"ერთი უდანაშაულოც რომ დაიჭიროთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ" - ედუარდ შევარდნაძე ასლანზე, ჟვანიაზე, მიშაზე... (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ერთი უდანაშაულოც რომ დაიჭიროთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ" - ედუარდ შევარდნაძე ასლანზე, ჟვანიაზე, მიშაზე... (ექსკლუზივი)

"კვირის პალიტრა", 2004 წელი

ნოემბრის ბობოქარი დღეების ემოციამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ შევარდნაძის დაჯავშნულ სამყოფელში ვერ შეაღწია. საქართველოს გადამდგარი პრეზიდენტი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მშვიდად წერს მემუარებს და ხშირად მასპინძლობს ჟურნალისტებს (ძირითადად, უცხოელებს). პრეზიდენტი მაშინაც წერდა, როდესაც მის სამუშაო ოთახში შევედით. ედუარდ შევარდნაძე ძველებურად შემართული აღარ ჩანდა, თუმცა ვერც იმას იტყოდით, დარდს გაუტეხიაო. მშვიდი და ოდნავ მოღლილი იყო. მომცრო მაგიდასთან მიგვიწვია. მოვარაყებული ჭიქიდან საყვარელი მწვანე ჩაი ისევ მოსვა და კითხვაზე - როგორ ბრძანდებით, შინ ყოფნას როგორ ეგუებითო, ასე გვიპასუხა (ჩვენი ორსაათიანი დიალოგისთვის ხელი არავის შეუშლია. მხოლოდ ერთხელ "დაგვხედა" პრეზიდენტის სიძემ, გია ჯოხთაბერიძემ):

- ითქვა, სამთავრობო რეზიდენციის ნაწილის გაყიდვას აპირებენო. თქვენს სახლსაც ხომ არ ყიდიან?

- არ ვიცი და მაგას არც ვკითხულობ. ვიცი, რომ უბინაოდ არ დავრჩები.

- ამბობენ, ეს სახლი პრეზიდენტის ოჯახს აქვს პრივატიზებულიო.

- არა... აქ, კრწანისში არის ერთი სამთავრობო რეზიდენცია, რომელშიც ახლა მგონი მიშა ცხოვრობს. კი შეიძლება მისი გაყიდვა, მაგრამ დასანანია - სტუმრების (პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების) მისაღებად მშვენიერია.

***

90-იანი წლების დასაწყისში ყველაზე ცუდად ჩვენ მოვიქეცით. ყველა ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური პოტენციალი, მხოლოდ საქართველოში დაინგრა ყველაფერი. ქართველებმა თვითონ დაანგრიეს თავიანთი ქვეყანა...

***

ვერ მოვასწარი კორუფციასთან ბრძოლა, ვერ მოვასწარი. უპირველესად იმაზე ვიყავით მობილიზებული, რომ ქვეყანას სახელმწიფოს სახე მიეღო. რამდენიმე კორუმპირებული დავიჭირეთ კიდეც, მაგრამ ისეთი კამპანია არ გაგვიხორციელებია კორუფციის წინააღმდეგ, როგორიც საჭიროა. ყველას მოვუწოდებ, რომ ფრთხილად მოეკიდონ კორუფციასთან ბრძოლის საქმეს. ერთი უდანაშაულოც რომ დაიჭიროთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ.

-  ყოფილ სახელისუფლებო ბლოკში ეჭვობენ, რომ გარიგება არსებობდა თქვენსა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის.

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ნოემბრის მოვლენებს ზოგი ვარდების რევოლუციას უწოდებს, ზოგიც - ხავერდოვანს. სინამდვილეში ეს იყო პარლამენტში თავხედურად შემოჭრა და საკანონმდებლო ორგანოსა და კანცელარიის ძალით დაკავება. როდესაც დარბაზში სამოციოდე კაცი შემოიჭრა, იძულებული გავხდი პირად დაცვას დავმორჩილებოდი და შენობიდან გავსულიყავი. საღამოს, რეზიდენციაში დაბრუნების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე, ღამითაც არ მძინებია. ეს ბუნებრივიც იყო, ამხელა გამოცდის წინაშე ვიდექი. ვფიქრობდი, რომელი გზა ამერჩია - ძალისმიერი თუ მიმეცა ოპოზიციისთვის საშუალება მოსულიყო ხელისუფლებაში. მეორე დღეს ბატონი ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი მოვიდნენ რეზიდენციაში, მითხრეს - მდგომარეობა ურთულესია, ხომ არ განიხილავთ პრეზიდენტის გადადგომის საკითხსო. ვატყობდი, წვალობდნენ, იტანჯებოდნენ, როცა მათზე უფროს კაცს ამას მეუბნებოდნენ. განსაკუთრებით აღელვებული ზურაბ ჟვანია იყო. ვუთხარი - ტყუილად წვალობთ, წუხელ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადავდგები. ეტყობა, მოსახლეობის დიდ ნაწილს მოჰბეზრდა ასე ცხოვრება, გაჭირვება. აიღეთ ინიციატივა, ჩაატარეთ არჩევნები-მეთქი. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ვარდების იყო თუ კომბოსტოს, რევოლუცია იყო და მთავარი იყო, რომ პრეზიდენტი გადადგა. ჩემმა გადადგომამ განაპირობა ის მოვლენები, რაც შემდეგ მოხდა. ისტორიაში ეს ამბები ისე დარჩება, როგორც მე თქვენ გეუბნებით. კმაყოფილი ვარ, რომ გადავდექი.

ერთი კაცის სისხლიც რომ დაღვრილიყო, ეს ჩემთვის უმძიმესი ცოდვა იქნებოდა.

- ნათქვამია, გამჭრიახი პოლიტიკოსი დროულად ხვდება, როდის უნდა გაეცალოს ასპარეზსო. თქვენ ხომ არ დააგვიანეთ წასვლა?

