ალეკო ელისაშვილი: "ჯაბა სამუშიას საერთოდ რა ალაპარაკებს? 250 პარტია აქვს გამოცვლილი" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "ჯაბა სამუშიას საერთოდ რა ალაპარაკებს? 250 პარტია აქვს გამოცვლილი"

"სამუშიას ურჩევნია, საერთოდ გაჩუმდეს. "ქართულ ოცნებას" ვურჩევ, ამ დისკრედიტირებული პოლიტიკოსის სახეს ნუ წარმოარჩენენ... ყველამ იცის, მილიონერი პრემიებით რომ გახდა"

"კოპენჰაგენის მერი ველოსიპედით დადის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მერები მეტროთი დადიოდნენ და ვისზე ნაკლებები არიან?.."

" ბინა ბანკის კრედიტით მაქვს აღებული და 12 წელი კიდევ უნდა ვიხადო. 36 წლის კაცი, მამაჩემს 5 ლარს ვთხოვ ხოლმე"

ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, საკრებულოს წევრებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემცირებაზე, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ელისაშვილის შეთავაზება არც საკრებულოს დეპუტატებს მოეწონათ...

საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია კატეგორიული წინააღმდეგია, სამსახურეობრივი ავტომობილით თანამდებობის პირის ოჯახის წევრები სარგებლობდნენ, ან ის პირადი მოხმარებისთვის გამოიყენებოდეს, თუმცა ალტერნატიულ ტრანსპორტზე, მათ შორის, ველოსიპედზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია.

ალეკო ელისაშვილის თქმით,

- შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ადამიანები თანამდებობაზე რომ ინიშნებოდნენ, მილიონერები ხდებოდნენ, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი დარჩა, ზოგმა აქ ააწყო ბიზნესი, რომელიც ვიღაცეებს წაართვეს, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც მშვენივრად შერჩათ... ერთი სიტყვით, თანმდებობაზე დანიშვნა, აშენების ტოლფასი იყო. შემდეგ, სააკაშვილის დროს, ქვედა და საშუალო რგოლში კი მოისპო კორუფცია, მაგრამ დავით კეზერაშვილი გამოხეული წინდებით მივიდა და მულტიმილიონერი გახდა. ქერის ორმოში ჩავარდნენ გივი თარგამაძე, გიგი უგულავა და სხვები... ამასობაში, ქვეყანა ღატაკი რჩებოდა და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო ვართ, არაადამიანურად დაბალი პენსიებით და ყოველთვიური შემოსავლით. ასე მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თანამდებობაზე მოსული ადამიანები ცხოვრებას იწყობენ და ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებულნი. ამის პრევენციას ემსახურება იდეა, რომელიც წამოვაყენე. როგორც კი საკრებულოში მივალ, პირველი ამ საკითხს დავაყენებ, რომ ჩინოვნიკებს ავტომობილები არ უნდა ემსახურებოდნენ-მეთქი. მათთვის ეს ტვირთი უნდა იყოს და არა ცხოვრების აწყობა. საკრებულოს თანამშრომლებს არ სჭირდებათ მანქანები, მათ საკრებულოში მოიყვანენ, სხედან მერე აქ და ეს სამსახურეობრივი ავტომობილები მთელი დღე მათი ოჯახის წევრებს დაატარებენ აქეთ-იქით.

- თქვენ იდეას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა... დაიწყეს მსჯელობა და კამათი, რატომ და რას ემსახურება ეს იდეა.

- კოპენჰაგენის მერი ველოსიპედით დადის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მერები მეტროთი დადიოდნენ და ვისზე ნაკლებები არიან?.. ჯაბა სამუშიას საერთოდ რა ალაპარაკებს, ჰკითხოთ იქნებ?.. ჰგონია, არავის ახსოვს ან არ ვიცით, შიხიაშვილის დროს ყველაზე მეტი პრემია რომ ჰქონდა აღებული?.. აგვიხსნას ერთი, რა დამსახურებისთვის დაარბენინებდა იმ მანქანას აქეთ-იქით. 250 პარტია აქვს გამოცვლილი, თბილი ბუნაგის ძებნისა და იმის მიხედვით, მთავრობასთან რომელია ყველაზე ახლოს. ურჩევნია, საერთოდ გაჩუმდეს. "ქართულ ოცნებას" ვურჩევ, ჯაბა სამუშიას, ამ დისკრედიტირებული პოლიტიკოსის სახეს ნუ წარმოაჩენენ. ყველამ იცის, მილიონერი პრემიებით რომ გახდა.

- თუმცა, გვახსოვს, რომ მაღალჩინოსნებს ამის გამო თავადაც აკრიტიკებდა...

- ასეა, მაგრამ ნახეთ შარშან ყველზე მეტი პრემია ვის აქვს აღებული და ერთი საქმე მითხარით, რაც მან გააკეთა და ალალი იყოს ეს თანხა მასზე და უსაყვედურო... განვითარებულ ქვეყნებში ქალაქის მერები საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიან, მაგრამ ქართველ გაბღენძილებს როგორ ეკადრებათ. ეს უცხოელი მაღალჩინოსნების მხრიდან კეთილი ნებაა და ჩვენი მხრიდან სავალდებულო უნდა იყოს. თქვენ გგონიათ, პრემია ან მანქანა მაწყენს?..

ბინა ბანკის კრედიტით მაქვს აღებული და 12 წელი კიდევ უნდა ვიხადო. არჩევნების მერე, არც შეწყალების კომისიაში ვარ, არც "კავკასიაში" და 36 წლის კაცი, მამაჩემს 5 ლარს ვთხოვ ხოლმე. მეგობრებიც ძალიან მეხმარებიან. რა ჰგონია ჯაბა სამუშიას, მასზე ნაკლებად მიყვარს ქეიფი თუ მასზე ნაკლებად მერგება კარგი ცხოვრება და საჭმელ-სასმელი?

- ალეკო, თქვენმა ინიციატივამ ბევრს ჯერ მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილის თავდაპირველი ინიციატივა გაახსენა, კანცელარიაში მეტროთი და ტაქსით რომ მივიდნენ...

- მადლობა შედარებისთვის, მაგრამ მიშა მეტროთი კამერების თანდასწრებით დადიოდა და მე ახლაც მეტროთი დავდივარ. ხომ გახსოვთ ჩვენი ახლანდელი საუბარი, ორი წლის შემდეგაც გავიხსენოთ ეს სიტყვები და მე გპირდებით, რომ ამ მხრივ არაფერი იქნება შეცვლილი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)