შიხიაშვილი: "არაფრის მრცხვენია" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

შიხიაშვილი: "არაფრის მრცხვენია" (ექსკლუზივი)

"პრემია კი არ გამოვიწერეთ!.. გამოვიმუშავეთ"

"რის თქმა გინდათ, რომ მე გაჭირვებულ ბავშვებს ამოვეფარე?!"

"რატომ ვერ ხედავთ ჩემს გულწრფელობას?!"

საარჩევნო პროცესში თბილისის საკრებულომ ხელისუფლებას ახალი "სიურპრიზი"”მოუმზადა - საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და თანამშრომლებმა 300%-იანი პრემია აიღეს(!). რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილთან ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- გეკითხებით როგორც თბილისელი თბილისელს, ვაჟკაცურად მითხარით, გეკუთვნოდათ ამხელა პრემია?

– ჯერ ერთი, პრემიის სახით 12 ათასი ლარი არ ამიღია, როგორც ინფორმაცია გავრცელდა. ჩამერიცხა 8.500 ლარი. მაგრამ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას შეცდომად არ ვთვლი, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ თანხით კეთილი საქმის გაკეთება გვინდოდა - მე პრემია "ბერი ანდრიას" ფონდში გადავრიცხე. საკრებულომ ბოლო თვე კატორღულად იშრომა და ყველამ დამსახურებულად მიიღო პრემია.

- ასეთივე არგუმენტი ჰქონდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში - კატორღულად ვიშრომეთო. თუმცა, პრემიების სკანდალს დეპარტამენტის თავმჯდომარე შეეწირა. საქართველოში 150-ლარიანი პენსიაა და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე თვეში 300 ლარად მძიმედ შრომობს. რა იშრომა ისეთი საკრებულომ, რომ დამატებით 8.500 ლარი პრემია გამოიწერეთ?

- ძალიან ცუდია, რომ 150 ლარია პენსია, მაგრამ ასევე ცუდი იქნება, თუ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფს არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება. ნორმალური შემოსავალი აუცილებელია, რომ კორუფციის ჭაობში არ გადაეშვას ქვეყანა (?!).

- საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თანამდებობის პირი ფულს ბიუჯეტიდან მოიპარავს თუ პრემიის სახით გამოიწერს..

- მოვლენებს ნუ ამახინჯებთ და არასწორ ინტერპრეტაციას ნუ ახდენთ. კი არ გამოვიწერეთ, გამოვიმუშავეთ. რატომ ცდილობთ, გაანაწყენოთ ის, ვინც დამსახურებული სარგო აიღო? სხვათა შორის,  როცა კარგი პიარის თანამშრომელი მჭირდებოდა, ან კარგი რევიზორი, ყველა მაღალ ხელფასს ითხოვდა -  4 ათას ლარზე ნაკლებად არ ვიმუშავებთო.

- კარგი მადა ჰქონიათ...

- არ გვინდა ეს ირონია. რატომ არავის აინტერესებს, რა ხდება მერიაში, საკრებულოს რომ ესხმიან გამუდმებით თავს?

- მერიაზე მერიის წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ. სხვათა შორის, თქვენი კოლეგების ნაწილი ამბობს, რომ ისინი არ ესწრებოდნენ საკრებულოს ბიუროს სხდომას, სადაც პრემიების თემა განიხილეს. ასევე, საზოგადოება ეჭვობს, რომ თქვენ მას შემდეგ დაიწყეთ ქველმოქმედებაზე საუბარი, რაც პრემიების საკითხზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა..

- რისი თქმა გინდათ, რომ მე გაჭირვებულ ბავშვებს ამოვეფარე?! სანამ პრესა გაიგებდა, რომ პრემიები ავიღეთ და აჟიოტაჟი ატყდებოდა, მანამდე იყო მიღებული ფონდის დახმარების გადაწყვეტილება და ამის დოკუმენტიც არსებობს. მეც არ ვიყავი ბიუროს სხდომაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თავი უნდა ავარიდო პასუხისმგებლობას. თუ ვინმე მიიჩნევდა, რომ პრემია არ ეკუთვნოდა, კეთილი ენება და ფული უკან დაებრუნებინა. ბავშვები თავშესაფრის გარეშე რჩებოდნენ და როცა პრემიების ამბავი გავიგე, ვთქვი - პრემიები გვეკუთვნის და ვიღებთ, მაგრამ უფრო შეგვერგება, თუ თანხის ნაწილს "ბერი ანდრიას" ფონდში გადავრიცხავთ-მეთქი.

- გასაგებია მაგრამ, ფონდის დახმარება თუ გინდოდათ, საკრებულოს ეს მანამდე გაეკეთებინა...

- რატომ ვერ ხედავთ ჩემს გულწრფელობას?! როგორ შეიძლება ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედოთ?! არაფრის მრცხვენია, იმიტომ, რომ მართალი ვარ.

- პრემიებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის იღებენ. კიდევ ერთხელ გკითხავთ: 243-ივე კაცს განსაკუთრებული დამსახურება აქვს თბილისის წინაშე? ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, გუნდზე გაბრაზებულმა შიხიაშვილმა ბიუჯეტი დააჯარიმაო.

- ყველა, ვინც პრემია მიიღო,  ღამეებს ათევდა ჩემ გვერდით და მუშაობდნენ.  ვიმეორებ, პრემია გვეკუთვნოდა, თუმცა, მე წინააღმდეგი ვიყავი პრემიების გაცემის და ვამბობდი, ამისთვის მხოლოდ მე დამარტყამენ-მეთქი. ბიუჯეტის დაჯარიმება რომ მნდომებოდა, მაგ ფულს ჯიბეში ჩავიდებდი.

- საკრებულოს ინიციატივით, თბილისის თვითმმართველობის ისტორიაზე იღებენ ფილმს, რომელიც 140 ათასი ლარი ჯდება. თბილისის პრობლემების ფონზე ფილმების გადასაღებად ამხელა თანხის ხარჯვა სწორად მიგაჩნიათ? ამ ფილმს ირონიულად "გორგასლიდან შიხიაშვილამდე" შეარქვეს.

- კიდევ კარგი, თქვენ არ ხართ თბილისის ხელმძღვანელობაში. თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ სოციალური თემებისთვის უნდა არსებობდეს ბიუჯეტი, მაშინ გავაკეთოთ დიდ ქვაბში საჭმელი და დავურიგოთ მშიერ ადამიანებს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანების როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სიჯანსაღეს. რა იცის ხალხმა თბილისის თვითმმართველობის შესახებ?! ეს ფილმი ჩვენს ისტორიას ასახავს და ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება მთელ მსოფლიოში(!).

უტა ბიწაძე