"ეს იყო კლასიკური მიბჯენა, ლულის ანაბეჭდი პირდაპირ არის კანზე აღბეჭდილი" - კვირის პალიტრა

"ეს იყო კლასიკური მიბჯენა, ლულის ანაბეჭდი პირდაპირ არის კანზე აღბეჭდილი"

ექსპერტის დასკვნა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე

"კანზე პირდაპირ ხატია ლულის კვალი თავისი ზომებით... ამდენი წელია, ექსპერტი ვარ და ასეთი კარგად გამოხატული ანაბეჭდი ჩემს პრაქტიკაში არასოდეს მინახავს, მეტიც, წიგნებშიც კი არ შემხვედრია. ზომებიც კი გაირჩევა, ისეთი ანაბეჭდია"

გუშინ, რუსთავი2-ის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილს, გუშინვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ჩვენ დავუკავშირდით ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც მონაწილეობდა ექსპერტიზის ჩატარებაში და კომენტარი ვთხოვეთ:

- სროლა ნაწარმოები იყო მიბჯენით, მარჯვენა საფეთქლის მიდამოში. იყო ერთი გამჭოლი დაზიანება. ეს იყო კლასიკური მიბჯენა, ლულის ანაბეჭდი პირდაპირ არის კანზე აღბეჭდილი, შეიძლება ითქვას, კანზე პირდაპირ ხატია ლულის კვალი თავისი ზომებით. ეს მიბჯენა საკუთარი ხელით მოხდა თუ სხვისი ხელით, ამას უკვე ჩვენ ვეღარ ვამბობთ. ეს სასამართლოს სამედიცინო ექსპერტების საქმე აღარაა, ეს უკვე გამოიძიების საქმეა.

- როდესაც სხვისი ხელით ხდება მიბჯენა, ალბათ, ამას წინააღმდეგობის გაწევა უნდა უძღოდეს წინ და ამ დროს ცოტა რთული არაა კლასიკური მიბჯენა?

- გეთანხმებით, ეს მართლაც შესაძლებელია. ეროსი კიწმარიშვილს სხეულზე არ აღენიშნება აბსოლუტურად არავითარი დაზიანება. მხოლოდ 2 მილიმეტრიანი ნაჭდევია ხელზე, რაც არანაირად არ შეიძლება რამეს უკავშირდებოდეს, არც წინააღმდეგობის გაწევას და არც სხვა რამეს. ეს უბრალო ნაჭდევია, რომელიც ექსპრტიზას აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა და მხოლოდ იმიტომ მივაქციეთ ყურადღება. თუ წინააღმდეგობის გაწევა იქნებოდა, მაშინ სხვა დაზიანებაც უნდა იყოს სხეულზე და ორ მილიმეტრიან ნაჭდევს, ძალადობის კვალს ვერანაირად ვერ დავარქმევთ.

- თუ გქონიათ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება კლასიკური მიბჯენა, მაგრამ არაა თვითმკვლელობა?

- ნამდვილად ვერ ვიხსენებ ასეთ შემთხვევას. ისეთი მიბჯენა, რაც აქ იყო აღბეჭდილი, სასამართლო მედიცინის ატლასებშიც კი არ მინახავს. საფეთქელზე პირდაპირაა ლულის ანაბეჭდი. ამდენი წელია, ექსპერტი ვარ და ასეთი კარგად გამოხატული ანაბეჭდი ჩემს პრაქტიკაში არასოდეს მინახავს, მეტიც, წიგნებშიც კი არ შემხვედრია. ზომებიც კი გაირჩევა, ისეთი ანაბეჭდია.

- იარაღზე თუ იყო ანაბეჭდი?

- ეს დეტალები მე არ ვიცი. ეს უკვე კრიმინალისტების საქმეა და არა სამედიცინო ექსპერტების.

- გარდაცვალება მაშინვე დადგა?

- ჩემი პასუხით წინ ვასწრებ მოვლენებს, მაგრამ გეტყვით, რომ პრაქტიკულად მაშინვე მოხდა გარდაცვალება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)