რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე (ექსკლუზივი)

"პირველი ძალის დემონსტრირება მაშინ მოვახდინე, როცა ნოდარ ნათაძეს ბორჯომი შევასხი სახეში"

"ედუარდს ასეთი თვისება ჰქონდა, თუ კაცზე კომპრომატი არ ჰქონდა, ბოლომდე ვერ ენდობოდა. ჟვანიაზეც ჰქონდა კომპრომატი"

"ჟვანიამ შეუთვალა კვირაიას პირით: ნახევარი ევროპა ცისფერია, მათ შორის პოლიტიკოსებიც და თუ ძალიან გაახურებთ, იოსკა ფიშერი ჩაერევა ამ ამბავში, ის დამიცავსო"

ცხოვრების საუკეთესო წლები ედუარდ შევარდნაძის გვერდით გაატარა. დიდ პოლიტიკაშიც ერთად მოვიდნენ და ერთადვე დატოვეს პილიტიკური ასპარეზი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შოუბიზნესშიც მოსინჯა ძალები, ვახტანგ რჩეულიშვილი თავს ისევ პოლიტიკურ ვარსკვლავად თვლის.

- ბატონო ვახტანგ, ცხოვრების თითქმის ნახევარი საქართველოს მეორე პრეზიდენტის გვერდით გაატარეთ, რა გახსენდებათ დღეს?

- 1994 წელს ვთქვი, რომ ჩემი პოლიტიკური იდეალი იყო ედუარდ შევარდნაძე და ახლაც ასე ვფიქრობ. 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა ედუარდი საქართველოში, მეუღლის, ნანულის დაბადების დღეს დაამთხვია სამშობლოში დაბრუნება. ამ დღეს არის დაბადებული ჩემი მეუღლეც.  პირველი ძალის დემონსტრირება მაშინ მოვახდინე, როცა ნოდარ ნათაძეს ბორჯომი შევასხი სახეში. მაშინ დაინახა ედუარდმა, რომ ეროვნულ მოძრაობას აღარ აქვს მონოპოლია სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებაზე და წესიერებაზე და ვერც ვერავის დაშინებას ვეღარ შეძლებენ. ამან, რასაკვირველია, მოხიბლა შევარდნაძე.

- მსგავს აფექტურ მდგომარეობაში თავად თუ გინახვათ ბატონი ედუარდი?

- გაბრაზებული მინახავს, ჯაბასთან დატაკებული. ეს ის პერიოდია, როცა ედუარდმა გამოაცხადა, გადავდგებიო. ჯაბა მოვიდა, რას შვებიო, შეუტია. ჯაბა ვაჟკაცი კაცი იყო, მიმწოლი. ედუარდი გაექაჩა ტრიბუნიდან, შენ რომ ტელეფონი დამიკიდეო?! როგორც ჩანს ეს ამბავი ოდესღაც ყოფილა, ედუარდს ჩარჩენილი ჰქონდა და წამოაძახა, ვინ არის ჯაბა, მე რომ ტელეფონი გამითიშოსო, იფიქრა. გაგიჟდა ჯაბა, ნახე რას მეუბნებაო. ედუარდს ჰქონდა კაცური მომენტები. მე რომ მკითხოთ, ერთ-ერთი ვაჟკაცი კაცი იყო, ვინც ცხოვრებაში მინახავს. ამაში ედუარდი სამაგალითო იყო ჩემთვის.

- მას მერე, რაც პოლიტიკიდან წავიდა, ალბათ, ხშირად სტუმრობდით რეზიდენციაში, როგორ უყურებდა ახალ მთავრობას?

- ძალიან ცუდად, თუმცა განჭვრეტის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ხშირად თავს იკავებდა, ღიად არავის წინააღმდეგ არ გამოდიოდა. სანამ თავზე არ დაამხეს ყველაფერი და გადადგომა არ მოსთხოვეს, ხმა არ ამოუღია.

- ბიძინა ივანიშვილზე რას ფიქრობდა?

- ივანიშვილი ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შევარდნაძის კაბინეტში. მოკლედ, ვიღაც კაცი ჰყავს კაბინეტში მიღებაზე, მე გარეთ ვუცდი. სულ სამი შემთხვევა მახსენდება ასეთი, ედუარდს სტუმარი კაბინეტიდან რომ გამოეცილებინოს. ერთხელ ვოლსკი გამოაცილა, მეორედ პრიმაკოვი და მესამედ ეს კაცი, რომელიც ვერც ვიცანი. ქართულად დაემშვიდობა. 2002 წელია. მაშინ ბიძინას ფოტოებიც არ არსებობდა. გამაცნო, ეს ბიძინა ივანიშვილიაო. ბატონ ვახტანგს როგორ არ ვიცნობ, მხარსაც ვუჭერო, თქვა ბიძინამ. ჰოდა, აბა თუ მხარს უჭერ, პარტიის დაფინანსებასაც მიხედე-მეთქი, გავთამამდი. ამან მითხრასო, ედუარდისკენ მიმითითა ღიმილით. მის მერე აღარც მინახავს ბიძინა.

- ბოლოს როდის ნახეთ ბატონი ედუარდი?

- რამოდენიმე თვის წინ. მაია უფრო ემეგობრებოდა ედუარდს. მე პატარ-პატარა უთანხმოებები მაინც მქონდა მასთან. ედუარდს ერთი ასეთი თვისება ჰქონდა, თუ კაცზე კომპრომატი არ ჰქონდა, ბოლომდე ვერ ენდობოდა. ყველაზე ჰქონდა კომპრომატი, იცოდა ვინ რითი სუნთქავდა. "კაგებეს" უფროსი, გიორგაძე ამარაგებდა კომპრომატებით. ჟვანიაზეც ჰქონდა ედუარდს კომპრომატი, თუმცა ამ კომპრომატს ჟვანია კომპრომატად არ მიიჩნევდა. ნახევარი ევროპა ცისფერია, მათ შორის პოლიტიკოსებიც და თუ ძალიან გაახურებთ, ჩემი მეგობარი ევროპიდან, იოსკა ფიშერი ჩაერევა ამ ამბავში, ის დამიცავსო. ეს შეუთვალა ედუარდს შოთა კვირაიას პირით... გასახსენებელი ბევრია მართლაც.

ნინო მჭედლიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)