"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული..." (ექსკლუზივი)

"მთელი ღამე დავცქეროდი მალაიზიური ბოინგის აფეთქების შედეგად დაღუპული ჩვილის შემზარავ ფოტოს და ვფიქრობდი, - ღმერთო, რა გაუხდა მსოფლიოს ამ კრემლში დაბუდებული თეთრთვალება არსებების გასრესა" - ამბობს ჩვენთან საუბარში კიეველი ივანა გორბატიუკი, რუსეთის საზღვარზე ჩამოგდებულ ავიალაინერთან დაკავშირებით...

- სეპარატისტებს უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ეგონათ და იმიტომ ესროლეს. ეს რომ ასეა, მთელმა მსოფლიომ იცის, მათ შორის, ამერიკამ და ევროპამაც და თავს თუ მოიკატუნებენ, ერთ მშვენიერ დღეს ეს რაკეტით შეიარაღებული ავადმყოფები მათაც დაბომბავენ. ეს კატასტროფა არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. სანამ კიდევ დროა, აგრესორი თუ არ შეაჩერეს, მერე უკვე გვიანი იქნება... გაოგნებული ვკითხულობდი, ჩემი რუსი ნაცნობებისა და მეგობრების კომენტარებს. ერთ-ერთმა დაწერა, დროა, უკრაინას საბოლოო პასუხი გაეცესო... და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იმ ჭაობში ყოფნა არ გვინდა, რასაც დღევანდელი რუსეთი ჰქვია!.. ისინი თავიანთ ფიურერს ამართლებენ და უკრაინისკენ იშვერენ ხელს. ცოტა ხნის წინ, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე მახინჯი აზროვნება ჰქონდათ. შოკში ვარ...

- თუ იცით რას ჰყვებიან იმ რაიონის მცხოვრებლები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა?..

- დიახ, თითქმის მუდმივი ურთიერთობა მაქვს ყველა იმ რაიონის მკვიდრთან... გრაბოვოელი ახალგაზრდა ჰყვებოდა, რომ აფეთქების შემდეგ, ორად გაყოფილი თვითმფრინავი დაინახა, ეტყობა, დარტყმის ძალამ, ავიალაინერი შუაზე გადატეხა. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგელიჯილი ბავშვის სხეული... ბოდიშს ვუხდი ქართველ მკითხველს, რომ ასეთ საშინელ დეტალებზე ვსაუბრობ, თქვენ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა...

ინტერნეტში დევს ვიდეოები, როგორ ზეიმობენ რუსეთის უბრალო, ჩვეულებრივი მოქალეები. კიდევ უფრო გაოგნებული დავრჩი მათი კომენტარებით, მას შემდეგაც, რაც დაღუპულთა ნაფლეთებად ქცეული სხეულების ფოტოები გავრცელდა. ასევე გავრცელდა კომენტარები, სადაც რუსები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - როგორ არ გრცხვენიათ, დაღუპულთა ცხედრებს რომ ძარცვავდითო. მე წლების განმავლობაში მათ გვერდით, მათ გარემოცვაში ვცხოვრობდი, ყოფილი სამხედრო ვარ, კუბაში ვმსახურობდი და აქამდე მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი მათ; მაგრამ რასაც ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვკითხულობ, ვნახულობ და ვისმენ, შოკში ჩამაგდო. რუსული და ევროპული საზოგადოებისგან ასეთმა "მიმტევებლურმა" დამოკიდებულებამ გახადა პუტინის ხელისუფლება ასეთი ბრმა და ყრუ, ისინი ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. თუ დროული საერთაშორისო რეაგირება არ იქნება, პუტინს ეს დანაშაულიც შერჩება, როგორც ეს პოლონეთის ხელისუფლების შემთხვევაში მოხდა...

ბოლო ფაქტმა დამარწმუნა, რომ არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ რუსი საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც ტერორიზმი მიუღებელია და ისინი სრულ უმცირესობაში არიან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)