 1135 გვერდისგან შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისა და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერის ხელმოწერა აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს გზა ევროპული ოჯახის წევრობამდე ჯერ კიდევ შორს არის.

ასოცირების ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა, უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ შეტანას ევროკავშირის ბაზარზე. შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი, თუმცა, შეზღუდვები მაინც იქნება. მაგალითად, წლიური უბაჟო სატარიფო კვოტა იმოქმედებს ნიორზე და საქართველო ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეძლებს წელიწადში მხოლოდ 220 ტონა ნივრის შეტანას. გარდა ამისა, 28 დასახელების პროდუქტი, რომელთა შორის, ძირითადად, ღვინო და ბოსტნეულია, ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, თუმცა, ამ გადასახადის ადვალორული კომპონენტის გარეშე. ადვალორული (Ad Valorem) გადასახადი გულისხმობს გადასახადს, რომელიც გამომდინარეობს ქონების, პერსონალური საკუთრების შეფასებული ღირებულებიდან.

ეს გადასახადი ხშირად წესდება იმპორტირებულ საქონელზე. ასეთ დროს მხედველობაში მიიღება ტვირთის ფასი (პროცენტი ფასიდან) და არა წონა. თუმცა, ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად ქართულ პროდუქციას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება მოუწევს.

- შეიძლება თუ არა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე ქართულმა პროდუქციამ სხვა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ბაზრები დაკარგოს, მათ შორის ცოტა ხნის წინ ქართული პროდუქციისთვის გახსნილი რუსეთის ბაზარი?

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში: - DჩFთA სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოქმედ წესების სისტემასთან. შესაბამისად, შეუძლებელია მან ნეგატიური გავლენა იქონიოს ვმო-ს ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე, პირიქით...

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში შიდასახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს ეტაპობრივ დაახლოებას. საქართველოს მოუწევს, ეტაპობრივად დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტს.

საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები. ესენია: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ტრეფიკინგთან ეფექტური ბრძოლა; ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მასთან აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.

მამუკა ჟღენტი, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი: "უპირველესად საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ უცებ შეიცვლება საქართველო, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე და შევალთ სამოთხეში, გვექნება უსაფრთხოების გარანტიები და ეკონომიკაც აღორძინდება. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას აქვს ორი ძირითადი მნიშვნელობა: პირველი - პოლიტიკურად უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და ეს არის წინა პირობა იმისა, რომ შემდგომი ინტეგრაცია კიდევ უფრო ეფექტურად და დაჩქარებულად წარიმართოს და მეორე - ეკონომიკური, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის, ჩვენი პროდუქციისა და სერვისის გატანისთვის გაიხსნას ყველაზე დიდი ბაზარი.

- ითვალისწინებს თუ არა ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირში გაწევრებას?

- ევროკავშირში გაწევრებას არც ერთი აქამდე დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ითვალისწინებდა. ცოტა უკეთ შეიძლებოდა ასოცირების ხელშეკრულებაში საქართველოს ევროპული პერსპექტივების ხაზგასმა, მაგრამ რაც გვაქვს, ესეც კარგია. Eეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, იგივე შეიძლება ითქვას მოლდავეთზეც. მოლდავეთის ასოცირების შეთანხმებას ჩვენზე უკეთესი ტექსტი აქვს. თუმცა, ეს მაინც მეორეხარისხოვანია. ფაქტია, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შემდეგ იზრდება პერსპექტივა იმისა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის უფრო რეალისტური გახდეს და უფრო მალე განხორციელდეს.

- რას ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე?

- თავად ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს უვიზო რეჟიმის შემოღებას, ეს არის ცალკე დადგენილი პროცედურები. ეს პროცესიც მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სავიზო ურთიერთობების ლიბერალიზაციას. მაგალითად, მოლდავეთმა ეს ეტაპი უკვე გაიარა.

თუ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, იმედია, 2016 წელს ჩვენც იმავე სავიზო რეჟიმში მოვექცევით, რომელშიც დღეს მოლდავეთია.

- რა არის ნათქვამი შეთანხმებაში კონფლიქტების მოგვარების საკითხზე?

- ასოცირების შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გათვალისწინებით ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული პრობლემების, მათ შორის - კონფლიქტების მოგვარებას. შესაბამისად, ჩვენ ეს მექანიზმიც უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი მყისვე არ შედის ძალაში. სავაჭრო-ეკონომიკური დებულებებისგან განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი და სხვა დებულებები, ყველა სავალდებულო პროცედურის გათვალისწინებით, დაახლოებით წელიწად-ნახევარში ამოქმედდება.

- კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ზარ-ზეიმით აღნიშნული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისას არავის უხსენებია, მაგრამ მისი შესრულება საქართველოს დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოუწევს. დადგება თუ არა დღის წესრიგში ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხი?

ალექსი პეტრიაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში: - ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ, რომლითაც უნდა დარეგულირდეს ჩვენი თანამოქალაქეების იქ ყოფნისა და მათი სამშობლოში დაბრუნების საკითხი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს აღქმული ისე, თითქოს ევროკავშირში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია უნდა მოხდეს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეალურად უნდა მოქმედებდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების გადმოყვანის, ტრანსპორტირებისა და აქ შესაბამისი პირობების შექმნას.