"ეკლესიაში ხშირად გამიგია, რომ ვიღაცეები გვაგინებდნენ თქვე სომხებო, თქვენი ასე და ისეო" - იური მეჩითოვი ეჩმიაძინზე თავდასხმას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ეკლესიაში ხშირად გამიგია, რომ ვიღაცეები გვაგინებდნენ თქვე სომხებო, თქვენი ასე და ისეო" - იური მეჩითოვი ეჩმიაძინზე თავდასხმას ეხმაურება

"ამით საერთოდ დასრულდება საქართველოს ისტორია, დავასრულებთ არსებობას, როგორც განათლებული ერი"

"რისთვის გვყავს პრეზიდენტი?! მაშინვე უნდა გამოსულიყო, გაეკეთებინა განცხადება და ეს ფაქტი დაეგმო"

19 ივლისის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიას თავს 50ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა. არის თუ არა ეს გამიზნული პროვოკაცია და მოახდენს თუ არა ეს ფაქტი გავლენას ორი ერის მომავალ ურთიერთობაზე, კომენტარი ფოტოხელოვან იური მეჩითოვს ვთხოვეთ:

- ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი. მე ვერ გავიგე, რისთვის გვყავს პრეზიდენტი?! მაშინვე უნდა გამოსულიყო, გაეკეთებინა განცხადება და ეს ფაქტი დაეგმო. ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია, და თუ დროზე არ მოხდა რეაგირება, მივიღებთ ცუდ შედეგს. მე პირადად დიდად მორწუნე არა ვარ, მაგრამ როდესაც შევსულვარ ეკლესიაში, ხშირად გამიგია, რომ ვიღაცეები გვაგინებდნენ, თქვე სომხებო, თქვენი ასე და ისეო. ეს ჩვენი არმენოფობიის შედეგია, რომელიც მეტ-ნაკლებად, მაგრამ ერში არსებობს.

- თუ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო, ვის ინტერესში იქნებოდა ამის განხორციელება?

- ერთ-ერთი პირველი, ვინც შეიძლება ამით იხეიროს, არის მოშორებული ხელისუფლება, რომელიც ნანობს ძალაუფლების დაკარგვას და არ მალავს, რომ უკან უნდა დაბრუნება. კიდევ სხვა ჯგუფებიც არიან, ვისაც დესტაბილიზაცია აწყობთ. ასეთი დაპირისპირების მოწყობა უნდოდათ აზერბაიჯანულ თემშიც, რომელსაც ისეთივე სიმწვავით გამოვეხმაურებოდი, როგორც ახლა. ჩვენი უდიდესი ღირებულება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, არის - ოღონდ კარგი ადამიანი იყავი და სადაც გინდა, იქ ილოცე და ახლა უკვე ამ ღირებულებას ემუქრება საფრთხე. თუ ამას დავარღვევთ, დავარღვევთ ჩვენი არსებობის საფუძველს და არსებობას დავასრულებთ, როგორც განათლებული ერი. ამით საერთოდ დასრულდება საქართველოს ისტორია. ჩვენ კი რატომღაც ნებსით თუ უნებლიეთ აქეთ მივდივართ.

- როგორ ფიქრობთ საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება?

- რადგან საპატრიარქო ბოლო დროს პოლიტიკური განცხადებებით არის დაკავებული (ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან ეკლესია არის საზოგადოების ნაწილი და ვინც პოლიტიკით არ ინტერესდება, ნიშნავს, რომ ცხოვრებით არ ინტერესდება და თუ საპატრიარქომ არ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობს საკუთარი საზოგადოების მოძღვრობაზე) და აუცილებლად უნდა გააკეთოს ამ ფაქტზეც განცხადება. ასევე უნდა გააკეთოს განცხადება ომბუდსმენმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვებმა.

-თუ გაქვთ იმედი, რომ მოხდება გამოძიება?

- სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს ფაქტი გამოიძიოს. თუ მე ვარ ვალდებული, გადავიხადო გადასახადები, სახელმწიფოც ვალდებულია დამიცვას და თუ ვინმე კანონს დააღვევს, კანონდამრღვევი შესაბამისად დასაჯოს. აბა რისთვისაა სახელმწიფო?! სახელმწიფოს ფუნქცია მხოლოდ ძვირადღირებული მანქანებით სიარული ხომ არაა?!

- ეს ფაქტი ორი ერის ურთიერთობას ხელს ხომ არ შეუშლის?

- არა ეს მოვლენა ხელს არ შეუშლის, მაგრამ შესაძლოა, დიდხანს აქანაონ ნავი, ბევრი ნახვრეტი გააკეთონ და ნავი ჩაძირონ. ეს მოვლენაც ერთი ნახვრეტია. ამ ფაქტის წაყრუება დანაშაულია, რომელმაც შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)