"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!" - კვირის პალიტრა

"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"

"მტკვრის "დასაბლოკი" წყალსაცავების მშენებლობაზე უკვე ტენდერიც გამოცხადებულია"

"ახალციხის რაიონში დაახლოებით 60%-ით შემცირდება მტკვარში წყლის რაოდენობა, ბორჯომში 40%-ით, თბილისში 16%-დან 20%-მდე"

"არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა, შესაძლოა გავრცელდეს ინფექციური დაავადებებიც"

ცოტა ხნის წინ "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ სკანდალური განცახდება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი მდინარე მტკვრის სათავეზე "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადების მშენებლობას გეგმავს. გაჩეჩილაძის განცხადებით, თუ ეს პროექტი განხორციელდა, შესაძლოა, საქართველოში მტკვრის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ჩვენ დავუკავშირდით მას და უფრო დეტალურად ვთხოვეთ ამ თემის განხილვა.

გია გაჩეჩილაძე:

- ეს აბსოლუტურად რეალურია. სხვათაშორის, ეს ახალი პრობლემა არაა, ჯერ კიდევ 2012 წელს გვქონდა ამაზე კონფერენცია, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა და ამაში დიდი როლი ითამაშა არდაგანის ოლქის დეპუტატმა, რომელმაც დიდი ამბავი ატეხა თურქეთის პარლამენტში და მშენებლობა შეაჩერებინა. ახლა ეს პროცესი თავიდან დაიწყო, მშენებლობაზე უკვე ტენდერიც გამოცხადებულია.

- კონკრეტულად რისი აშენება მოხდება?

- მტკვრის სათავეებში, თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება ჰიდროსადგურების კასკადი. ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და გადაგდებული იქნება მდ. ჭოროხის კალაპოტში, იქ მშენებარე მდ. ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - "კილიჩისა" და "ისპირის" შესავსებად, საიდანაც მდინარე მტკვრის წყალი, მდინარე ჭოროხის საშუალებით არა კასპიის ზღვაში, არამედ შავ ზღვაში მოხვდება ასე რომ, თუ ეს პროექტი განხორციელდა, ბუნებრივია, რომ მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!

- დაახლოებით რა რაოდენობით მოიკლებს წყლის მასა საქართველოს ტერიტორიაზე?

- ეს არ ნიშნავს, რომ მტკვარი სრულად დაშრება, თუმცა წყლის უდიდესი დეფიციტი შეიქმნება. მაგ. ახალციხის რაიონში დაახლოებით 60%-ით შემცირდება მტკვარში წყლის რაოდენობა, ბორჯომში 40%-ით, თბილისში 16%-დან 20%-მდე. წარმოიდგინეთ, ზაფხულის პერიოდში რა მოხდება თბილისში, რადგან ეს წყალი არ იქნება საკმარისი იმისათვის რომ იმ საკანალიზაციო წყლების, რომელიც მტკვარში ჩადის, გაუნებელყოფა მოახდინოს. მტკვართან ახლაც საშინელი სუნია, ანუ არსებული წყლის რაოდენობაც ვერ ერევა და თუ 20%-ით მოიკლო, ქალაქში გაჩერება შეუძლებელი იქნება.

- ანუ შესაძლოა, სერიოზული ეკოკატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ?

- არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა, შესაძლოა გავრცელდეს ინფექციური დაავადებებიც. ეს უდიდესი ზარალი იქნება ეკონომიური თვალსაზრისითაც. აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მტკვრის წყლით ირწყვება.

- თუ არსებობს საერთაშორისო აკრძალვა სასაზღვრო მდინარეებთან მიმართებაში?

- საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ არ ვართYშეერთებული გაეროს ტრანსსასაზღვრო მდინარეების კონვენციას, ასევე არაა ამ კონვენციას მიერთებული თურქეთი. სხვათაშორის თურქეთს მსგავსი პრობლემები ჰქონდა სხვა მეზობლებთანაც და ამის გამო დიდი დაძაბულობა იყო, თითქმის საომარ კონფლიქტამდე მივიდა საქმე. თურქეთმა, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და არ დაგვღუპოს. მტკვარი არის ამიერკავკასიის წყლის რესურსის 30%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს 85% და წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბებზეა ლაპარაკი. დამერწმუნეთ, თუ ეს განხორციელდა, შესაძლოა ქვეყანაში დიდი უბედურება მოხდეს.

- თურქი ეკოლოგები თუ ეწინააღმდეგებიან ამ მშნებელობას?

- ისინი თავის სათქმელს ამბობენ, უნდა ნახოთ, რამხელა აქციებს ატარებენ, ჩამოვიდნენ და გვთხოვეს ჩვენც ამოვდგომოდით გვერდში, თუმცა რეალურად ისინი უფრო გვიდგანან გვერდში, რადგან ეს უფრო მეტად ჩვენი პრობლემაა. ამ მშენებლობის გამო აუცილებლად გაფუჭდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაც. წყლის კონფლიქტები საშინელი რამაა და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო დროულად მიხედავს ამ პრობლემას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)