- არ დამიგვიანია... ჩემი გადადგომა იძულებითი, მაგრამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგიც გამიკეთებია და არაერთი შეცდომაც დამიშვია. ყველაზე სწორი და სასიკეთო გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია, ჩემი მოულოდნელი გადადგომა იყო - მდგომარეობა ამან განმუხტა, მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა - სისხლის ღვრა ავიცილეთ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გადაწყვეტილებით სააკაშვილი და ჟვანია გახარებული დარჩნენ.

როდესაც აქ მიტინგები დაიწყო, სამჯერ მელაპარაკა პუტინი. ერთხელ შემომთავაზა, ივანოვს გამოვგზავნიო და უარი ვუთხარი. მეორედ თქვა, 4 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) პრეზიდენტები სოჭში შევიკრიბოთო, მერე კუჩმამ შემომთავაზა - დსთ-ის ქვეყნების შეკრებაზე განვიხილოთ საქართველოში შექმნილი პრობლემებიო. მასაც უარი ვუთხარი. ეს საქართველოს შინაპრობლემა იყო და ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა. ბეიკერი ჩემი უახლოესი მეგობარია, ამერიკის ადმინისტრაციამ სწორედ ამის გამო შეარჩია ის საქართველოში გამოსაგზავნად, იცოდნენ, სხვას არ მივიღებდი. ახლა ვფიქრობ, ისიც არ უნდა მიმეღო. ამერიკელების საქმე არ იყო ჩვენი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მოგვეგვარებინა არჩევნების საკითხი. ჩემი გადადგომის შემდეგ ტელეფონით ვისაუბრეთ 2-ჯერ და ვუთხარი ბეიკერს, შენი ჩამოსვლა შეცდომა იყო-მეთქი. შეწუხდა, სიგლახე არაფერი გამიკეთებიაო. მჯერა მისი, მაგრამ ზოგიერთმა ძალამ ბეიკერის ჩამოსვლა საკუთარ მხარდაჭერად აღიქვა. სხვა ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში.

- მემკვიდრეებზე - მიხეილ სააკაშვილზე, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიაზე რას იტყოდით?

- დრო გვიჩვენებს, როგორები იქნებიან. ყველაზე უკეთ ზურაბ ჟვანიას ვიცნობ. ჩვენ შორის იყო ერთხანს განხეთქილება, მაგრამ 7-8 წლის მანძილზე მას მივეცი უფლება, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ყოფილიყო, დამოუკიდებლად ემართა "მოქალაქეთა კავშირი". უმაღლესი ნდობა გამოვუცხადე, როდესაც ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა ჩავაბარე. მან კარგი სკოლა გაიარა. ძალიან ნიჭიერი კაცია. საოცრად სწრაფად ერკვევა ურთულეს პრობლემებში და კარგი ათვისების უნარი აქვს.

ნინოს ნაკლებად ვიცნობ. ერთად დიდხანს არ გვიმუშავია. ვიცი, რომ ოჯახის ქალია და ბევრისთვის მისაღები პიროვნება. შესაძლოა ისეთი უნარი აქვს, რაც გარეგნულად არ ჩანს. მიხეილ სააკაშვილსაც კარგა ხანია ვიცნობ. ვაკის მაჟორიტარობას რომ აპირებდა, მოსახლეობას ხელით ვაჩვენე - ეს არის თქვენი მომავალი დეპუტატი-მეთქი. მაშინ ჩემი სჯეროდათ. იმას არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩემი მინიშნების გამო აირჩიეს მიხეილი. კარგად იმუშავა, ხალხთან ურთიერთობა არ ეზარება.ინაუგურაციის შემდეგ მიშას ნაკლები დრო ექნება ხალხთან ურთიერთობისთვის. ენერგიული, მოძრავი კაცია, ამ ღირსებას ვერ წაართმევ, მაგრამ ხალხთან შეხვედრებისთვის ვეღარ მოიცლის. ბევრი საქმე გაუჩნდება, ხალხის შეცვლა თანამდებობებზე, კანონების შექმნა, პარლამენტში წარდგენა, იქ სიტყვით გამოსვლა...

- დღეს აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, როგორი პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი აბაშიძისა და ახალი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების ფონზე?

- ბოლოს, როდესაც აჭარაში ვიყავი, ყველაფერზე გამოვნახეთ საერთო ენა მე და ასლანმა. მერე მითხრა - ახლა სტადიონზე წავიდეთო. ამ წვიმაში იქ რა გვინდა-მეთქი, გავიკვირვე. იქ ხალხიაო. როცა რომელიმე გამომსვლელი იტყოდა - აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილიაო, - ტაშით ინგრეოდა ყველაფერი. არ არის აბაშიძე უმართავი კაცი და არც უგუნურ გადაწყვეტილებებს ველი მისგან. მე 22-ჯერ ვიყავი აჭარაში, ის აქ ერთხელაც არ ყოფილა. მაგრამ მე ხელისუფალი ვიყავი და სისხლხორცეულად მაინტერსებდა აჭარაში სიმშვიდე ყოფილიყო, ამიტომ ჩავდიოდი იქ. ახალმა ხელისუფალმაც უნდა დაანახვოს აჭარლებს, რომ მათი მდგომარეობა აღელვებს, აინტერესებს. აბაშიძე ხომ წამოვიდა კომპრომისზე, ე. ი. გააზრებულად უდგება ეს კაცი საკითხებს, ნორმალური ურთიერთობა უნდა ხელისუფლებასთან, ამიტომ თბილისიდანაც უნდა შეუწყონ ხელი. დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგია საჭირო აჭარასთან.

მარი ზანდუკელი