"ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო..." - როგორი იყო ედუარდ შევარდნაძის ბოლო დღეები (არქივიდან) - კვირის პალიტრა

"ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო..." - როგორი იყო ედუარდ შევარდნაძის ბოლო დღეები (არქივიდან)

"შევედი თუ არა მასთან, იმ წამს, თვიმფრინავს მეხი დაეცა.. რა თქმა უნდა, შემეშინდა. ისეთი ხმა იყო, აქეთ-იქით მიმოვიხედე, რა მოხდა-მეთქი. მას წარბიც არ შეუხრია, - ნუ გეშინიაო... "

საქართველოს მე-2 პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში,  გარდაიცვალა. მასზე ძალიან ბევრი რამ უკვე დაიწერა, კვლვაც დაიწერება როგორც საქართველოში, ასე მსოფლიოში. რა წვლილი მიუძღვის მას საქართველოსა და ქართველი საზოგადოების წინაშე, ამის ყველაზე კარგი მსაჯული ისტორია იქნება. გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელშიც ექსპრეზიდენტს მისი  უცხოელი და ქართველი მეგობრები და ახლობლები იხსენებენ:

"ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით და ეს მეგობრობა ბოლო დღემდე გრძელდებოდა. მისთვის და ჩემთვის ამ რთულ წლებშიც კი კონტაქტს ვინარჩუნებდით და თანადგომას ვუცხადებდით ერთმანეთს. შევარდნაძე მართლაც ნიჭიერი და არაორდინარული პიროვნება იყო, ნიჭიერი პოლიტიკოსი... მან უდიდესი როლი შეასრულა გერმანიის გაერთიანებაში, საერთოდ ევროპულ საქმეებში, ჩვენს ურთიერთობაში ჩინეთთან და ამერიკასთან დიალოგში", - განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ის ადამიანებს, ვინც ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში ადანაშაულებს, მიხეილ გორბაჩოვმა უპასუხა, რომ ამ ადამიანებმა, უბრალოდ, ისტორია უნდა იცოდნენ...

მარინა დავითაშვილი, ექსპრეზიდენტის თანაშემწე:

- ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის დღეს და მიუხედავად, იმისა, რომ ძალიან სუსტად იყო, ყველანი, დაცვის სამსახური, მომსახურე პერსონალი, ოჯახის წევრები თავისი საავტორო წიგნებით დაგვასაჩუქრა... ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ თარიღს მოესწრო.

კობა ნარჩემაშვილი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის შს მინისტრი:

- ეს იყო უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავის ქვეყნისა და ხალხის მოყვარული ადამიანი. ამის მიუხედავად, ძალიან უბრალო იყო ურთიერთობაში და თავისი ცნობილი ენამოსწრებულობითა და იუმორით, ყველანაირი უხერხულობის მოხსნას შეეცდებოდა, რაც ახალგაზრდობით ან გამოუცდელობით შეიძლებოდა დაგმართნოდა. ძალიან უყვარდა მოსმენა, არასდროს შეგაწყვეტინებდა და ბოლომდე მოგისმენდა. ჩემი აზრით, იდეალური ხელმძღვანელი იყო. როგორც აღვნიშნე, საოცრად კარგი იუმორი ჰქონდა და დროული ხუმრობა იცოდა.

2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და მუდმივად მირეკავდა, რა ხდება, კობა, როგორ თამაშია, ღირს ყურებაო?.. ამაზე ბევრს ვხუმრობდით, საერთოდ, ყველა თემაზე შეეძლო ხუმრობა.

- თავად რომელ გუნდს გულშემატკივრობდა?..

- ბრაზილიას. არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უყვარდა ეს გუნდი... ერთხელ, ახალი დანიშნული ვიყავი შს მინისტრად, თურქეთში ვიყავით ვიზიტით და იქიდან თვიმფრინავით ვბრუნდებოდით. სანამ თბილისის აეროპორტში დავჯდებოდით, დამიძახა და მთხოვა, - კობა, შემოდი, ჩემთან სალონში, რაღაცეებზე უნდა გესაუბროო. ცუდი ამინდი იყო. შევედი თუ არა მასთან, იმ წამს, თვიმფრინავს მეხი დაეცა. რა თქმა უნდა, შემეშინდა. ისეთი ხმა იყო, აქეთ-იქით მიმოვიხედე, რა მოხდა-მეთქი. მას წარბიც არ შეუხრია, - ნუ გეშინია, კობა, არაფერი მოგვივაო, მითხრა ღიმილით და მივხვდი, რომ მართლაც ძალიან გაბედული ადამიანი იყო.

- 2003 წლის აქციების დროს, ბევრი წავიდა მისგან, რას ამბობდა ამაზე?.. - ამ ყველაფერს ძალიან ჩუმად და უსაყვედუროდ იღებდა. ძნელი იყო გაგერკვია, რას ფიქრობდა, რადგან ამაზე ხმამაღლა თითქმის არასდროს საუბრობდა. მანამდე და მას შემდეგ, უამრავი პოლიტიკოსი ჰყოლია და ჰყავს საქართველოს, იმ რანგის დიპლომატი - მის გარდა, არავინ.

- თქვენ ერთადერთი ადამიანი იყავით, ვინც შევარდნაძის ხელისუფლების ბოლომდე ერთგული დარჩა. ბევრმა ეს მაშინ პოლიტიკურ სიბეცედ და ადამიანური სისუსტის გამოხატულებად შეაფასა...

- დიახ და ეს არასდროს, ერთი წუთითაც არ მინანია. ახლა რომ ვფიქრობ იმ დროზე, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი, რა გუნდიც მოდიოდა ქვეყნის სათავეში. მას შემდეგ, მე და ბატონი ედუარდი მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ, მაგრამ პოლიტიკა არც გვიხსენებია...

იხილეთ ასევე: შევარდნაძის სამი ცხოვრება

ლალი პაპასკირი