მამსუროვი: "სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების საკითხზე არავითარი რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება არ არსებობს!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მამსუროვი: "სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების საკითხზე არავითარი რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება არ არსებობს!" (ექსკლუზივი)

"რეფერენდუმის შედეგები წინასწარვე ვიცით... გაერთიანება - ეს ისტორიული, გარდაუვალი პროცესია"

"ოსები ძველი, ძლევამოსილი რუსეთის ნაწილი არიან (!)”

ბოლო ხანებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი ინტენსიური განხილვის საგანი გახდა. დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს კომიტეტებისა და მუდმივმოქმედი კომისიების ჩამოყალიბება. ამავდროულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატები აგიტაციას უწევენ ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებასაც და ამას ”ისტორიული სამართლიანობის” აღდგენად მოიხსენიებენ.

რამდენად რეალურია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება, ან ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ამაზე ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს თეიმურაზ მამსუროვს ვესაუბრეთ:

- ოსი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების თემაზე. მათი თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში ერთი ერი ცხოვრობს, უბრალოდ, ტერიტორია შუაზეა გაყოფილი. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ თქვენ ასეთი გაერთიანება?

- გაერთიანება - ეს ისტორიული, გარდაუვალი პროცესია. თუმცა, აქ საქმე სხვა რამეშია: სამხრეთ ოსეთი, რომელსაც თქვენ ე.წ. –ად მოიხსიენებთ, უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთი პირდაპირ და დაუფარავად ეხმარება, აშენებს, აღადგენს. ერთი სიტყვით, ცდილობს, საქართველოს მხრიდან ბოლო 20-წლიანი ბლოკადის, იზოლაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დატოვებული კვალი წაშალოს. თავის მხრივ, ეს სახელმწიფო ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა სრულფასოვანი გახდეს. ასე რომ, ახლა პროცესების დაჩქარება არ ღირს. მით უფრო, რომ ჩვენს შორის ურთიერთობის არავითარი ბარიერი არ არსებობს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის ისედაც თავისუფალი ურთიერთობაა. ამიტომაც, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად დროისა და თანხების ხარჯვა უაზრობად მიმაჩნია, მით უფრო, რომ რეფერენდუმის შედეგები წინასწარვე ვიცით. რაც შეეხება, რუსეთთან შეერთებას, ჩემი აზრით, რუსეთისთვის ამ კითხვის დასმას, მიიერთებდით თუ არა სამხრეთ ოსეთს, არავითარი აზრი არ აქვს. არსებობს ისტორიულად გარდაუვალი პროცესები, რომლის მიხედვითაც, ზოგჯერ უნიკალური შესაძლებლობები იქმნება, როგორიცაა სახელმწიფოებრიობა, რომლის გამოც როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთის პოლიტიკოსები მზად არიან საკუთარი ძალები, გამოცდილება, ავტორიტეტი, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი გასწირონ.

- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ოსი ხალხის განვითარება თვითმყოფადობის შენარჩუნებით რუსეთის სახელმწიფოს გავლენის ქვეშ?.. ხომ არ ემუქრებათ მათ ასიმილაცია, ან სხვა ხალხებში ათქვეფა...

- ოსები, როგორც სხვა დანარჩენი ხალხები, რომლებიც გაერთიანებული არიან რუსი ხალხის გარშემო, ზუსტად იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ ასიმილაცის, ათქვეფისა და გაქრობის საფრთხე. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის შემადგენლობაშიც არც ერთი მცირე ერი არ გამქრალა. რაც შეეხებათ ოსებს, - ისინი ძველი, ძლევამოსილი რუსეთის ნაწილი არიან (!).

- ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სახიფათოდ მიაჩნია. როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება?.

- საქმე ის არის, რომ რუსეთთან თქვენს მიერ ურთიერთობის მოგვარება სკეპტიკურად გამოიყურება. თუმცა, როგორც თავად რუსეთი, ისე სამხრეთ ოსეთი მიესალმება ყველას, ვინც რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს. მაგრამ ცხადია, რომ ისტორიული ტრავმები, რომელიც განსაკუთრებით ბევრია ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, ასე სწრაფად, რამდენიმე წელიწადში არ რჩება.

- შესაძლოა, საქართველომ სექტემბერში ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმა მიიღოს. ამას კი წინ უძღოდა ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ხელმოწერა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ”მზად ვართ, გავუზიაროთ ასოცირების შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობები და სარგებელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქესო”. როგორ ფიქრობთ, რომ არა რუსეთის ფაქტორი, როგორ აისახებოდა ეს მიმართვა ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე?..

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, - გახდება საქართველო ნატოს წევრი თუ არ გახდება, ეს თქვენი ქვეყნის, ხალხისა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენგან ათ კილომეტრში ნატოს წევრი ქვეყანა ჩვენ, რუსეთს კარგს არაფერს გვიქადის და დარწმუნებული ვარ, ვერც საქართველო იხეირებს ამით. ასე რომ, ამ ეტაპზე, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის, როგორც სახელმწიფოს გამაგრების საკითხი, ვგულისხმობ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების დაცვას, რაც თავისთავად, საზღვარზეც უნდა აისახოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)