"კეთროვანებივით გვიყურებენ იეჰოვას მოწმეებს" - კვირის პალიტრა

"კეთროვანებივით გვიყურებენ იეჰოვას მოწმეებს"

"ის ჯობია, ახალგაზრდები მეგრულად სიტყვას რომ არ ამბობენ და ამ ენაზე საუბარი დაბალ დონედ მიაჩნიათ?"

"კეთროვანებივით გვიყურებენ იეჰოვას მოწმეებს"

"ბევრი ოჯახი ვიცი, მამა ან შვილი იეღოველია და ოჯახის სხვა წევრს წამლისა და პურის ფულს არ აძლევენ"

ხობის რაიონში, იეჰოვას მოწმეების ახალი სააგიტაციო ჟურნალის მეგრულ ენაზე გავრცელებამ, საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, - ადგილობრივების ერთი ნაწილი, ჟურნალის მეგრულ ენაზე გამოცემას სეპარატიზმის გაღვივებად აფასებს, სხვების თქმით კი, - ეს იეჰოვას მოწმეების სექტის გაფართოებისა და გაძლიერების თვალსაჩინო მაგალითია. მეგრულ ენაზე გამოცემული ჟურნალი, სხვა სააგიტაციო ჟურნალებივით მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის მქონე და ილუსტრირებულია.

მისი სახელწოდებაც მეგრულია, - "ქუმურჩქილეთ ღორონთს" ("მოუსმინეთ ღმერთს") ჰქვია.

ჩვენ ხობის რაიონში მცხოვრებ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმესთან გასაუბრება ვცადეთ:

- ოდესმე ყველა მიხვდება, რა არის ჭეშმარიტი გზა, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი შეურაცხყოფის ატანა მოგვიწევს... არა უშავს, ამას გვასწავლის უფალი-ღმერთი და ჩვენც როგორმე ავიტანთ. მეგრულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურა რამდენიმე თვის წინ მოგვაწოდეს. უბრალოდ ახლა გავრცელდა ხალხში. ხალხს უარყოფითი ამბები სჭირდება, რომ ბოღმა ანთხიონ. რა არის იმაში ცუდი, თუ მეგრულ ენაზე გამოიცა, ადგილობრივი მოწმეები უკეთესად გაიგებენ აზრს.

- ადრე კარგად არ ესმოდათ?..

- რწმენა გულისხმით უფრო ესმის ადამიანს, ვიდრე ცალკეული სიტყვებით, მაგრამ როდესაც არის საშუალება, რატომაც არ უნდა ეთარგმნათ?.. აბა ის ჯობია, ახალგაზრდები მეგრულად სიტყვას რომ არ ამბობენ და ამ ენაზე საუბარი დაბალ დონედ მიაჩნიათ? ისედაც მტრებივით გვიყურებდნენ და ამ წიგნების შემდეგ, ლამის კედელი შემოგვაშენეს. კეთროვანებივით გვიყურებენ... ყველაფერში ნეგატივს რატომ ეძებს ხალხი, ცოტა მეტი სიკეთე და სიყვარული გვჭირდება. ამისთვის კი სწორი რწმენა აუცილებელია.

მეგრულ ენაზე სააგიტაციო წიგნის გამოცემის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ ხობში მცხოვრები მართლმადიდებლები.

რუსუდან ქირია, ხობის რაიონის მკვიდრი:

- თავს გაუვიდათ ამ ბოლო დროს. ლამის სახლებში გვივარდებიან. დაფინანსება აქვთ, რამდენიც უნდათ. ბევრი ოჯახი ვიცი, მამა ან შვილი იეღოველია და ოჯახის სხვა წევრს წამლისა და პურის ფულს არ აძლევენ. მეგრულ ენაზე ჟურნალების გამოცემას ორი საფუძველი აქვს, - პირველი: რაც შეიძლება მეტი ადმიანის მოზიდვა, - განსაკუთრებით პატარა ბავშვებსა და მოხუცებზე ნადირობენ. ათას რამეს ჰპირდებიან, ოღონდ კი ჩაითრიონ. ახლა მეგრულ ენაზეც გაავრცელეს, ესეც მეორე საფუძველი - ვითომ თავიანთი კუთხის პატრიოტები არიან და ენას უფრთხილდებიან. არადა, მათთვის ყველაზე მთავარია, ხალხი დააბრმავონ და დააყრუონ და ამას წარმატებით ართმევენ თავს... თავიდან კი ვხუმრობდით, მაგრამ ახლა საშიშ ფორმას იძენს უკვე ეს ყველაფერი და სახუმარო ნამდვილად არ არის. ძლივს რწმენისკენ შემობრუნდა ხალხი და ეკლესიში დაიწყო სიარული, ახლა კი ესენი ურევენ თავ-გზას...

მარიამ მაისურაძე (სპეციალურად საიტისთვის)